პოლიტიკა

წინ და უკან

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 09.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვიყოთ ჯანზე

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ, რაც უფრო წინ მიიწევს ტექნოლოგია, მით უკან-უკან მიგორავს ადამიანების გააზრების უნარი და შესაძლოა, ეს არც იყოს გასაკვირი, ვინაიდან, თუ ყველაფერს ტექნიკა გააკეთებს, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ტვინი დაჩლუნგდება, ვინაიდან, რაოდენ საწუხარიც უნდა იყოს, როგორც სხეულს სჭირდება ვარჯიში, ასევეა ის აუცილებელი ტვინისთვისაც (სხვათა შორის, ამას ემსახურება ლექსების დაზეპირებაც და გამრავლების ტაბულისაც; მეტიც, სიტყვების წერა და არა კლავიატურაზე კაკუნი), ვინაიდან ეს უკანასკნელი, როდესაც ზარმაცდება, უბრალოდ, ჩლუნგდება. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით, მოდურდება სხვადასხვა თაობისთვის სხვადასხვა მეტსახელის, ანუ თიკუნის მოგონება. ასე, მაგალითად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ფრიად შეგვიმოდურდა ტერმინი „ჯენზი“ (ახალი თაობის აღმნიშვნელი, თითქოს მათ სხვანაირი ხელი, ფეხი ან რუხი და თეთრი ნივთიერება ჰქონდეთ, ვიდრე ადამსა და ევას ჰქონდა). ხოლო, რადგან დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ არც კი ვიცით ხეირიანად, რას ნიშნავს „ჯენზი“, მოდი, ერთხელ კიდევ გავიხსენოთ (რომ მისტიკურობის საბურველმა არ დაგვაბნიოს).

„თაობა Z (Generation Z) – დემოგრაფიული კოჰორტა, რომელიც მოსდევს თაობა Y-ს (ათასწლეულის თაობას) და წინ უსწრებს თაობა ალფას. თაობა Z-ის დასაწყისად თვლიან 1990-იანების შუა წლებს, ვიდრე ოცდამეერთე საუკუნის ათიან წლებამდე.“ მათ გამოარჩევს ის, რომ იმთავითვე ციფრულ ტექნოლოგიებთან აქვთ ურთიერთობა თუმცა, ამასთან, უფრო მეტად აღენიშნებათ გონებრივი ჩამორჩენილობა და ფსიქიკური აშლილობებიო. დიახ, რაკი თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ გაჯეტებთან, ბუნებრივია, მათი გონებრივი მონაცემები საშუარი ვერ იქნება, შესაბამისად, მათი, როგორც ადამიანების, რესურსი ფრიად გამწირებულია.

მეორე მხრივ, ეს მათი ბრალიც არ არის, ტექნოლოგიები ბუნებრივად და უნებლიეთ აჩლუნგებს ადამიანს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკვე უფროსი თაობების აღტაცებას „ჯენზებით“. რატომ? იმიტომ რომ, თუ გონებრივი განვითარების პრობლემებია, მაშინ ჯანზე მყოფი რატომ უნდა აჰყვეს ჯენზის?! მაგრამ, რაკი აქ ფილოსოფიური წიაღსვლების არც დროა და არც ადგილი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სულ ახლახან მოძრაობა „ჯენზი ევროპისათვის” დაფუძნებულა. შესაბამისად, იბადება ეჭვი (თავიც რომ გავანებოთ ტექნოლოგიებით გამოწვეულ გონებრივ დაბნეულობას და არა მარტო „ჯენზებში“), რომ „ჯენზი“ არც ეროვნულ სახელმწიფოებრიობას ცნობს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა