პოლიტიკა

წასალეკები?!

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ხორბლის ფასი

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ზომაზე მეტად აქტიურობს რუსეთ-უკრაინის ომში (ბუნებრივია, შორიდან და განცხადებებით) და თავის გამოჩენასაც ლამობს აშშ-ის თვალში, ტარანა მაინც თვლითაა. რატომ? იმიტომ რომ ახლახან პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა (მათეუშ მორავეცკიმ) განაცხადა, რაც უნდა გადაწყვიტოს ბრიუსელმა უკრაინული აგროიმპორტის შესახებ, ჩვენ მაინც არ დავუშვებთ, პოლონეთი უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოსო.

ხოლო, რადგან არ უნდათ, რომ „მარცვლეულმა წალეკონ“ ისინი, საზღვრებს არ გავხსნითო (ეს უკრაინელები უნდა წალეკოს რუსულმა სამხედრო მანქანამ ისე, რომ პოლონეთს არაფერი შეეხოს).

ბუნებრივია, კვლავ იკითხავთ, რატომო. იმიტომ, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები უნდა დავიცვათო. მომყავს ზემონახსენები მორავეცკის ციტატაც: „ჩვენ ვეუბნებით „არას“ პოლონეთის ბაზრის შეფერხებას და ჩვენმა მკაცრმა პოზიციამ შეაჩერა უკრაინის მარცვლეულის იმპორტი ევროკავშირის საერთო ბაზარზე“.

თუმცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა იქვე გაიხსენა, რომ, როდესაც უკრაინას დახმარება სჭირდებოდა, მათ საკუთარი გულები და სახლები გავუღეთ, მაგრამ პოლონეთის ინტერესებს ვერავის შევალახვინებთო.

უფრო მეტიც, პოლონეთი აპირებს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 15 სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდეს, მართალია, უკრაინა აპროტესტებს, ეს ასოცირების შეთანხმებას ეწინააღმდეგებაო, მაგრამ წინასწარ უცნობია, ვის მხარეს დაიჭერენ სხვა ევროპული ქვეყნები, იმიტომ რომ ისინი, პოლონეთის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, მზად არიან, მიიღონ უკრაინელი ლტოლვილები, შეიარაღება გაუგზავნონ უკრაინელ მებრძოლებს, რომ მათ უკეთ გაუწიონ წინააღმდეგობა რუს თავდამსხმელებს, კიდეც შეაქონ და შეაგულიანონ, მაგრამ უკრაინულ ხორბალს საკუთარ ხორბალს არ დააჩაგვრინებენ, ვითომ იმიტომ, რომ ერთის კუჭი მეორის სიცოცხლეზე ფასეულია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №50

11–18 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი