პოლიტიკა

რატომ არის დამახასიათებელი ქართველებისთვის საკუთარი პრობლემების სხვებისთვის გადაბრალება

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

მერაბ ონიანი
დაკოპირებულია

დასამალი არ არის, რომ, თუმცა, ზოგადად, ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ, განსაკუთრებით, ქართველებისთვის, რომ ყველაფერში დამნაშავეა გარემო და, რა თქმა უნდა, სხვები. ყველა და ყველაფერი ცუდია და მტრულადაა განწყობილი ჩვენდამი, ასეთი სრულყოფილებისა და ჩაგრულებისადმი, სიკეთის განსახიერებისადმი. მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიულია და შედეგი არ მოაქვს. სწორედ ამ თემაზე ვიმსჯელებთ ფსიქოთერაპიის დოქტორსა და თეოლოგთან, მერაბ ონიანთან ერთად.

– რა არის სამყაროზე ტოტალურად გაბრაზების მიზეზი და რატომ აქვთ ეს დამოკიდებულება ასე გამძაფრებული ქართველებს?

– ამ შემთხვევაში წინა პლანზე მოდის უპასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ რომ თითი გაშვერილი აქვს იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავში ვერ ხედავს ნაკლს. ამდენად, ეს საზოგადო ტენდენციაა, ჩვენი ერთგვარი ინფანტილიზმი. სიმართლე გითხრათ, ძალიან მოუმწიფებელი და ჩამოუყალიბებელი ერი ვართ. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რასაც ახლა ვამბობ. ეს სათქმელადაც რთულია და მოსასმენადაც, მაგრამ რეალურად ვერ შევდექით, როგორც ნაცია. მუდმივად სხვებს ვაბრალებთ წარუმატებლობებსა და პრობლემებს და არასდროს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ აგვიღია, არც ერთ თემაზე. სრული ინფანტილიზმი და არაგონივრულია იმის ძახილი, რომ ვართ დამოუკიდებლები, თავისუფლები... ასეთი არასერიოზულობა უკვე აუტანელია. თუ გაჰყვირი, მაგალითად, რომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რატომ არაფერი გაქვს სწორად და გონივრულად გათვლილი?! ერთადერთი, რაც გვახასიათებს, არის ემოციურობა. საბავშვო ბაღის დონეზე ვართ, ხან ომობანას ვთამაშობთ და ხან – რას. არ გამოვირჩევით სახელმწიფოებრივი აზროვნებით, გულისხმიერებით, მოყვასის სიყვარულით, მოყვასზე ზრუნვით. უკვე არ ვართ საზოგადოება, კულტუროლოგიური ენერგეტიკის მატარებელი ადამიანები. კულტურა, ერთ-ერთი განმარტებით, ნიშნავს ტაბუთა სისტემას. თუ ცნობ გარკვეულ აკრძალვებს, გახასიათებს თვითდისციპლინა, თვითშეზღუდვა, მიჰყვები შენი პიროვნების განვითარების პოზიტიურ ხაზს, გინდა, რომ ხვალ უფრო უკეთესი გახდე, ვიდრე დღეს ხარ, ანუ გაქვს ზრდის წყურვილი, ვითარდები. და ეს უნდა იყოს ყველას ამოცანა და მიზანი. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ნოდარ დუმბაძის პერსონაჟს ვგავართ, სიმწიფის ატესტატი ავიღეთ და აწი კისერიც გვიტეხია. მაპატიეთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რეალობა ასეთია.

– მართალია, ეს უსიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი დამოკიდებულებები გვიქმნის პრობლემებს. ადამის ცოდვა არის ეს თითის გარეთ გაშვერა და ღმერთის დადანაშაულება, არადა თავად ცდუნდა და ეს ზოგადად ახასიათებს ადამიანს. რა პრობლემებს გვიქმნის ჩვენი ბავშვური დამოკიდებულება ყველაფრისადმი?

– ვიღაცებმა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობები აიღეს და შედგნენ სახელმწიფოებად. მაგალითად, რუსეთი სახელმწიფოა, აზერბაიჯანი სახელმწიფოა, შენ კი ამხელა ისტორიის მქონე სახელმწიფო ხარ, მაგრამ ვერ უძლებ ვერანაირ შემოტევას, საიდანაც უნდა იყოს და ეს უკვე სირცხვილია. დიახ, ბიბლიურ ისტორიაში ადამმა მთელი პასუხისმგებლობა ღმერთს აჰკიდა და უთხრა, შენ რომ ქალი შემიქმენი, მან მაცდუნაო და ეს, რა თქმა უნდა, ზოგადად, ადამიანს უკავშირდება, მაგრამ ვიღაცები დასხდნენ და თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე იფიქრეს; შექმნეს რაღაც სისტემები, მეტ-ნაკლებად გამართული და ისინი მუშაობენ. ისრაელში ბევრჯერ ვარ ნამყოფი: ეს არის ქვეყანა, ღვთისგან მიტოვებული, იმიტომ რომ აბსოლუტურად უდაბური ადგილებია, უდაბნო და მათ ეს უდაბნო ოაზისად აქციეს, ჩვენ კი გვაქვს სამოთხე, რომელიც ლამის უდაბნოდ ვაქციეთ. ამ მოცემულობაში ძალიან უხერხულია, ამბობდე, რა მაგარი ხარ, როგორც სახელმწიფო. ასეთი უსაფუძვლო ტრაბახისა და სისულელეების მოსმენა აღარ მინდა ხოლმე. არც იმის, რომ სულ წარსულით ვაპელირებთ. რაღა დროს დავით აღმაშენებელია?! ახლა რა შექმენი?! თავი ვერ მოვაბით ქვეყნის განვითარების გეგმის შედგენას. 300 000 თუ 400 000 დარეგისტრირებული ნარკომანი გვყავს, მიამატეთ ერთი ამდენი და მაშინ სადაა ნაციის ჯანსაღი ნაწილი?! ამას ემატება ის, რომ ქალები ცალკე არიან, მამაკაცები – ცალკე: მამაკაცმა ფუნქცია დაკარგა და მისი ფუნქცია ქალმა აიღო თავის თავზე. ამდენად, ქალსაც ვერ შეხედავ, იმიტომ რომ, როდესაც ორმაგი ფუნქცია აქვს აღებული, დაკარგული აქვს თავისი ქალური ენერგეტიკა.

– ნებისმიერ პრობლემას აქვს გამოსავალი. დავუშვათ, ამ პრობლემების სიღრმეს ვერ ხვდება, ზოგადად, საზოგადოება, მაგრამ, საბოლოოდ, კონკრეტულად ადამიანმა უნდა შეცვალოს რაღაც, თუ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გატარდეს?

– პოლიტიკა უნდა გატარდეს. ადრე გამოვეცი ბრძენკაცთა ოქმები, რომელშიც გაწერილი იყო, სხვადასხვა ქვეყანაში როგორ უნდა ემუშავათ და ემოქმედათ და რა შედეგები უნდა მიეღოთ. პუნქტების მიხედვით შეასრულეს. ანუ ისინი მუშაობენ, თუ რა პოლიტიკა უნდა გაატარონ შენს ქვეყანაში, შენ კი შენს ქვეყანაში ვერაფერს აკეთებ. რა შეიძლება, იყოს ამაზე დიდი უმეცრება?!

– მეორე მხრივ, ჩვენთან ყოფით დონეზეც მიღებული და წახალისებულია მსხვერპლის როლი, ყოველთვის მართლები ვართ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ხაფანგი ისაა, რომ წახალისებულია საკუთარი უუნარობის სხვებისთვის გადაბრალება.

– ახლახან ვიყავი ფილმ „ვედრების“ გარჩევაზე, ცუდად გავხვდი, იმიტომ რომ ამ ნაწარმოების კლასიკური სტილით აღქმა უკვე შეუძლებელია. დღეს, ვინც დესტრუქციას მიმართავს, გამოყვანილია გმირად. ამოვვარდით ნორმალური განვითარების ჩარჩოებიდან. თუ გმირობა გინდა, სიგიჟე უნდა გააკეთო. მეტი არაფერი მოგეთხოვება. არანაირი პასუხისმგებლობა არ ჩანს. 65 წლისა ვარ და გულდაწყვეტილი ვარ ამის გამო. ჩვენ სერიოზული დეგრადაცია განვიცადეთ, როდესაც ერთიანი მეფობის ინსტიტუტი დაეცა და სამთავროებად დავიშალეთ. იცით, რომ 40 ეკლესია-მონასტრის პატრონი ვართ იერუსალიმის წმიდა მიწაზე. ისინი მეთვრამეტე საუკუნეში დავკარგეთ, იმიტომ რომ არავის აღარ ჰქონდა გულისყური იქით მიმართული. მონაზვნების წერილები არსებობს, რომ იხვეწებიან, ჩამოდით, დაგვეხმარეთ და ყველაფერს აღვიდგენთო. მაშინ, როდესაც ცალკეული თავადები შემოწირულობებს გაიღებდნენ ხოლმე, ვინარჩუნებდით ავად თუ კარგად. მაგრამ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ბავშვებს ვყიდდით ჩვენი ხელით სტამბოლის ბაზარზე?! იმ სამარცხვინო ხალხის შთამომავლები ვართ ჩვენ. ამ სამარცხვინო საქმიანობას მისდევდნენ იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში. ძლივს მოახერხა სოლომონმა ამის აღკვეთა და იცით, რომ მას დაუპირისპირდნენ ალალი დედა, ალალი ბიძა... მთელი ოჯახი... ასევე, კარგად მახსოვს ომი აფხაზეთში, ტაშფანდური რომ გვქონდა გამართული, იქ კი ომი იყო. პატრიარქის გარდაცვალებამ დამანახვა ის, რომ რაღაცის ირგვლივ მაინც შევიკრიბეთ ეს გაჭირვებული ქართველობა და პატივი მივაგეთ ილია მეორეს. ამით გვაჩვენა პატრიარქმა, რომ რაღაც მაინც გვაერთიანებს და დიდება უფალს. ეს პატრიარქის ძალიან დიდი ბოლო საჩუქარი იყო ჩვენთვის დანატოვარი, მე მინდა, ამ კუთხით დავინახო მისი გარდაცვალება.

– თქვენ გაიხსენეთ მართლაც ძალიან სამარცხვინო და მტკივნეული ფურცელი ჩვენი ისტორიიდან, ტყვეთა სყიდვა, მაგრამ ადამიანის ისტორია იწყება იმით, რომ ძმამ მოკლა ძმა, მაგრამ სწორედ ავაზაკი შევიდა პირველი სამოთხეში. ის, რომ სამარცხვინო ლაქები გვაქვს, მონანიება არის გზა ცოდვების ჩამორეცხვისკენ და რაც დიდია ცოდვა, მით მადლიანია განწმენდა.

– არც მე არ ვუყურებ ამ მოვლენებს ისე, რომ ყველაფერი დაკარგულია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვერ დავსხედით და ვერ მოვუყარეთ თავი აზრებს, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. შეიძლება, რაღაც შენთან 30-ჯერ მეტი ღირდეს, ვიდრე გერმანიაში ღირს?! არ ჩანან პიროვნებები, რომლებიც თავიანთ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ დონეზე სწორად აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ ეს არ არის ზოგადი ტენდენცია. რომ შეიკრიბოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთა ერთობლიობა, ესეც კი შეცვლიდა კლიმატს და გაზაფხულს მოიყვანდა. მე ამის მჯერა და ვეძებ ასეთ ადამიანებს.

– როგორც ფსიქოთერაპევტი, რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველებს, რომლებიც ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ, ადამიანს რაც ემართება, ეს მის მიერაა გამოწვეული და მიზეზები გარეთ კი არა, საკუთარ თავში უნდა ეძიოს?

– მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე და მივიღოთ მონაწილეობა ამ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში; გულთან ახლოს მივიტანოთ, რაც ხდება და თავი დავანებოთ თითის გაშვერას, რომ ამის თუ იმის ბრალია. შენ თვითონ რას აკეთებ?! როდესაც ცდილობ, რომ წვლილი შეიტანო იქ, სადაც ხარ და რა სფეროშიც ხარ, უკვე კარგია; სადაც ხარ, იქ შეგიძლია, გაათბო ადამიანების გულები, როგორც შეგიძლია და სიკეთეს მოემსახურო; სწორი სიტყვა თქვა, სიყვარული გამოასხივო. ყველა ადამიანმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისგებლობა. ერთობის იდეა გვჭირდება. ვიცით, როგორ შეაცვლევინა მაცხოვარმა 12 კაცს მთელი სამყაროს ცნობიერება. ეს ხომ ზღვაში წვეთია, მაგრამ იმხელა მუხტი მიეცათ, ისეთი შემართება ჰქონდათ ამ ადამიანებს, რომ თავს დებდნენ იდეისთვის. ერთმანეთის თანადგომა, ერთმანეთზე ფიქრი და ზრუნვა ძალიან საშური ამბავია. ეს ყველაფერი თავიდან უნდა იწყებოდეს, ბავშვების აღზრდიდან. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა შემართებით ზრდი ქართველ ადამიანს, რისთვის ზრდი?! არის დიდი ღირებულებები და მიზნები, რომლებიც სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია; არის ისეთი მიზნები, რისთვისაც თავი უნდა დადო, თავი უნდა გაწირო ადამიანმა.

– ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, ვისაც შეუძლია იდეისთვის თავის გაწირვა.

– რა თქმა უნდა. ჩვენ გვგონია, რომ სიცოცხლეა ყველაზე დიდი ღირებულება და მას დავკანკალებთ – ოღონდ რამე არ დაგვემართოს. ის გმირული სულისკვეთება კი, რაც ცხრა ძმა ხერხეულიძის გამზრდელმა დედამ ჩაუდო თავის შვილებს და თავის თავში ატარა, არ გვინდა. დღეს ამის დეფიციტია და მე არ მინდა, რომ საქართველოში ჭირისუფალი მერქვას და დავტიროდე ჩემი სამშობლოს ცხედარს. ამდენად, იქნებ წამოვაყენოთ ფეხზე ეს ქვეყანა და როგორც ქრისტემ უთხრა ლაზარეს, გამოდიო, ჩვენც ვუთხრათ ჩვენს ქვეყანას, ადექი და გამოდიო. ერთ მუშტად შეკვრა გვინდა, სიყვარული გვინდა. სამწუხაროდ, სიყვარულის სულისკვეთებიანი ხალხი ნაკლებადაა. ჩვენ მაინც იმაზე ვართ ორიენტირებული, რომ ეს არ ვარგა, ის არ ვარგა... სულ ეს გვაკერია პირზე და არაფერ კარგს არ მოგვიტანს. გვჭირდება შემოქმედებითი, აღმშენებლობითი, სულიერი, სიყვარულიანი ხედვა, როდესაც შევძლებთ, ერთმანეთში პოზიტიური მხარეები დავინახოთ, შევაქოთ ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ძალა და შემართება მივცეთ საერთო საქმისთვის, რომ დაირაზმოს საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც და შეიკრას იმ იდეით, რასაც ამ ქვეყნის სიყვარული და ერთგულება ჰქვია. მამულიშვილური სული გვჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი