პოლიტიკა

უტილიზაციის მოედანი

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 27.03, 2023 წელი

უტილიზაციის მოედანი
დაკოპირებულია

ანუ საოცნებო როლი...

რაკი (მიწევს გამეორება), ყველაზე მეტს არჩევნების წინ, ომის დროს და ნადირობის შემდეგ იტყუებიან, დანამდვილებით არაფერი ვიცით, ბოლოს და ბოლოს, როგორი ობიექტური ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომში (თუმცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები რომ საქართველოს დამუნათებისთვის იცლიან, ეს უფრო ცუდის ნიშანი მგონია უკრაინისთვის, ვიდრე კარგის), მაგრამ, ვინაიდან ვიცით, რომ გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა, სხვა კუთხიდან შევეცადოთ, გავარკვიოთ, რა შეიძლება, ხდებოდეს.

ხდება კი ის, რომ, თეთრი სახლის განცხადებით, ჯერ ერთი, „რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია არ მიგვაჩნია გარდაუვალად, რადგან ამისთვის მიზეზები არ არსებობს“ და, მეორეც – „აშშ-ს რუსეთთან შენარჩუნებული აქვს საკომუნიკაციო საშუალებები სირიასა და ევროპაში კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.“ და აქვე შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში ბლინკენმა და ლავროვმა მაღალი დონის შეხვედრაც ჩაატარეს, ოღონდ რაზე ისაუბრეს, უცნობია.

უფრო მეტიც, თუმცა ვიცოდით, მაგრამ American Thinker-მაც გაგვიმხილა: „უკრაინაში იარაღის მიწოდება საშუალებას აძლევს აშშ-ს ეკონომია გააკეთოს ამ იარაღის უტილიზაციაზე.“

და აქვე გაგახსენებთ, რომ ერთ ხანს საქართველოში შემოდიოდა მედიკამენტები, რომლებსაც ვადა 6 თვეში გასდიოდა, ვინაიდან დასავლურ ფარმაცევტულ კომპანიებს მათი განადგურება საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ, ამიტომაც, ფაქტობრივად, უფასოდ ატანდნენ, ხოლო ჩვენებურები ჩვენზე ასაღებდნენ.

გასაკვირი კი მაინც არაფერია, იმიტომ რომ, როდესაც მესამე სამყაროს წარმომადგენლობას თანხმდები (და დათანხმება ჰქვია, რაკი არაფერს აკეთებ, უფრო უკეთ რომ მოაწყო შენი სახელმწიფო: თვითმმართველობით დაწყებული და სამართლიანი სასამართლოთი დამთავრებული), უტილიზაციის მოედნობის მეტი არც არაფერი გეკუთვნის.

შესაბამისად, თუ ამ ტემპებით გავაგრძელებთ თვითგანადგურებას (ერთმანეთის მიუღებლობისა და სიძულვილის საკუთარივე რეკორდებიც კი მოვხსენით), ვფიქრობ, მხოლოდ ერთი იმედი დაგვრჩა: რომ იარაღის უტილიზაციის მოედნის როლი არ გვერგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა