რატომ იკავებს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მოსახლეობის შემცირებით პოსტ–საბჭოთა სივრცეში პირველ ადგილს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:00
ბოლო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა ლამის 300 000–თაა გაზრდილი, თუ გავითვალისწინებთ არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მატების მიზეზი შობადობის არნახულად გაზრდაა. მეორე მხრივ, გაეროს პროგნოზით, გამრავლების ამ ტემპით, უახლოეს მომავალში განახევრების საფრთხე გვემუქრება, თუმცა ამ საკითხს სხვა მხარეც აქვს: რა თქმა უნდა, პრობლემაა მოსახლეობის შემცირება, მაგრამ იმავდროულად მიგრანტების რაოდენობაც იმატებს ქვეყნის მოსახლეობის საერთო მაჩვენებელში. ამ სავალალო ვითარებას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– რის ხარჯზე „გავმრავლებულვართ“?
– ძირითადად, მიგრაციის... ასეთ ამბავს გავიხსენებ: 1936-1939 წლებში სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ესპანეთის ფრანკისტ გენერალ ემილიო მოლას მიაწერენ გამონათქვამს, რომ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი მადრიდის აღებაში შეტევაზე გადასული ოთხ კოლონასთან ერთად გადამწყეტ როლს შეასრულებდა მეხუთე კოლონა, ანუ დედაქალაქში მყოფი მისი მხარდამჭერი ძალები. ისტორია მდიდარია მაგალითებით, როდესაც ამა თუ იმ არსებულ პრობლემაზე მსჯელობისას ყურადღების კონცენტრირება ხდება ერთ ან რამდენიმე გარემოებაზე, მაშინ, როდესაც მთავარი, რეალური და ეგზისტენციური საფრთხე სულ სხვა მხრიდანაა მოსალოდნელი. ამ მხრივ, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი... საქართველოს სტაბილური და მდგრადი განვითარების წინააღმდეგ მოქმედი ფაქტორებიდან, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით, რესპონდენტები, როგორც წესი, ასახელებენ ოთხ მთავარ პრობლემას: უმუშევრობას, ინფლაციით გამოწვეულ კეთილდღეობის დაცემას, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. თითოეული მათგანი მართლაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე, მადრიდის აღებაში მეხუთე კოლონის წვლილის არ იყოს, ზემოთაც ოთხი ფაქტორი დავასახელეთ, მეხუთე გარემოებაა უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება. შობადობის კლება, მოკვდაობის მატება, მასობრივი ემიგრაცია ის ფაქტორებია, რომლებიც ყველაზე მეტად აყალიბებენ ქართველი ერის მილევად რეჟიმში გადაყვანის კონტურებს.
ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ წერდა ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი, რომ სახელმწიფოს წარმატებულ განვითარებას უზრუნველყოფს სამი ფაქტორი: ტერიტორია, მოსახლეობა და უნარიანი მართვა. დემოგრაფიული ფაქტორი, მოსახლეობის რიცხოვნობა, ამ მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამის მკაფიო მაგალითია ისრაელი, რომლის მოსახლეობა დაარსებიდან შვიდი ათეული წლის განმავლობაში 14-ჯერ გაიზარდა, ნახევარი მილიონიდან 7 მილიონამდე. რომ არა ამ ქვეყნის მოსახლეობის ასეთი ზრდა, ეკონომიკასა და ტექნოლოგიებში მიღწეულ შთამბეჭდავ წარმატებებთან ერთად, ისრაელის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა გაცილებით რთული იქნებოდა.
– საქართველოში მოსახლეობის კლების მიზეზი მხოლოდ შობადობის შემცირებაა?
– დამოუკიდებლობის აღდგენიდან ქვეყნის დე–ფაქტო ტერიტორია ერთი მეხუთედით, ხოლო მოსახლეობა ერთი მეოთხედითა და მეტად შემცირდა. 1990-იან წლების დასაწყისთან შედარებით შემცირებული მოსახლეობის ერთი ნაწილი (მთლიანი შემცირების დაახლოებით 15 პროცენტი) რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ჩარჩა“, მეორე ნაწილი, დაახლოებით, 25 პროცენტი, საკუთარ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა; ძირითადად, ებრაელები, ბერძნები, სლავები. ყველაზე დიდი ნაწილი კი, 60 პროცენტზე მეტი, ეთნიკური ქართველები, საქართველოდან ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადაიხვეწა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გავლილი 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის შემცირების მასშტაბით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველ ადგილზეა. შედარებისათვის: ჩვენს მეზობელ სომხეთში აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობა მხოლოდ 10 პროცენტითაა შემცირებული, ხოლო აზერბაიჯანში, პირიქით – 42 პროცენტითაა მომატებული. დღეისთვის მოსახლეობის სიმჭიდროვე საქართველოში, ყველა მის სახმელეთო მეზობელთან შედარებით, დაბალია. საქართველო ამ მაჩვენებლით ჩამორჩება: სომხეთს – 43 პროცენტით, თურქეთს – 46 პროცენტით, აზერბაიჯანს – 51 პროცენტით, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთს – 38 პროცენტით, ხოლო დაღესტანს – 9 პროცენტით. ფაქტობრივად, ბოლო ორ საუკუნეში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ და მეორე მსოფლიო ომების პერიოდებს) საქართველოში ბოლო 6 წელია, 2020 წლიდან, მოკვდაობის მაჩვენებელი აჭარბებს შობადობის დონეს, რაც ჯამობრივად აღემატება სენაკის ან ჭიათურის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობას. დემოგრაფიულ ვითარებას ამძიმებს კიდევ ორი გარემოება: გრძელდება ქორწინების საშუალო ასაკის მატება. აღნიშნული ასაკი ბოლო 100 წლის განმავლობაში თითქმის 11 წლით გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის აღწარმოების ტემპსა და საშუალო ასაკზე. სულ უფრო და უფრო მეტი წყვილი არ ჩქარობს ფაქტობრივი თანაცხოვრების ოფიციალურ რეგისტრაციას და, უკეთეს შემთხვევაში, საეკლესიო ქორწინებით შემოიფარგლება. საქართველოში ნარჩუნდება 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული უარყოფითი მიგრაციული სალდო: ქვეყნიდან გადის უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე შემოდის. ამასთან, საქართველოდან გადიოდნენ და გადიან ყველაზე შრომისუნარიანი, ამბიციური, კრეატიული ადამიანები. არადა, თუ საქართველოს მოსახლეობაში 20-დან 50 წლამდე ასაკის პირების წილი მხოლოდ 42 პროცენტია, ქვეყნიდან გასულთა შორის ისინი 85 პროცენტს აღემატებიან.
– ძირითადად, რჩებიან ბავშვები და საპენსიო ასაკს მიახლოებული და საპენსიო ასაკის პირები?
– საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის საშუალო ასაკი ქვეყნიდან გასულების საშუალო ასაკზე 7 წლით მეტია, რაც სერიოზულ რეპროდუქციულ დისბალანსს ქმნის. უკვე მასობრივია საქართველოს ფარგლებს გარეთ ეთნიკურად ქართველი ქალ-ვაჟების მიერ ოჯახების შექმნა, სადაც დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ უკვე ორჯერ გადააჭარბა ქუთაისის ამჟამინდელი მოსახლეობის ფაქტობრივ რიცხოვნობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი მიგრაციული სალდოს ფონზე საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება სხვა ქვეყნის მოქალაქეების მობილური აქტიურობა საქართველოში. წლიდან წლამდე საქართველოში შემოდის სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი, ვიდრე გადის. შედეგიც ჩანს: 2012-2025 წლებში საქართველოდან გავიდა 312.4 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა; ხოლო იმავე პერიოდში შემოვიდა 286.7 ათასით მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიდრე გავიდა. წინა წლებში მოქალაქეობრივი ნიშნით მიგრაციული სალდოს მაჩვენებლები, სამწუხაროდ, არ დევს ამ სამსახურის ოფიციალურ საიტზე. ხაზს ვუსვამ, საუბარია იმაზე, თუ რამდენით მეტია სხვა ქვეყნის მოქალაქე და არა იმის შესახებ, თუ რამდენნი არიან ისინი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 38 წელია, რაც საგრძნობლად აღემატება ჩვენი ყველა სახმელეთო მეზობლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. კერძოდ, თურქეთში მოსახლეობის მედიანური ასაკი 32.2 წელია, აზერბაიჯანში – 32.9 წელი, სომხეთში – 36.6 წელი, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩვენს მოსაზღვრე ჩეჩნეთში – 28.7 წელი, ინგუშეთში კი – 31.6 წელი. ჩინეთი, რომლის მოსახლეობის მედიანური ასაკი თითქმის ისეთივეა, როგორიც საქართველოში, ისე შეაშფოთა ამ მაჩვენებლის მაღალმა დონემ, რომ 2016 წელს მან უარიც კი თქვა 1980-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედ პოლიტიკაზე: „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი“.
– რა ღონისძიებებია გასატარებელი სახელმწიფოს მხრიდან და რატომ აგვიანებს?
– აუცილებელია მიგრაციული პროცესების ოპტიმიზაცია და შობადობის მატება. მოსახლეობის ამჟამინდელი დემოგრაფიული ქცევის მოდელის არსებობის პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ შობადობის რეკორდული – 1962 წლის დონე განმეორდეს. ასე რომ იყოს, 2026 წელს საქართველოში, სულ ცოტა, 89 ათასი ბავშვი უნდა დაიბადოს, მაშინ, როდესაც წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 17.5 ათასი დაიბადა, რაც მთელი წლის განმავლობაში, ჰიპოთეტურად, მხოლოდ 35 ათასი გამოდის. დემოგრაფიული გამოწვევების მასშტაბიდან გამომდინარე, მათი დაძლევა მოითხოვს გრძელვადიან, კომპლექსურ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფო პოლიტიკას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდების დასაქმების ზრდას, ოჯახზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის გაძლიერებას, რეგიონული განვითარების მხარდაჭერას, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და დიასპორასთან ეფექტიანი თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას.
– თქვენ რას შესთავაზებდით კონკრეტულ ნაბიჯებად?
– ოჯახზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიზანშეწონილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი საბინაო პროგრამების განვითარება, მათ შორის, შეღავათიანი იპოთეკური სესხების დანერგვა. ასევე, მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებისა და ბავშვზე ზრუნვის სერვისების გაფართოება, მშობელთა ანაზღაურებადი შვებულებების განვითარება და დასაქმების მოქნილი ფორმების ხელშეწყობა. დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა დარჩეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხარდაჭერა, მათ შორის უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და რეგიონებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დამატებით რესურსს წარმოადგენს დიასპორასთან მიზანმიმართული თანამშრომლობა. დაბრუნების ხელშემწყობი პროგრამები, საგადასახადო სტიმულები; ბიზნესის დაწყების მხარდამჭერი მექანიზმები შეიძლება, მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად იქცეს რეემიგრაციის წასახალისებლად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მთიან და სასაზღვრო რეგიონებს, სადაც დემოგრაფიული პრობლემები შედარებით მწვავედ ვლინდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური საქმიანობის წახალისება და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. დემოგრაფიული მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესება ვერ მიიღწევა მხოლოდ ფინანსური სტიმულებით, საინფორმაციო კამპანიებით ან მიგრაციული პოლიტიკის ცალკეული ინსტრუმენტებით. საქართველოს დემოგრაფიული განვითარების თანამედროვე ტენდენციები მიუთითებს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული დემოგრაფიული გამოწვევები აღარ წარმოადგენს მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობრივი დინამიკის პრობლემას. ისინი თანდათან გარდაიქმნება ეკონომიკური განვითარების, შრომითი რესურსების ფორმირების, რეგიონული განვითარების და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გამოწვევად. ქვეყნის წინაშე მდგარი, ფაქტობრივად, ყველა სხვა პრობლემის მოგვარების გასაღები დემოგრაფიული პრობლემის არსებით გადაჭრაა. საფრთხე სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და ეროვნული თვითმყოფადობისადმი რეალურია – ის ჰანიბალივით კარსაა მომდგარი!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





