მოხეირე
ავტორი: „თბილისელები“ 13:00
ანუ ვისი ნავთობი ვის მილსადენშია
უკრაინის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად უტევს რუსეთის ტერიტორიასა და, განსაკუთრებით, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს, რაც, ცხადია, ზიანს აყენებს რუსეთის სანავთობე მარაგსა და შემოსავალს. სწორედ ამის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია ამ დანაკლისის ამოვსება (რადგან რუსეთს აღარ შეუძლია ნავთობითა და გაზით პარტნიორების მომარაგებაო).
შეუძლიაო, ოღონდ იმ პირობით, თუ ევროპული ბანკები გადახედავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს და ინვესტიციებს ამ სექტორში დააბანდებენო (ანუ ფულს მოგვცემენო). მეორე მხრივ, გაირკვა, რომ რუსეთს ნავთობსა და გაზს აღარ მიაწვდის ყაზახეთი (ნოვოროსიისკისკენ მიმავალი ხაზით), ტანკერების გაშვება სახიფათოაო (და მართლაც, ობიექტურად სახიფათოა).
ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის სისუსტით მისი ალაგ-ალაგ მოკავშირეები სარგებლობენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ, ამის პარალელურად, დადასტურდა გავრცელებული ცნობა, რის მიხედვითაც, აზერბაიჯანში ერთმანეთს შეხვდნენ გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლები (თანაც – საიდუმლოდ). ხოლო, ვინაიდან ნაკლებ სავარაუდოა, გული ერთმანეთზე შევარდნოდათ, იგულისხმება, რომ საქმიანი წინადადებები განიხილეს.
შესაბამისად, ეს და არა მხოლოდ ეს გვაფიქრებინებს, რომ აზერბაიჯანიდან წამოსულ მილსადენებში, რომლებმაც, რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორია უნდა გაიაროს, სწორედ რუსული გაზი და ნავთობი გამოჩუხჩუხდება (შეიძლება, ყაზახურიც), ანუ რუსული კვლავ აზერბაიჯანულად გასაღდება, რაზეც ევროპელი ლიდერები, ჩვეულებისამებრ, თვალებს საფუძვლიანად დახუჭავენ, ზუსტად ისევე, როგორც აქამომდეც არაერთხელ გაუკეთებიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





