პოლიტიკა

ბრძნულ აზრთა მჭედელი

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 10.06

ამბები
დაკოპირებულია

ის, რომ ზოგიერთ ჩვენებურ კანონმდებელს რუხი ნივთიერება, მაინცდამაინც, არ უჩხრიალებს, თეთრის პარალელურად, ლამის ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს და გამონაკლისი არც ხალხის რჩეული ქ-ნი წილოსანია, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე სტაჟიანია (ცხადია, კანონმდებელი), ვინაიდან პირველად არ მოხვედრილა, რა თქმა უნდა, კანონმდებლის სავარძელსა და კანონმდებელთა ორგანოში. შესაძლოა, იმიტომაც, რომ სტაჟიანია, თავის თავზე აიღო არაადეკვატურად გაზრდილი ჯარიმების გამართლების მისია (თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ საკმაოდ უნიჭო შემსრულებელია) და სწორედ ამ ეგიდით მოგვახსენა, რომ (მომყავს ციტატა): „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. რა შეიძლება, იყოს ეს მოტივაცია, თუ არა ფინანსური ჯარიმები.“

თუ გავიხსენებთ, რომ თბილისის გენგეგმას კოჭებშივე ეტყობოდა, რომ თბილისელების მიმართვას გეგმავდნენ ან ავტობუსებით მგზავრობის ან ფეხით სიარულისკენ, ქ-ნი წილოსანის ბაგეები ამ შემთხვევაში სრულ სიმართლეს ღაღადებს (სამაგიეროდ, პატიოსანი გვამები იმოძრავებენ თავისუფლად თავიანთი ავტოებით).

ხოლო, რაკი ჯარიმებით ბიუჯეტიც შეივსება და მოძრაობაც განიტვირთება, სავარაუდოდ, იქ, ზემოთ, ორი კურდღლის დაჭერა განუზრახავთ. თუმცა, მე რომ მკითხოთ, აჯობებდა, ტვინი გაევარჯიშებინათ და, თუ საკუთარი გონებრივი მონაცემი არ ჰყოფნით, სპეციალისტები დაექირავებინათ, იმას მაინც დაასწავლიდა, როგორ შეეფუთათ მავნე აზრები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი