პოლიტიკა

„ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 10.03

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ორი რეზოლუცია

გაეროში მეტად საინტერესო ამბები დატრიალდა. კერძოდ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის საკითხის შესახებ, არც მეტი, არც ნაკლები, ორი რეზოლუცია მიიღო: ერთი უკრაინისა და ევროკავშირის მიერ მომზადებული, რომლის პათოსია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან, მეორე – აშშ-ის მიერ მომზადებული, რომელიც, დაახლოებით, იმავეს გულისხმობს, თუმცა აქცენტით მშვიდობაზეა. საინტერესოა, რომ ორივე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ. დაახლოებით, იმავე რაოდენობამ თავი შეიკავა და მოწინააღმდეგეთა ოდენობაც თითქმის დაემთხვა. აქვე შეგახსენებთ, რომ გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები სავალდებულო არ არის და ამის დასტურად, ვფიქრობ, გამოდგება ჩვენთვის კარგად ნაცნობი რეზოლუციები აფხაზეთში დევნილების უპირობო დაბრუნებისა და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რომლებიც აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, არ შესრულებულა.

ამის პარალელურად, გაეროს უშიშროების საბჭოც შეიკრიბა (მაინც შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივმოქმედი წევრი ჰყავს: აშშ-ჩინეთი-რფ-დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი და თითოეულს ვეტოს უფლება აქვს. სწორედ ამიტომაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ვერ მოხერხდა ვერანაირი რეზოლუციის მიღება) და მანაც მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, ოღონდ აშშ-ის მიერ წარდგენილი. რეზოლუცია სამაბზაციანია და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება: არც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა ნახსენები და არც რუსეთისგან მოითხოვენ ჯარების გაყვანას, მხოლოდ მტკიცე მშვიდობის დამყარებას მოითხოვენ. მეორე მხრივ კი, უფრო საინტერესო ის გახლავთ, თუ რატომ არ გამოიყენეს ვეტოს უფლება დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა (არადა ამ ქვეყნების პირველი პირები გულზე მჯიღს იბრაგუნებდნენ, ჩვენ დავიცავთ უკრაინას, სხვათა შორის, ბრძოლის ველზეო).

ამ ამბავს, ანუ ვეტოს არგამოყენების მოტივს, მოგვიანებით შევიტყობთ, მანამდე კი ტრამპისა და მაკრონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორივენი დაუფარავად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე საუბრობდნენ, რომ ევროკავშირმაც და აშშ-მაც უნდა ამოიღოს ომის მიმდინარეობისას გაღებული ხარჯი, რაც აჩენს ეჭვს, რომ მარსისკენ გაფრენილი ტექნოლოგიების ეპოქაში დიპლომატია დახლზე ვაჭრობამდე ჩამოლაბორანტებულა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა