რა მსგავსება და განსხვავებაა თოხსა და გაჯეტს შორის და რატომ უქმნის გაჯეტებთან ურთიერთობა ბავშვს დიდობისა და თავისუფლების განცდას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 52 წუთის წინ
ბავშვებისა და გაჯეტების ურთიერთობა ოცდამეერთე საუკუნის პრობლემაა, იმდენადაც კი, რომ ცოცხალი ურთიერთობა, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა პროგრამებმა, რაც, თავისთავად, უამრავ პრობლემას იწვევს. მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიები, შეიძლება ითქვას, ამ თაობის ბუნებრივი გარემოა. ისინი, თითქოს, დაბადებულები არიან ამ ტექნოლოგიებისთვის, იმდენად იოლად ითვისებენ. რა შედეგს გამოიწვევს ტექნიკასთან ესოდენ ძლიერი მიჯაჭვულობა? – ამ თემაზე ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილთან ერთად ვისაუბრებთ:
ნებისმიერი გაჯეტი – ეს არის ინსტრუმენტი. მაგალითად, ახლა ჩვენ მობილური ტელეფონით ვსაუბრობთ, თქვენ იწერთ ჩვენს საუბარს, ასევე, გაჯეტით. ასეთივე ინსტრუმენტია თოხი, რომელიც სახლში აქვს გლეხს. რა თქმა უნდა, მობილური უფრო რთული ინსტრუმენტია, თოხი – ბევრად მარტივი. მაგრამ თოხი ქმნის პრობლემას?
– არა.
– წარმოიდგინეთ, რომ თოხი ხელში უჭირავს გადარეულ მეზობელს, რომელიც მისდევს მეორე მეზობელს, რომ თავში ჩაარტყას. გახდა თოხი პრობლემა?
– რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ცეცხლი, სანამ საჭმელს ამზადებს ან სახლს ათბობს, პრობლემას არ ქმნის. ცეცხლი პრობლემაა, როდესაც წვავს.
– მოდი, სხვანაირად შევხედოთ სიტუაციას: თოხი თავისთავად ვერ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ ინსტრუმენტი თავისთავად არც კარგია, არც ცუდი. ის კარგი ან ცუდი, იქიდან გამომდინარე ხდება, თუ რა განზრახვით ვკიდებთ მას ხელს. ყველას გვესმის, რომ ბავშვს ასანთი არ უნდა დააკავებინო ხელში იმ ასაკამდე, სანამ არ ესმის, რომ ეს შეიძლება, ძალიან საშიში იყოს. როგორც კი ბავშვს ესმის, რა საფრთხეს შეიცავს ასანთი, შეიძლება, მივცეთ კიდეც, მაგრამ, სანამ ეს არ მოხდება, ყველა უფროსი შეეცდება, ბავშვს ასწავლოს, რომ ცეცხლი საშიშია. ამდენად, ეს ინსტრუმენტებიც ასეთივენაირად უნდა დავინახოთ. თუ ჩვენ, მშობლები, ორი-სამი წლის ბავშვს ხელში ვაძლევთ ამ ინსტრუმენტებს და არ ვასწავლით მათ მოხმარებას, ეს შექმნის პრობლემას. ბავშვს ინსტრუმენტები უნდა მივცეთ მაშინ, როდესაც მას შეუძლია მათი სასარგებლოდ და არა საზიანოდ გამოყენება. ამ მსჯელობიდან შეგვიძლია თუ არა, გამოვიყვანოთ პირველი პრინციპი?! მოდი, ბავშვებთან ერთად, ჩვენ, უფროსებმა, ვისწავლოთ, რა შემთხვევაშია ეს ინსტრუმენტი საშიში და რა შემთხვევაში შეიძლება, მოგვიტანოს სარგებელი. თუ პირველ ეტაპზე ბავშვს არ ავუხსნით, რატომ არის საშიში დანა, მას რომ ხელს მოჰკიდებს, შეიძლება, თავი დაიზიანოს. ესე იგი, პრობლემა დანა კი არ ყოფილა, არამედ მისი არასწორად გამოყენება. ასე რომ, პრობლემა არის არა გაჯეტი, არამედ ამ პირველი ეტაპის გამოტოვება, ანუ აუცილებელია ბავშვშში იმ შეგნების აღზრდა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, რომ ესა თუ ის ნივთი იყოს სასარგებლო ან საზიანო.
– მაგრამ თოხისგან ან ცეცხლისგან განსხვავებით, გაჯეტი იწვევს მიჩვევას, ნარკოტიკივით ითრევს ბავშვს.
– დიახ. ეს უკვე მეორე ეტაპია. ჯერ ერთი, დანასაც ახასიათებს მიჩვევა. უამრავი მოზარდი მინახავს, დანაზე რომ აფანატებენ – უნდათ, რომ ხელში ეჭიროთ. მიჯაჭვულები არიან დანებზე, ოღონდ კი ხელი მოაკიდინო. მაგრამ არავინ დააჭერინებს დანას ხელში, სანამ შეგნება არ მოემატება. მანამდე მისცემენ ხის დანას ან ბლაგვ დანას. რაც შეეხება გაჯეტებს: ბავშვი არ ეჩვევა გაჯეტს, მიჩვევა იცის იმ კონტენტმა, რომელიც იმ გაჯეტებიდან მოდის. აბა, გამოურთე ბავშვს ინტერნეტი, მაშინვე მოგთხოვს, რომ ინტერნეტი ჩაუტვირთო ან მისი საყვარელი თამაში გადმოუწერო. ბავშვები სწორედ ამას ითხოვენ და არა მხოლოდ გაჯეტს. ზოგადად, ბავშვის ბუნება ისწრაფვის დიდობისა და თავისუფლებისკენ. თუ აქვს თავისუფალი არჩევანი, თავისით თუ აარჩევს რამე აქტივობას და, თუ ის აქტივობა მისთვის მიმზიდველია, ის იმ აქტივობაში მოტივირებულია; ხოლო, თუ აიძულებენ, მაშინ აღარ არის მოტივირებული. ასევე, ბავშვი მოტივირებულია იმ გარემოსა და იმ აქტივობაში, სადაც თავს გრძნობს უფრო დიდად. თუკი ჩვენ მივისწრაფვით ახალგაზრდობისკენ, ბავშვები მიისწრაფიან დიდობისკენ. თამაშების ორ მესამედზე მეტი ბავშვს აძლევს დიდობისა და თავისუფლების ილუზორულ განცდას.
ახლა ეს შევადაროთ მშობლების აკრძალვასა და მოთხოვნებს. მშობლები ბავშვებს ეუბნებიან, ჯერ შენ პატარა ხარ, ჯერ შენ არ გესმის და გამოდის, რომ მშობლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობაში ბავშვი ვერ გრძნობს თავს დიდად და არ აქვს თავისუფალი არჩევანი. მობილურის კონტენტი კი მას ამის საშუალებას აძლევს. ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ ადვილად მიეჯაჭვება. რატომ არავინ ეჯაჭვება სკოლას?! სწორედ იმიტომ, რომ ბავშვი იქ თავს არ გრძნობს დიდად. ბავშვი მიეჯაჭვება იმ სკოლას, სადაც თავს იგრძნობს, რომ იმაზე უფროსია, ვიდრე რეალურად არის და სადაც თავისუფალ არჩევანს აძლევენ. ანუ, ისევე მიეჯაჭვება მასწავლებელსა და სკოლას, როგორც ნებისმიერ კონტენტს მიეჯაჭვებოდა. ასე რომ, მოდი, ამ კუთხით შევხედოთ საკითხს. სწორედ აქედან გამომდინარეობს მეორე წესი. მანამდე კი გავიხსენოთ პირველი წესი: ბავშვს ჯერ ვასწავლოთ ზნეობა, საღი აზრი და ინსტრუმენტის პლუსები და მინუსები. მეორეა ის, რომ ცოცხლად, ჩვენთან ურთიერთობაში შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ბავშვი იგრძნობს, რომ ცოტათი დიდია ჩვენთან ურთიერთობაში და ხშირად ექნება თავისუფალი არჩევანი. არაერთი ოჯახი მინახავს, რომლებსაც ეს გაუკეთებიათ და მაშინვე აღმოაჩენენ, რომ ბავშვები თვითონ გადადებენ ხოლმე გაჯეტებს. აბა, შევთავაზოთ რომელიმე მოზარდს, მოდი, შენთვის საინტერესო რომელიმე სამაგიდო თამაში ვითამაშოთ ან ითამაშეთ მეგობრებთან ერთად და მეც იქვე ვიქნები – ათიდან რვა შემთხვევაში მოზარდი თანახმაა. თუ სამაგიდო თამაში არ იტაცებს, მოდი, აბა, ტყეში წავიდეთ, ერთად ვიმოგზაუროთ. თუ ბავშვს უყვარს უფროსი, რომელიც ამას სთავაზობს, თუ ამ მოგზაურობაში თავს დიდად იგრძნობს და ეს მისი თავისუფალი არჩევანი იქნება, რა თქმა უნდა, ასეთ საინტერესო მოგზაურობაში გაჯეტი გვერდზე დარჩება, თვითონვე გადადებს. მეორე წესი იყოს, რომ შევთავაზოთ ბავშვს ისეთი აქტივობა, რომ ჩვენთან ურთიერთობაში იგრძნოს თავი, რომ უფრო დიდია; რომ აქვს თავისუფალი არჩევანი და, რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა შევაყვაროთ თავი, თორემ, რაც გინდა, თავისუფლება და დიდობის განცდა მივცეთ, თუ ბავშვს არ ვუყვარვართ, მაინც გაგვექცევა. ჩემი აზრით, აი, ეს ორი პრინციპია თქვენ მიერ აღწერილი პრობლემის თავი და ბოლო.
– ჩემი აზრით, ამ ორი პრინციპიდან გამომდინარეობს ის, რომ სწორედ მშობლის პრობლემაა, ბავშვი რომ ეჩვევა გაჯეტებსა და მათ კონტენტს.
– მოდი, გაგებით მოვეკიდოთ მშობლებს, მათ ხანდახან დასვენება სჭირდებათ; ხანდახან უნდათ, რომ თავიანთ თავთან მარტო დარჩნენ და არ იციან, რა ქნან, არ ჰყავთ სხვა მომვლელი, ამიტომ, ცხადია, ბავშვს ხელში დააკავებინებს გაჯეტს და აყურებინებს მულტფილმს და გამოითავისუფლებს თავს თავისი საქმეებისთვის. გაგებით მოვეკიდოთ მშობლებს, ოღონდ გავითვალისწინოთ რეალობა, რატომ ვაკეთებთ ამას. ბავშვს ჩვენ თვითონ ვაძლევთ ხელში ინსტრუმენტს, რომლის პლუსი ბევრია, მაგრამ მინუსები ჯერ კარგად არ გაგვიაზრებია. ამასთან, ბავშვს ხელში მივეცით კონტენტი, რომელშიც თავი იგრძნო დიდად და თავისუფლად და ამის შემდეგ, ბუნებრივია, აღარ მოუნდება ჩვენთან ურთიერთობა. მით უმეტეს, რომ ჩვენი ნებით მივეცით და შემდეგ ჩვენივე ნებით რომ წავართვით, ეს აღიქვა, რომ დაჩაგრეს და თავისუფლება შეუმცირეს. ანუ გავუგოთ მშობლებს, ოღონდაც, თუ მშობლებმაც ეს რეალობა დაინახეს, შეიძლება, თვითონვე დაგეგმონ, თუ რა შეიძლება, გააკეთონ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მათთან ურთიერთობის სიხარული, სიხალისე, სილაღე, მათთან ურთიერთობაში იგრძნონ თავი უფრო დიდად და ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი.
– გაჯეტების კონტენტი შეიცავს ისეთ შინაარსებს, რომლებიც სასარგებლო არ არის, არათუ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. ხანდახან მგონია, რომ განზრახ ამახინჯებენ თაობებს, რომ გამოზარდონ იოლად სამართავი ბიომასა.
– მე, ალბათ, ამ ტერმინებს არ ვიხმარ, მაგრამ გვერდზე გადავდოთ კონტენტის შინაარსი, სხვათა განზრახვები. მშობლებს აქვთ პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ბავშვის უკეთესი მომავლის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, კონტენტი უნდა შევზღუდოთ, ოღონდ შეზღუდვასთან ერთად ვიფიქროთ ბავშვებთან ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, რომ ჩვენთან უფრო უხაროდეთ, ვიდრე ილუზორულ კონტენტში.
– თუ მშობელმა ეს ვერ ან არ მოახერხა, რა საფრთხეები ექმნება ბავშვებს?
– მარტივად შეგვიძლია, ვთქვათ: თუ ჩვენ ბავშვებს ვერ შევთავაზეთ მათთვის საინტერესო კონტენტი, იმ ხალხმა, ვინც იმუშავა კომპიუტერულ თამაშზე, YouTube-ის ვიდეორგოლებზე და ასე შემდეგ, არ დაიზარეს და შექმნეს შესაბამისი ვიდეომასალა, მაშინ ისინი არიან დაკავებული ჩვენი შვილების აღზრდით. ჰოდა, შედეგიც ცხადია: ან ისინი აღზრდიან მათში იმას, რაც ჩადეს თავიანთ კონტენტში, ან თუ არადა, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენზე გადმოვრთოთ ბავშვები და მაშინ მათ ჩვენ თვითონ აღვზრდით. ჯობია, მშობელმა მიზეზშედეგობრიობა გააანალიზოს და პასუხისმგებლობა აიღოს. ეს იქნება უფრო გაცნობიერებული მშობლობა და ბავშვსაც შესაბამისად აღზრდიან. იმიტომ რომ ბავშვს აღზრდის ის, ვინც მიიპყრობს მის ყურადღებას.
– იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ იმიტომ მოახერხეს გარე ძალებმა ჩვენი ახალგაზრდების მიმხრობა, რომ მშობლებს არ ეცალათ შვილებისთვის, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. ამიტომაც ჩვენი შვილები მოექცნენ იმ გავლენების ქვეშ, რომლებიც უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
– სხვის მაგივრად მიჭირს ლაპარაკი. ყველა მშობელს, თავისი ცნობიერებიდან გამომდინარე, შეუძლია, გამოიტანოს დასკვნები. მაგრამ აღზრდის კანონზომიერება არის აღზრდის კანონზომიერება. ვინც ბავშვს უყვარს, ვისაც ბავშვი უსმენს, ის აღზრდის ბავშვს იმ ზნეობითა თუ უზნეობით, რა ზნეობასაც და უზნეობასაც ქადაგებს თავად. ეს არის ისეთივე კანონი, როგორც მიზიდულობის კანონი. თუ ქვა ავაგდე, ვინმეს ვესროლე და მას თავში მოხვდა, ეს გრავიტაციის კანონის ბრალი ხომ არ არის?! ასევეა აღზრდაც. მრავალი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს კონტენტის შემქმნელებს და ახლა ამაზე ნუ ვიმსჯელებთ, მაგრამ, თუ მშობლები უფრო პასუხისმგებლიანები არიან, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი აღზრდა უპირატესი იქნება ბავშვისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





