პოლიტიკა

როგორ ანადგურებს სახელმწიფო მცირე მეწარმეობას, მათ შორის, საპენსიო ფონდის მიერ თანხების განკარგვის გზით

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ჯონდი ბაღათურია
დაკოპირებულია

რამდენიმე წელია, საპენსიო რეფორმა დაიწყო და ჯერჯერობით არც ვიცით და ვერც გვეცოდინება, როგორი შედეგით დასრულდება, იმიტომ რომ დანაზოგის აღების დრო ჯერ არ მოსულა. თანხა გროვდება და მათ საპენსიო ფონდი განკარგავს, თუმცა, როგორც ოპონენტები ამბობენ, არც თუ ეფექტიანად. მით უფრო, რომ განკარგვის პროცესი მთლად გამჭვირვალეც არ არის. ერთი სიტყვით, საპენსიო თანხების დიდი წილი კერძო კომპანიებშია დაბანდებული და რადგან არ ვიცით, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ დაბანდებამ არ გაამართლა, ჩნდება უსიამოვნო ასოციაცია იმ დროსთან, როდესაც დაიკარგა ანაბრებზე განთავსებული თანხები და ვერც ვერავინ იპოვა ამაზე პასუხისმგებელი პირი. საპენსიო რეფორმის შუქჩრდილებზე „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– არის ვინმე პასუხისმგებელი ამ, არც თუ მცირე, თანხის განკარგვაზე იმ შემთხვევაში, თუ ის ჯეროვნად ვერ განიკარგა?

– ძალიან კარგი შეკითხვაა: თუ ვინ არის პასუხისმგებელი, მაგალითად, თუ კომპანია „ნიკორა“ გაკოტრდება?! ამდენად, საინტერესოა, აგებს თუ არა პასუხს ის, ვინც გადაწყვიტა „ნიკორასა“ თუ „საქართველოს ბანკში“ საპენსიო თანხის დაბანდება?! ეს ბანკი რომ წავიდეს საქართველოდან ან, დავუშვათ, არც არავინ წავიდა არც გაკოტრდა, არის თუ არა გონივრული გადაწყვეტილება, რომ ეს ფული მათ მისცეს 4 პროცენტად?! ეს არის დაგეგმილი ინფლაციის ოდენობა, ანუ, რეალურად, მათ უფასოდ მიიღეს თანხა. არადა საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის – 9 მილიარდ 400 მილიონის, 57 პროცენტი ჩადებულია ბანკებში. და ამ ფულს ბანკები შემდეგ 18 და მეტ პროცენტად გასცემენ სესხებად. რთული დასაჯერებელია, რომ აქ არ იყოს კორუფცია, რადგან მაშინ მთავრობას წარმოდგენა არ ჰქონია, რამდენად დიდ ზარალს ნახულობს საპენსიო ფონდი.

– ჩვენთან ბანკები მაღალ საპროცენტო განაკვეთს ხსნიან მაღალი რისკებით, მაგრამ თავად, ფაქტობრივად, უფასოდ იღებენ ფულს.

– დიახ, რისკი თუ მაღალია, 4 პროცენტად როგორ აძლევ?! სხვათა შორის, საბანკო დეპოზიტზე რომ განათავსო ეს ფული, უფრო მეტ მოგებას ნახავ. შეიძლება, 10-12 პროცენტი აიღო წლიური სარგებელი. ამიტომაც ჩნდება კორუფციული სქემის ეჭვი. ვერ დავიჩემებ, რომ მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, მაგრამ, თუ ასეთი უცოდინარია ყველა, რომ ვერ ხვდება, რაც ხდება, მაშინ კიდევ უფრო უარესად ყოფილა საქმე. ასე რომ, საპენსიო ფონდის საქმიანობა შეიძლება, შეფასდეს ფსკერს ქვევით. ამას გარდა, საპენსიო ფონდი იქცა მცირე მეწარმეობის განადგურების ინსტრუმენტად. რამდენიმე ათასი მცირე მეწარმეა დაჯარიმებული და ხშირად ეს ჯარიმები მათ დაეწერათ გადაუხდელი თეთრების გამო. ჯარიმა ზოგჯერ 20 000 ლარამდე ადის და, ზოგადადაც, საკითხავია, არის თუ არა ადეკვატური ამხელა ჯარიმები.

– დავაზუსტოთ, მცირე მეწარმეები ჯარიმდებიან იმის გამო, რომ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ თანხას?

– არა, მე არ შემხვედრია შემთხვევა, რომ ვინმე საერთოდ არ რიცხავდეს თანხას საპენსიო ფონდში. ლაპარაკია დეკლარაციის შეცდომით შევსებაზე. ერთი წლის წინ შეცვალეს დეკლარაციის შევსების ფორმა და არ შეატყობინეს მცირე მეაწარმეებს. მცირე მეწარმეს კი არ ჰყავს თავისი ბუღალტერი, რომელიც სამთავრობო საიტებზე იქექება და კანონებს კითხულობს. შესაბამისად, მათმა უმეტესობამ დეკლარაცია შეავსო ძველი წესით. უმეტესობამ თანხა გადარიცხა, ოღონდ ერთ ანგარიშზე. ახალი წესით კი, უნდა გადაირიცხოს ორ ანგარიშზე, ანუ საპენსიო გადარიცხვა ცალკე ანგარიშზეა. ვიცი შემთხვევები, როდესაც ადამიანებს რაიონში აქვთ პატარა ფართობები, ზოგი ლურსმანს ყიდის, ზოგი – სხვა წვრილმანს და იმის გამო, რომ მათ მიერ გადარიცხული თანხა ბიუჯეტის სხვა ანგარიშზე დაჯდა, 12 000-ლარიანი ჯარიმა დააწერეს. ეს ნორმალურია?!

– რა თქმა უნდა, არა. თავიც რომ გავანებოთ კორუფციულ სქემას, სახელმწიფოსთვის რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი, ჩაკლას საშუალო ფენის შექმნის პროცესი და ხელი შეუწყოს მოსახლეობის გაღარიბებას? შეიძლება, რომ ეს საბოტაჟი იყოს?

– აქ სწორედ კორუფციული სქემა იკვეთება. საქმე ისაა, რომ დღეს ჩვენს სახელმწიფოს კარტელები მართავენ და ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დაამარცხეს მათ პრემიერ-მინისტრი: ფასების დაწევის ნაცვლად ფასები გაზარდეს და პრემიერს ათქმევინეს, ყველაფერი კარგად არისო; ეს ათქმევინეს იმ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ სიძვირეა, რაც ახსნა საკმაოდ კვალიფიციურად, მოიყვანა მაგალითები და მტკიცებულებები, რომ ზემოგებაზე მუშაობს, მაგალითად, ქსელური მარკეტები. ამ ქსელურ მარკეტებს, რომლებიც რამდენიმეა, საკმაოდ დიდი ქსელები აქვთ და ჰყავთ კონკურენტები. მათი კონკურენტები არიან მცირე მეწარმეები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე მეწარმეები მცირე ფართობებში მუშაობენ, ბევრნი არიან, ჩემი ინფორმაციით 20 000-მდე მცირე მეწარმეა და უკვე დაჯარიმებულია ათასობით მეწარმე, ანუ ქსელური მარკეტების კონკურენტები. ამდენად, გამოდის, რომ საპენსიო ფონდი არის გამოყენებული იმისთვის, რომ მცირე მეწარმეები გააკოტრონ, რომ მათ კონკურენცია ვერ შეძლონ, რადგან ყველა დაჯარიმებული მცირე მეწარმე შეწყვეტს მუშაობას. ადამიანმა, რომელიც ხუთ კვადრატულ მეტრ ფართობში მუშაობს, როგორ უნდა გადაიხადოს ამხელა ჯარიმა?! ყველაფერი რომ გაყიდოს, მაშინაც ვერ გადაიხდის ამ ჯარიმას. ასე რომ, ზუსტადაც, კორუფციული სქემა იკვეთება, რომლის მეშვეობითაც, ქსელური მარკეტები ანადგურებენ მცირე და წვრილ საწარმოებს. მეორე მხრივ, შევისწავლე საკითხი და გავარკვიე, რომ 12 000 ლარამდე ჯარიმა აქვს დაკისრებული მცირე მეწარმეს, რომელსაც შეეშალა და გადარიცხა 4 თეთრით ნაკლები ან ერთი წუთით დააგვიანდა დეკლარაციის შევსება, ოღონდ ამის შესახებ მეწარმეს არ აქვს ინფორმაცია. პროგრამა არ ეუბნება, რომ დააკლდა თანხა ან არ დაიხურა დეკლარაცია. ესე იგი, სპეციალურად დაგებული ხაფანგია. მეწარმეს ჰგონია, რომ ფული გადარიცხა, მას არ მისდის ინფორმაცია, რომ ან დაგვიანებით შეავსო და დეკლარაცია არ დაიხურა, ან არასწორად გადარიცხა, ან რამდენიმე თეთრი დააკლო, მაგრამ მეორე დილასვე მისდის 500-ლარიანი ჯარიმა. წარმოიდგინეთ, 500-ლარიანი ჯარიმა პირველ შემთხვევაში, შემდეგ ჯერზე უკვე 1 000 ლარია. თან, ამ ჯარიმებს ყოველდღიურად ერიცხება საურავი და ამას არავინ ეუბნება დაჯარიმებულს მთელი წლის განმავლობაში. ეს არ არის შეგნებულად დაგებული ხაფანგი?! უკვე 2 000-მდე მეწარმეა გახვეული ამ შარში.

– სად მიდის ეს საურავები?

– ეს საურავები მიდის საპენსიო ფონდში და შემდეგ ამ საპენსიო ფონდიდან ისევ იმავე ქსელური მარკეტებისა და ბანკების დაფინანსებისთვის. ეს არის უნამუსობის აპოგეა. ვიცით, რომ საპენსიო ფონდის თანხის ნაწილი მისცეს „ნიკორას“ და ის ორმაგ სარგებელს იღებს: ერთი მხრივ, კოტრდებიან მისი კონკურენტი წვრილი მოვაჭრეები, რომლებიც იმ ტიპის პროდუქციას ყიდიან, რაც მათ მარკეტებში იყიდება და არა მხოლოდ მათ მარკეტებში, ესე იგი, იზრდება ქსელური მარკეტების სავაჭრო სივრცე; მეორე მხრივ, ეს ჯარიმები შედის საპენსიო ფონდში და ისევ და ისევ „ნიკორას“ უბრუნდება 4 თუ 4,4 პროცენტად.

– ბანკისთვის იაფი ფულის მიცემა კიდევ შეიძლება, აიხსნას, მაგრამ ქსელურ მარკეტს რა პრინციპით უნდა მისცე, ეს უკვე აღარ ვიცი.

– ეს შეკითხვა უნდა დავუსვათ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელს, რომ აგვიხსნას, რა პრინციპით გაიცემა საპენსიო თანხები. წესით, საპენსიო თანხა უნდა დაბანდდეს სანდო ინვესტიციაში. სად უფრო დაცული იქნება ეს ფული: „ნიკორაში“ თუ, მაგალითად, აეროპორტში?! გინახავთ წამგებიანი აეროპორტი?! ან საზღვაო პორტში. ამდენად, იმის ნაცვლად, რომ გამოესყიდათ ბათუმისა და ფოთის პორტები და ხალხისა და სახელმწიფოსთვის დაებრუნებინათ, რომ პენსიონერები გამხდარიყვნენ ბათუმისა და ფოთის პორტის, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების თანააქციონერები, ეს თანხა ბანკებსა და ქსელურ მარკეტს გადასცეს. არადა, მოგება, ხომ, უფრო მაღალი ექნება პორტისა და აეროპორტის აქციონერს?! იმავე ანაკლიის პორტის გარშემო რამდენი ვაჭრობაა და არ შეიძლებოდა, რომ ანაკლიის პორტში დაბანდებულიყო საპენსიო ფონდის ფული?! თუ, მაინცდამაინც, ბრიტანული ბანკებისთვის უნდა მიეცათ ქართველი პენსიონერების დანაზოგი?!

– ჩვენს ბანკებს სახელად ჰქვია ქართული, სინამდვილეში მათი მფლობელები უცხოელები არიან.

– დიახ, არც ერთი ბანკი არ არის ქართული. ან ხომ შეიძლებოდა, შეგვექმნა საადგილმამულე ბანკი, გაგვეცოცხლებინა ილია ჭავჭავაძის იდეა და საქმე და ეს ფული იქ ჩაგვედო?! ერთი ქართული ბანკი შეგვექმნა – სახელწიფო ბანკი?! ამით, ჯერ ერთი, ფულს გავაიაფებდით საკრედიტო ბაზარზე და ხალხი ამოისუნთქავდა და, მეორე მხრივ, დაგვეფინანსებინა ქართული ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა აგვეღორძინებინა. ახლა რომ, საბანკო პროდუქტების სახით, 500 მილიონი სოფლის მეურნეობაში ჩაიდოს, გვექნებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის სწრაფი ზრდა, რაც ავტომატურად ნიშნავს პროდუქციის გაიაფებას. ხარისხი იქნება მაღალი და, შესაბამისად, პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდება. ამასთან, გვექნება საშუალება, რომ პროდუქცია იმპორტზეც გავიტანოთ. ვიმეორებ, ეჭვი მეპარება, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე ჭკვიანი ვარ, ეს იმდენად ელემენტარულია, შეუძლებელია, რომ ამას ვინმე ვერ ხვდებოდეს. „ნიკორას“ ძეხვში რატომ უნდა დააბანდო საპენსიო თანხა?! ან, თუ ბანკში აბანდებ, დალოცვილო, თავად შექმენი სახელმწიფო ბანკი, სხვის ბანკს რატომ ამდიდრებ?! ქართველი გაამდიდრე და ჩვენი პენსიონერები იქნებოდნენ არა „ნიკორას“ საეჭვო აქციების მფლობელები, არამედ ქართული პორტების – ანაკლიის, ბათუმის, ფოთის – და თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტების აქციონერები; იმავე პირველი ქართული სახელმწიფო ბანკის თანამფლობელები, რომლის ფულიც მოხმარდებოდა ქართულ ეკონომიკას. თან, ეს ხომ მხოლოდ ფული არ არის?! ჯერ ერთი, ეს იქნებოდა გარანტირებული ინვესტიცია და მეორე მხრივ, ღირსების საკითხიცაა. მოგვიწევს ჩვენც ეს პენსია და „ნიკორაში“ 4 პროცენტად ჩადებულ ფულს რომ დაგიბრუნებენ 15 წლის შემდეგ, თეთრები იქნება და მისი მსყიდველობითი უნარი – დაბალი. ანუ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპენსიო ფონდმა დააზარალა პენსიონერები, ინფლაციის ზღვარზე უფასოდ გაცემული ფულის გამო. არადა, შეგვეძლო, ამ ფულს გაცილებით მაღალი მოგებით ემუშავა. მე არ ვიცი, ვინ აგებს ამაზე პასუხს. იმ ახალგაზრდა კაცმა, ჭიჭინაძემ, ხვალ შეიძლება, დაჰკრას ფეხი და სადღაც წავიდეს, თუმცა მაქვს გონივრული ეჭვი, რომ აქვს რაღაც კომერციული დაინტერესება, თორემ სხვანაირად სრული სისულელეა 4 პროცენტად ფულის გაცემა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი