პოლიტიკა

ორ გუშაგს შორის

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 52 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჰორმუზის სრუტის გაუგებრობა

ვისთვის სამწუხაროდ, ვისთვის საბედნიეროდ, აშშ-სა და ირანს შორის საომარი მოქმედებები განახლდა, შესაბამისად, ირანმა ჰორმუზის სრუტე, ბუნებრივია, ისევ გადაკეტა და, ასევე, ბუნებრივია, მასში გამცურავ-გამომცურავ გემებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო, თავის მხრივ, აშშ-მა, საპასუხოდ, ირანის 140 ობიექტი დაბომბა.

ირანელები აცხადებენ, რომ ყურეს მანამ დაკეტავენ, სანამ აშშ ირანისა და, ზოგადად, რეგიონის საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტს. ამის პარალელურად, სპარსეთის ყურის ქვეყნების (ბაჰრეინი, ქუვეითი, კატარი და ომანი) გააკრიტიკა, ცხადია, იმის გამო, რომ აშშ-ს ყურმოჭრილად ემსახურებიან.

მეორე მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისიც გადაკეტავს ჰორმუზის სრუტეს და ძველებურად იმ გემებს გააკონტროლებს, რომლებსაც ირანი გაატარებს, დანარჩენებს კი 20-პროცენტიან ბაჟს გადავახდევინებო. ამ გამოწვევას ირანი პასუხობს, რომ აშშ-ის მიერ შემოშვებულ გემებს თავად არ გაუშვებს და, აბა, ვბახოთ, სრუტეში ჩიტიც თუ შემოფრინდება ჩემი ნების გარეშეო.

მაინც მოვიტან დონალდ ტრამპის სტატუსს (ჩვენ ხომ ახლა იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, დიპლომატიამ რომ უკან დაიხია და სოციალურ ქსელებში სტატუსებით ვიგებთ ინფორმაციას): „ჰორმუზის სრუტე გაიხსნა და გახსნილი იქნება ირანთან თუ ირანის გარეშე. ჩვენ ისევ ვუწესებთ ბლოკადას ირანს.“ მოკლედ, ვერც ირანი მიაწვდის ვერაფერს სხვა ქვეყნებს და ვერც სხვა ქვეყნები ირანს, დანარჩენები კი თავისუფლად იცურებენ ჰორმუზის სრუტეშიო. მეტიც, აშშ-ის პირველკაცმა გვამცნო, რომ ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატები, არც მეტი, არც ნაკლები, „ჰორმუზის სრუტის გუშაგებად“ იწოდებიან (ანუ იქით ისლამური რევოლუციის გუშაგები არიან, აქეთ – ჰორმუზის სრუტის). ოღონდ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დონალდ ტრამპს არ აუხსნია, თუ როგორ განახორციელებს რეალურად ქადილს (ანუ გაატარებს მათ, ვისაც საჭიროდ ჩათვლის და, ზედაც, 20-პროცენტიან გადასახადს დაუწესებს).

მანამდე კი გვარწმუნებენ, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უდიდესი დარტყმა მიაყენეს ირანს, „ირანელები უკან იხევენ, მათი სამხედრო ტექნიკის ძირითადი ნაწილი განადგურებულია, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა საერთოდაც ვეღარ მუშაობსო. ხოლო, რაკი მსგავსი არაერთხელ განუცხადებია აშშ-ის პოლიტიკურ ლიდერს, იმას გარდა, რომ იბადება კითხვა: რამდენჯერ უნდა გაუნადგურონ შეიარაღება ირანს, გამოდის, რომ ის ცხრათავიანი დევია, მოჭრილი თავების ადგილას რომ ახალ-ახლები ამოსდის?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი