პოლიტიკა

შემსუბუქებით ამსუბუქებულები

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გაზნავთობმოწყალენი

მაშინ, როდესაც დასავლელები შემომწყრალნი არიან, რაკი ყელში არ ვეკვეთებით რფ-ს და, თუ მთლად ყელში არა, ეკონომიკური სანქციებით მაინც, დიდმა ბრიტანეთმა შეარბილა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. რატომ? იმიტომ რომ საწვავის ბაზარზე კრიზისია, რომელიც ამერიკისა და ისრაელის ირანზე თავდასხმამ გამოიწვია.

უცნაური ისაა, რომ საწვავის კრიზისს მაინცდამაინც დიდად არ უმოქმედია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე, მაგრამ სტარმერის რფ-ისადმი ამ ლმობიერი გადაწყვეტილების მიზანი აშშ-ის მხარდაჭერააო.

აი, აშშ კი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივად გაუქმების მომხრეცაა და ამ მიმართულებით ნაბიჯებსაც დგამს.

სულ პირველად ამ გზას ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორი მაშინ დაადგა, როდესაც ირანმა თავდასხმის საპასუხოდ ჰორმუზის სრუტე გადაკეტა და დანარჩენი მსოფლიო ნავთობის 13 და გაზის 17 პროცენტის გარეშე დატოვა, რამაც, ბუნებრივია, ეს ორივე პროდუქტი გააძვირა. ფასების გაძვირების მეტ-ნაკლებად შეკავების მიზნით დინალდ ტრამპმა ჩინეთსა და ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის ნება დართო (კეთილი გული აქვს ბემურაზს!). და მაისისთვის აგერ უკვე მესამედ გააგრძელა სანქციების შესუსტების გადაწყვეტილება.

შესაძლოა, ბრიტანეთმა იფიქრა, მესამე და სამართალიო და, იმავე საღამოს შეუერთდა შემსუბუქებულ სანქციებს. კერძოდ, ლონდონმა დაუშვა დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის იმპორტი, რომლებიც, ცხადია, წარმოებულია რუსული ნავთობისგან. ასევე, მოუხსნა შეზღუდვები რუსეთის ორ საგაზო პროექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ბრიტანულ კომპანიებს შეუძლიათ, დააზღვიონ და დააკრედიტონ რუსეთიდან მესამე ქვეყნებში თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდება და არა მხოლოდ ეს – უზრუნველყონ კიდეც მისი გადატანა.

საინტერესო ისაა, რომ ამერიკული და ბრიტანული გაზითა და ნავთობმოწყალებით, ძირითადად, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ისარგებლებენ. და მე არ ვიცი, რა პოლიტიკური მოტივი იმალება ამ შემსუბუქების მიღმა, თუმცა, თუ ბლუმბერგს ვერწმუნებით, რუსეთის ნავთობის ექსპორტმა 2026 წელს რეკორდულ დონეს მიაღწია (საშუალო დღიურმა მიწოდებამ 3.66 მილიონი ბარელი შეადგინაო). აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: თუ ასე სწრაფად აპირებდნენ დამოყვრებას, ეს მაინცდამაინც, ჩვენი ქელეხის ხარჯზე უნდოდათ, მომხდარიყო?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი