„თვალი მიჭირავს შენზედა“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 03.03

ანუ სუნნაკრავები
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ისეთმა მსუქან-მსუქანმა შავ-შავმა კატამ ჩაირბინა, რომ რთული სათქმელია, ამ ამბავს რა მოაგვარებს. მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავად შესთავაზა ამერიკელებს წილი უკრაინის იშვიათი მეტალის საბადოების დამუშავებაში. ივარაუდება, რომ ამ გზით უკრაინის პირველკაცი ცდილობდა, აშშ-ს უშუალო ინტერესი გასჩენოდა, შეეჩერებინა რუსების წინსვლა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის არ ელოდა, რომ ტრამპი მოითხოვდა უკრაინის წიაღისეულს გაწეული დახმარების სანაცვლოდ (ასე მსჯელობს ევროპული მედია).
თუმცა, მე რომ მკითხოთ, ვოლოდიმირ ზელენსკი უფრორე ევროკავშირის ხელმძღვანელებმა და ბრიტანელებმა შეაგულიანეს, უარი ეტკიცა ტრამპისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რფ-ის დელეგაციები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ და ევროკავშირი, ჟარგონით თუ ვიტყვით, „ჩატეხეს“.
სხვათა შორის, საინტერესოა შეხვედრებისა და განცხადებების გეოგრაფია: სახელდობრ, მაშინ, როდესაც აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტებმა მათ შორის არსებული ყინულის გალღობა საუდის არაბეთში გადაწყვიტეს, თავად ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა, ერდოღანს გვერდით დაუდგა და განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთთან მოლაპარაკებას, არც იმ მოლაპარაკებას აღიარებს, რომელსაც უკრაინის გარეშე გამართავენ და არც წიაღისეულს დაუთმობს აშშ-ს (ეჭვი მაქვს, უკრაინის წიაღისეულზე ბევრს აქვს თვალი დადგმული, მათ შორის, ევროპის ტერიტორიაზე).
ბუნებრივია, იბადება კითხვა, ვითომ კიევიდან ვერ გალანძღავდა უკრაინის პირველკაცი აშშ-ს პირველკაცს, ანუ რატომ ჩავიდა, მაინცდამაინც თურქეთში?! ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტის მოსაზრება დაგვეხმარება (ის მეტად და მეტად პოპულარულია უკრაინის მედიასა და უკრაინელ ბლოგერებს შორის). სახელდობრ, ბ-ნი რუსტამზადე ამბობს: ევროპის უსაფრთხოების დაცვა შეუძლია თავდაცვით გაერთიანებას დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, უკრაინისა და თურქეთის მონაწილეობით.
ზემოთქმული კი, ვფიქრობ, ნიშნავს, რომ დიდ გადანაწილებაში თურქეთიც გაერია. ან კი რატომ არ გაერეოდა?! გადასანაწილებლის „სუნი“, როგორც ჩანს, ბევრმა იკრა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან