უკრაინულ-ქართული პარალელები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 28.04

ანუ მუქთა საზარბაზნე ხორცი?!
მართალია, აშშ-ისა და რფ-ის მოლაპარაკებები აქეთ – თურქეთში იმართება, იქით – საუდის არაბეთში, მაგრამ, რაკი მხარეები, საბოლოოდ, ჯერ არ შეთანხმებულან, საომარი მოქმედებები გრძელდება, ესე იგი, უკრაინელებიც იღუპებიან და, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეებიც.
თუმცა ისიცაა, რომ ჩვენ არც არავინ გვეტყვის, რას მოილაპარაკებენ მხარეები, მხოლოდ შედეგით, ისიც ხილულით, თუ მივხვდებით შეთანხმების შინაარსს. ოღონდ აქვე ვიტყვი, ვინაიდან უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ამა წლის 6 აგვისტომდე გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა, მაშასადამე, ზელენსკი ისევ პრეზიდენტად რჩება (არჩევნებს არ ატარებენ საგანგებო მდგომარეობის გამო), რფ-ის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ზელენსკი არალეგიტიმურია, რადგან ოფიციალურად უფლებამოსილების ვადა გასული წლის მაისში ამოეწურა, სავარაუდოდ, საომარი მოქმედებები გაგრძელდება და სიმართლე გითხრათ, პირადად მე არ ვიცი, კიდევ რამდენი უკრაინელი უნდა იმსხვერპლოს ამ ომმა.
მეორე მხრივ, ბუნებრივია, რფ-ის დასუსტების მომხრეები ვითარებით კმაყოფილები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ამ ომში რუსული შეიარაღებაც იხარჯება და ცოცხალი ძალაც, რაც უკრაინისთვის შეღავათი, სულაც, არ არის, ხოლო რუსეთის ოპონენტებისთვის მისწრებაა, მათი არც არაფერი იხარჯება.
ამასობაში აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა – კელოგმა – გეგმა წარმოადგინა, რის მიხედვითაც, დასავლეთ უკრაინაში, უკრაინელებთან ერთად, ბრიტანულ-ფრანგული შენაერთები უნდა ჩადგნენ, რათა ცეცხლის შეწყვეტა დააზღვიონ; ხარკოვის ოლქის მიდამოებში – მხოლოდ უკრაინული, აი, რუსები კი იქნებიან იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც, დღეის მდგომარეობით, იკავებენ.
არავინ იცის, დათანხმდებიან თუ არა ამ ვარიანტს მხარეები, მაგრამ, ფაქტია, რომ საწყისი ლოტი დასახელდა და ამ ვერსიითაც ჩანს, რომ დაზარალებული არც არავინ იქნება, უკრაინისა და უკრაინელების გარდა, თუ, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური ელიტაც არსობრივად იმავე აზრის არ არის, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოგვთავაზა ჩვენმა მშობლიურმა, სახელდობრ, „ნაციონალურმა“ ელიტამ, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომისა და, განსაკუთრებით, 2008 წლის 26 აგვისტოს მედვედევის მიერ ცხინვალისა და სოხუმის აღიარების შემდეგ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან