პოლიტიკა

ცენზურა დემოკრატიულად

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 26.01

სოციალური ქსელები
დაკოპირებულია

ანუ ულტრალიბერალიზმის გავლით ბოლშევიზმისკენ.

მართალია, მეოცის შუა წლებიდან მოყოლებული და აგერ უკვე ოცდამეერთის 20-ანი წლების დასაწყისის ჩათვლით, მთელი დასავლეთი და სრულიად ცივილიზებული სამყარო თავს იმით იწონებდა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იღვწოდა და ოფლს ღვრიდა (საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აწ უკვე ყველამ იცის, ვის რა უყრია თავში, უფრო ზუსტად, რომ არც არაფერი და ლანძღვა-გინებას აზრის თავისუფლად გამოთქმის დეფინიცია მიენიჭა – ყოველ შემთხვევაში, სახელდობრ, ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ასე გაიგო უმეტესობამ), აშშ-ის პრეზიდენტს „ფეისბუქმა“ და „თვითერმა“ ანგარიშები დაუბლოკა (ამიტომაც ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი სხვისი ანგარიშებიდან „პოსტავდა“ და „პოსტავს“).
მეორე მხრივ, ეს ქმედება შესაძლოა, ისეც გავიგოთ – რომ კანონი ყველასთვის კანონობს, მაგრამ, სინამდვილეში, ვაი რომ, ამბავი უფრო საბჭოურ ცენზურას წააგავს (აი – კაპიტალიზმი რომ ყარდა და მავლე ზეგავლენას ახდენდა საბჭოთა ადამიანებზე, რის გამოც ჯაზის მოსმენაც კი იკრძალებოდა). მეტიც, „გუგლმა“ დაბლოკა ალტერნატიული სოციალური ქსელი „პარლარი“, სადაც აშშ-ელი „დემოკრატებისგან“ განსხვავებული აზრის მქონე ამერიკელები უზიარებდნენ ერთმანეთს მოსაზრებებს.
და თუმცა ჩვენ დემოკრატიის არსი არც თუ ხეირიანად გავიგეთ და სიტყვის თავისუფლება, რაც პირზე სისულელე მოგვადგება, გონებისა და ეთიკის ფილტრის გარეშე, იმის გარეთ გამოშვებად შევრაცხეთ, მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ულტრალიბერალიზმი ჩვენ თვალწინ დიქტატურისკენ გარდასახვას ლამობს (ანუ მხოლოდ იმას იტყვი, რაც მე მომეწონება).
თუმცა, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის: პირველივე 2-3 დღეში, როდესაც „ფეისბუქმა“ და „თვითერმა“ ცენზორობას მიჰყვეს ხელი, მათი აქციების ფასი დაეცა და 51 მილიარდი დოლარით იზარალეს.
იმ მარტივი მიზეზით, რომ დემოკრატია, სწორედ, ველურმა კაპიტალიზმმა შვა (ცოტას – ყველაფერი და დანარჩენ უმრავლესობას – არაფერი), რათა ყველა დაპურებული ყოფილიყო, რომ ქონება და სიცოცხლე გადაერჩინათ (რაც უნდა ბევრი ფული გქონდეს, მშიერ ბრბოთა ოკეანე მაინც წაგლეკავს), მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ ველურ კაპიტალიზმს დაბრუნებულები (პლანეტის ქონების აბსოლუტური სიმდიდრე რამდენიმე ათეული ადამიანის ხელშია, ამიტომაც ბუნებრივია, თავი ღმერთებად წარმოიდგინეს) შეეცდებიან, თავი და სიმდიდრე გადაირჩინონ, ანუ დემოკრატიის ფასადი შეინარჩუნონ, იმიტომ რომ ნებისმიერი ულტრაგადახრა მაინც განწირულია: ამ სამყაროს ჰარმონია უყვარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

1-7 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველი: ვემტერები ურწმუნო ადამიანებს