„ცივი ომის“ ნოსტალგია?
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:05
ანუ დრონების ღვარცოფი...
სანამ ჩვენებურები იმას არკვევენ, ბოლოს და ბოლოს, მარჯვენა უნდა დაელოცოს თუ მაინც უნდა წარეკვეთოს მამაკაცს, ვინც ქალი სცემა (და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიდინა ქალმა, რადგან საქმე ისაა, კაცად მაშინ დარჩე, როდესაც ამის გაკეთება ურთულესია, თორემ მოწმენდილ ცაზე, ანუ კდემამოსილ მანდილოსანთან რაინდობას რა დიდი მოხერხება უნდა?!), გაირკვა, რომ რუბიო და ლავროვი არათუ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თქვენ წარმოიდგინეთ, შეხვდნენ კიდეც.
წინასწარვე ვიცოდით, რომ ზემოხსენებული ბატონები აუცილებლად ისაუბრებდნენ უკრაინის შესახებ და მარკო რუბიომ იმთავითვე აღნიშნა, რომ ომმა უკრაინაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი წინააღმდეგობა შეუქმნა, თუმცა, მე რომ მკითხოთ, ყველაზე საინტერესო მისი ის განცხადება გახლდათ, რუსეთი და შტატები პლანეტის ბირთვული იარაღის მქონე ორი უდიდესი ქვეყანა ვართო.
ჰოდა, რაკი ვართო, ერთმანეთთან უბრად ყოფნა დიდი უგუნურობა და უპასუხისმგებლობა იქნებაო. ამდენად, დაასკვნა, რომ აშშ-სა და რფ-ს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა (რა თქმა უნდა, ჩვენი ბედნიერებისთვის) და ამის დასტურად „ცივი ომის“ პერიოდი გაიხსენა: მაშინაც კი აშშ-სა და სსრკ-ს სამხედრო და დიპლომატიურ დონეზე ჰქონდათ ურთიერთობაო. ეს ამბავი კი, ალბათ, იმიტომ გაიხსენა, ეთქვა, სწორედ ამან იხსნა პლანეტა დედამიწა კატასტროფისგანო.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მხარეები მუდამ კატასტროფის აცილებას გვამადლიან, მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი იხოცება სწორედ ამ ორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამო, ისაა აშკარა, რომ ოღონდ მათ იხეირონ და დანარჩენები დრონების ღვარცოფს წაუღია...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





