პოლიტიკა

რატომ არის საქართველოსთვის ხელსაყრელი უკრაინასა და ირანში სამხედრო კონფლიქტების გაგრძელება

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:00

კოტე ფორჩხიძე
დაკოპირებულია

მართალია, უხერხულ თემაზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ პოლიტიკა და გეოპოლიტიკა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პრაგმატულია. ამ ეტაპზე, სანამ დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება გამოვლენილია რუსეთ-უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ირანთან ომებით (მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებამ ჩაილურის წყალი დალია, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე მომენტში), ეს მოცემულობა ჩვენთვის აშკარად ხელსაყრელია, იმიტომ რომ ჩვენთვის არავის სცალია. რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს მდგომარეობა და აქვს თუ არა სამხრეთ კავკასიას სამხედრო დაძაბულობის თავიდან აცილების შანსი? - ამ თემას უსაფრთხოების საკითხების ექსპერტთან, კოტე ფორჩხიძესთან ერთად განვიხილავთ: დიახ, ყველა დიდი მოთამაშე ამჟამად დაკავებულია და ეს ხელსაყრელია ჩვენთვის. იმიტომ რომ არ სცალიათ. ოღონდ არ სცალიათ გარკვეულ პერიოდამდე, თორემ ეს პროცესი დაწყებულია. ადრეც გვითქვამს და გავიმეორებ, რომ ეს არის მსოფლიოს ახალი წესრიგის, ახალი გადანაწილების ეტაპი. ეს ცხელი ფაზა რომ ჩაივლის, ნელ-ნელა უკვე ნათლად გამოიკვეთება, თუ რომელი ქვეყნები, და ძირითადად ეს ეხება განვითარებულ ქვეყნებს, რომელ ვექტორს აირჩევენ იმისთვის, რათა თავიანთი უსაფრთხოების ქოლგა უზრუნველყონ. არაერთხელ მითქვამს, რომ აბსოლუტურად სწორია საქართველოს პოზიცია, მის მიერ დიდი მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინება, მათი რეგიონით დაინტერესებას ვგულისხმობ და ვიცით, ძირითადად რას უკავშირდება მათი ინტერესები: ეს არის შუა დერეფანი, სავაჭრო გზები, ენერგეტიკული და სხვა მძლავრი ეკონომიკური პროექტები, ახალი დერეფნების ჩამოყალიბება – მხედველობაში მაქვს ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფანი და ამაში მონაწილეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ეს ყველაფერი არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ქვაკუთხედი და, ამდენად, ხელისუფლება სწორად იქცევა, როდესაც აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ მიმართულებებზე და კარგად სწავლობს დიდი ქვეყნების ინტერესებს საქართველოში და შეძლებისდაგვარად აბალანსებს მათ.

– თქვით, რომ როდესაც დღევანდელი კონფლიქტები დასრულების, გაყინვისა თუ შესვენების ფაზისკენ წავა, სიმძიმის ცენტრი ჩვენკენ გადმოიწევს, კონკრეტულად, რას უნდა ველოდოთ?

– ეს აუცილებლად მოხდება. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: რა არის რუსეთის სტრატეგიული ამოცანა ამ ომში?! სხვათა შორის, ამის შესახებ ბევრი არ საუბრობს – ძლიერი ეკონომიკური დარტყმის მიყენება ევროპისთვის, ბუნებრივია, ამ კონფლიქტის გამოყენებისა და მისი გაჭიანურების გზით. იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, მთელი ევროპის ფინანსური რესურსია ჩართული ამ ომში და მთელი მათი ეკონომიკა მუშაობს იმაზე, რომ უზრუნველყონ ომის წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე. ლაპარაკია თანხების გამოყოფაზე, „ნატოში“ მათი ფინანსური წილის მატებაზე და ეს არის ევროკავშირის ქვეყნების მთლიანი მათი შიდა პროდუქტის 5 პროცენტამდე გაზრდა, რაც „ნატოს“ ანკარის სამიტზე დაფიქსირდა. იქ ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ მოთხოვა და საითაა მიმართული მათი ეს გაზრდილი სამხედრო ხარჯები?! უპირველესად, ევროკავშირის ეკონომიკის დასუსტებისკენ, მათი სოციალური მდგომარეობის გაუარესებისაკენ. ანუ, ფაქტობრივად, ევროკავშირის ეკონომიკის ხარჯზე ხდება უკრაინისთვის იარაღის შეძენა და ამით სარგებელს იღებს მხოლოდ და მხოლოდ ის ერთი დიდი ქვეყანა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია.

– გამოდის, რომ სიმართლეა, როდესაც ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთის სამიზნე არის ევროპა?

– ისინი თავიანთ მიერ დაგებულ მახეში თვითონვე აღმოჩნდნენ. მათ ეგონათ, რომ ადვილად მოახრჩობდნენ რუსეთს, მაგრამ, როგორც ჩანს, თავი იჩინა მათმა განათლების დონემ, მათი პოლიტიკოსებისა და, ზოგადად, გეოგრაფიის არცოდნამ, თუ რა სიდიდისა და რესურსებიან სახელმწიფოს უპირისპირდებოდნენ. ეს არ გათვალეს ან ვერ გათვალეს და ამაში მათ ნაწილობრივ შეერთებულმა შტატებმაც შეუწყო ხელი. შეერთებული შტატების ხარჯზე ცხოვრობდა, ფაქტობრივად, მთელი ევროპა. მათი სოციალური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე შეერთებული შტატების. ეს იგრძნეს შეერთებულ შტატებში იქ დაწყებული კრიზისით. ეს ასე ვერ გაგრძელდებოდა და, ბუნებრივია, ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო ზომები. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ტრამპის ნაბიჯები ზოგჯერ არასერიოზულია, მაგრამ იქ ტრამპი არაფერს წყვეტს. იქ ყველაფერს წყვეტს შეერთებული შტატების ფარული კაბინეტი, იმიტომ რომ ის კორპორაციული სახელმწიფოა. მსხვილი კორპორაციები განაგებენ იქ პოლიტიკას და სწორედ მათი ინტერესები იყო დაკნინებული, ახლა კი, წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ მოგებას იღებენ ამ კონფლიქტის პერიოდში იგივე მასკი, ბეზოსი და სხვები, ის მილიარდერები, რომლებიც შეერთებული შტატების კორპორაციულ მმართველობას, ამ სახელმწიფოს ფუნდამენტს წარმოადგენენ?! ეს ადამიანები უდიდეს მოგებას იღებენ, ძირითადად, უკრაინაში ომის ხარჯზე, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში და, ფაქტობრივად, ევროპის საზიანოდ.

– ესე იგი, ერთი მხრივ, მათ ზიანს აყენებს რუსეთი და, მეორე მხრივ, შეერთებული შტატები? ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რა ხეირია რუსეთის გაძლიერების ხარჯზე ევროპის დასუსტება?

– ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ხეირი ის გახლავთ, რომ ამ ომის გაგრძელების პერიოდში ევროპა იძულებულია, თავისი გადასახადების გადამხდელების ფული გადაიხადოს იმისთვის, რომ შეიძინოს იარაღი. ამით რომელი მწარმოებლები მდიდრდებიან?! დიახ, მდიდრდება შეერთებული შტატების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლებიც აწარმოებენ ამ იარაღს. ისინი იღებენ უდიდეს შეკვეთებს და ამით ასაქმებენ ადამიანებს. შეერთებულ შტატებში გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი ამ სექტორში და გაიზარდა ამ სექტორის მოგებაც, რამაც შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდაზეც იმოქმედა და ის ტრილიონობით საგარეო ვალი – 38 ტრილიონი სახელმწიფო ვალი ჰქონდა შეერთებულ შტატებს – გაცილებით შემცირდა. ზოგიერთი მონაცემით, ეს საგარეო ვალი, დაახლოებით, განახევრდა. გესმით, ხომ, რაზეა საუბარი?! ანუ ამ ყველაფერს განაპირობებს ეკონომიკური ფაქტორები: ეკონომიკა და ფინანსები და ეს კონფლიქტი მანამ გაიწელება, სანამ მთელი ფინანსური რესურსი არ ამოიწურება და ერთ მშვენიერ დღეს ევროპა არ იტყვის, რომ ჩვენ ვეღარ ვუზრუნველვყოფთ უკრაინაში ომის წარმოებას, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა ინგრევა.

– და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი განიარაღებული და გაღარიბებული ევროკავშირი? იმიტომ რომ რუსეთი მაინც სუსტდება ამ ომით?

– ნაწილობრივ გაგეცით პასუხი: შეერთებული შტატების ეკონომიკა ვერ გაუძღვებოდა მსოფლიო ბატონობას და შეერთებული შტატების კორპორაციული მმართველობა ამას ძალიან კარგად მიხვდა. ასე გაგრძელება ნიშნავდა, რომ შეერთებული შტატების ვალები – შიდა სახელმწიფო და, მათ შორის, ბანკების – უკიდეგანოდ გაიზრდებოდა და მათი გასტუმრება აუცილებლად მიიყვანდა შეერთებულ შტატებს ეკონომიკურ კრიზისამდე, საბოლოო ჯამში, დოლარის დევალვაციამდე. დოლარის დევალვაცია კი, ფაქტობრივად, ნიშნავს შეერთებული შტატების კრახს. ამდენად, ამ შემთხვევაში დაემთხვა რუსეთის და შეერთებული შტატების ინტერესები და მათ აირჩიეს ის გზა, რაც გამოცდილი ჰქონდათ მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, 50-იანი წლებიდან იმ პერიოდამდე, სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ზოგი ამბობს, რომ ჩინეთის მზარდი ძალა განსაზღვრავს აბსოლუტურად ყველაფერსო, მაგრამ ვის აქვს მეტი ქობინი?! დღეს ყველაზე მეტი ატომური ქობინი გააჩნია რუსეთს და ამიტომ, რაც უნდა მომძლავრდეს ჩინეთი ეკონომიკურად და რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ ჩინეთმა ჩაანაცვლა ყოფილი საბჭოთა იმპერია და მეორე პოლუსი ჩამოყალიბდა, ასე ნამდვილად არ იქნება. ჩინეთი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს რუსეთს, მისი სამხედრო ძალიდან გამომდინარე. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთს დღეს ძალიან ეხმარება რუსეთი. მიუხედავად უკრაინაში ომისა, გადასცა „სუ-35“ მოიერიშე თვითმფრინავები, სამხედრო თვითმფრინავების ძრავების ტექნოლოგიები და ბევრი ისეთი რამ, რაც ჩინეთისათვის და მისი სამხედრო მრეწველობის აღორძინებისათვის უმნიშვნელოვანესია. ასე რომ, ფაქტობრივად, რუსეთზე დამოკიდებული გახდა ჩინეთის სამხედრო წარმოებაც. ჩინეთი ვერასდროს გადაასწრებს ქობინების რაოდენობით რუსეთს, იმიტომ რომ მას იმდენი ატომური საწვავი არ გააჩნია. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე რუსეთმა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაც დაიწყო, ეს დამატებითი ტუზიცაა რუსეთის ხელში.

გვინდა თუ არ გვინდა, ესაა რეალობა. ბევრი ამბობდა, რომ რუსეთის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებსო, მაგრამ ხუთი წელიწადია, მისი ეკონომიკა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, უძლებს. და უძლებს შეერთებული შტატების დახმარებით! რატომ? რომ არ ყოფილიყო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რუსეთის ნავთობზე ფასები იქნებოდა დაბალი. შესაბამისად, რუსეთს არ ექნებოდა საშუალება, რომ ეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე და დაპირისპირებოდა თითქმის მთელ დასავლეთ ევროპას. ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა შესაბამისი შეფასება და დასკვნების გამოტანა.

რუსეთს რატომ უწყობს ხელს შეერთებული შტატები და რატომ აძლიერებს?

– როგორც ვთქვი, ჯერ ერთი, შეერთებული შტატების ეკონომიკა ვერ უძლებდა და, ამასთან, რუსეთი რომ გაძლიერდება, ჩინეთის საპირწონედაც შეიძლება მისი გამოყენება, იმიტომ რომ ჩინეთს ვერასდროს ექნება ისეთი სამხედრო პოტენციალი, როგორიც რუსეთს. მარტივ მაგალითს ვიტყვი: რუსეთმა „სარმატი“ აწარმოა და 2023 წელს გამოუშვა. როდესაც მას შეერთებული შტატები 1970 წელს გამოშვებული ტექნიკით უპირისპირდება. ვიმეორებ: თუ რუსეთმა შეძლო თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერება, ეს მოხდა იმ ფინანსების ხარჯზე, რომელსაც ის ნავთობის მაღალი ფასის გამო იღებს.

– როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც მოგვეცა, როდესაც დიდ ქვეყნებს ჩვენთვის არ სცალიათ?

– ჩვენ უფრო მეტი თავისუფალი დრო და სივრცე გვრჩება მანევრისთვის, სანამ ეს კონფლიქტები გრძელდება. ჩვენთვის მართებულია, რომ ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობებზე გავამახვილოთ ყურადღება – თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ერთობლივი შეთავაზებები გავაკეთოთ დიდი მოთამაშეებისთვის. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა და, ადრე თუ გვიან, ამას ანგარიშს გაუწევს რუსეთიც. მით უმეტეს, რომ ამაში ჩაერთნენ ყაზახეთი და უზბეკეთი, რომლებთანაც უკვე გაფორმებულია სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტები. საქართველოში ბომბები არ ცვივა ჯერჯერობით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც კი ეს კონფლიქტები დაკონსერვდება, რუსეთის შემდეგი ვექტორი საქართველოსაკენ იქნება მომართული. ამიტომ მათთან საუბარი უნდა დავიწყოთ, რომ გავარკვიოთ მათი ნამდვილი ინტერესები, შევთავაზოთ სავაჭრო და, რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროექტები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი