პოლიტიკა

ურთიერთგაგების აპოგეა?!

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:01 29.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გულგამტყდარი?!

და თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, როგორც ოკეანის გაღმიდან გვარწმუნებენ, ფრიად კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა და მათ შორის ურთიერთგაგებამ აპოგეას მიაღწია, საცაა, სამშვიდობო ხელშეკრულებასაც უნდა მოაწერონ ხელიო და ზანგეზურის დერეფანსაც, მას შემდეგ, რაც დაარქვეს, ჰქვია და ჰქვია ტრამპის გზა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროკავშირს, ჩვეულებისამებრ, გაჰკრა კბილი (ოღონდ ისიცაა, არც ადრე გამოირჩეოდა ბ-ნი ალიევი ბრიუსელისადმი მხურვალე გრძნობებით).

სახელდობრ, ევროპარლამენტი ამჯერად ქრთამის ამღებთა ბუდედ გამოაცხადა და იქვე დასძინა, რომ პასუხისმგებელია თავის სიტყვებზე, რაკი ახსოვს, თუ როგორ გამოიტანეს ვიცე-პრეზიდენტის სახლიდან ჩემოდნებით მილიონობით დოლარი, მაგრამ ამ ამბავმა ისევე უკვალოდ ჩაიარა, როგორც, მაგალითად, მიხაილ როთმა გერმანიის პოლიტიკაში (პარალელი ჩემია).

აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის პირველი პირი სვამს კითხვას: მოეთხოვა თუ არა ვიცე-პრეზიდენტს პასუხი? და იქვე თავადვე სცემს პასუხს თავისსავე კითხვას: არა. ის გაათავისუფლეს და იქვე დასძენს (პირადად ჩემთვის სწორედ ეს პასაჟია საინტერესო), რომ ევროპარლამენტი ისლამოფობებისგან შედგება და, რაც მთავარია, ევროპარლამენტს სომხეთისადმი ლოიალური დამოკიდებულებაც შეახსენა.

ბუნებრივია, ილჰამ ალიევმა უკეთ იცის, რას რატომ და როდის ამბობს, მაგრამ, თუ ევროპარლამენტის საქართველოსადმი დამოკიდებულებას გავიხსენებთ (რეზოლუციებისა და ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმული მოსაზრებების ჩათვლით), მაინცდამაინც არც მართლმადიდებლებს უნდა სწყალობდნენ. ასე რომ, როგორც იტყვიან, გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი (ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბ-ნო ილჰამ).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი