პინგ-პონგი ბომბებით
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
ანუ მეზობელმა მომიკლა მამა, მეც მოვუკალი მამა?!
როგორც მოსალოდნელი იყო, ირანსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება განახლდა, რა თქმა უნდა, ძველებური სცენარით: როდესაც, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების ავიაცია ირანის ტერიტორიას ბომბავს, ირანის შეიარაღებული ძალები სპარსეთის ყურის აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აყრის ბომბებს. ამის პარალელურად, ირანელები ცეცხლს უხსნიან აშშ-ის მოკავშირეთა ნავთობტანკერებს და ზუსტად ანალოგიურად იქცევიან ამერიკელი სამხედროებიც.
ხოლო, რაკი ეს ბომბებით პინგ-პონგი აზარტით გრძელდება, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, ბუნებრივია, იმის საპასუხოდ, თუ ირანელები ჰორმუზის სრუტეში ამერიკისთვის მისაღებ ნავთობტანკერებს დაესხმებიან თავს.
მეტი დამაჯერებლობისთვის დონალდ ტრამპის ზუსტ ციტატასაც მოვიშველიებ: „ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს (მაინც როგორი ჰუმანურობა და პარიტეტია: ხიდს ან ელექტროსადგურს და არა ხიდებსა და ელექტროსადგურებს)“.
უფრო მეტიც, ამერიკის სამხედროების მსახვრალი ხელი ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც მისწვდება, თურმე.
მე არ ვიცი, განაწყობს თუ არა ირანელებს ამერიკული მუქარა ამ მუქარამდე ათვალწუნებული გემებისადმი კეთილგანწყობისკენ, მაგრამ, რაც მთავარია, ირანისა და აშშ-ს ურთიერთობა უფრო და უფრო ემსგავსება ანეკდოტს სვანის დღიურის შესახებ:
„ორშაბათი: მეზობელმა მომიკლა დედა, მეც მოვუკალი დედა;
სამშაბათი: მეზობელმა მომიკლა მამა, მეც მოვუკალი მამა;
ოთხშაბათი მეზობელმა მომიკლა ცოლი, მეც მოვუკალი ცოლი...
შაბათი: დღეს რაღაც მოწყენილი ვარ...“
ოღონდ ჩვენს საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჯერჯერობით მოწყენა ნაადრევია, იმიტომ რომ დედამიწაზე 8 მილიარდზე მეტი ადამიანია და ჯერ ყველანი არ დაუხოცავთ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





