წასაკლავი ქათმის როლში შესულები?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 21.04

ანუ „თვალი მიჭირავს შენზედა“
ჯერ კიდევ 7 აპრილს ეწვია ისრაელის პირველკაცი აშშ-ის პრეზიდენტს და თუმცა დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარს უჭერს, თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ აშშ-მა დაასანქცირა ჰააგის ის მოსამართლეები, რომლებმაც ისრაელის პრემიერის დაპატიმრების ორდერი გასცეს და, მეორე მხრივ, პალესტინელებსაც ემუქრება, ისრაელის მედიის ცნობით, ზემოხსენებული შეხვედრა ისრაელის პირველკაცისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა: ნეთანიაჰუ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხოლოდ ინტერიერს ამშვენებდა და იღიმებოდა, ვინაიდან ვერაფერს ხელშესახებს ვერ მიაღწიაო. უპირველესად, იგულისხმება ირანის ბირთვული პროგრამა და, სხვათა შორის, აშშ-სა და ისრაელს შორის სავაჭრო საკითხებიც (აშშ-ის პრეზიდენტი არც ისრაელისთვის აპირებს ტარიფების ამაოდ დათმობას). მეორე მხრივ, თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა (მომყავს ციტატა): „ვუთხარი ისრაელს, რომ თუ თურქეთთან პრობლემა აქვთ, ვფიქრობ, შემიძლია ეს საკითხი მოვაგვარო. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ერდოღანთან – ის მომწონს, მასაც მოვწონვარ და ეს მედიას აგიჟებს.“ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, სახელდობრ, რომელ მედიას აგიჟებს ერდიღანისა და ტრამპის ურთიერთსიმპათიები და არის თუ არა ეს ის შემთხვევა, რომელზეც ითქმის: „თვალი მიჭირავს შენზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა“, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს უთხრა: „თუ ოდესმე თურქეთთან პრობლემა გექნება, შემიძლია დაგეხმარო მის გადაჭრაში, მაგრამ შენ უნდა იყო გონიერი.“
სამწუხაროდ, ჩვენ არც ის ვიცით, რით გამოიხატება ნეთანიაჰუს გონიერება, მაგრამ ვიცით, რომ ისრაელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს, რომელმაც უზრუნველყო თურქეთისა და ისრაელის მოლაპარაკებები სირიის შესახებ. სიმართლე გითხრათ, იმთავითვე მქონდა ეჭვი, რომ თურქეთისა და ისრაელის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება არც ისე მწვავე იყო, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ისრაელი მეტად მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის ყველაზე ახლო პარტნიორ აზერბაიჯანთან, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენს აღმოსავლეთით და სამხრეთით მეტად საინტერესო პროცესები ვითარდება, მაშინ, როდესაც მშობლიური პოლიტიკური სპექტრი „შინ – ევროპას“ ვერ გასცდენია, რაც, თავისთავად, ნიშნავს, რომ წასაკლავი ქათმის როლს ვერა და ვერ დაუძლევია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან