პოლიტიკა

რატომ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიას შუა დერეფნისა და ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:00

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

სანამ გეოპოლიტიკურ მოცემულობებს ვარჩევთ, რუსეთის ფედერაცია კვლავაც მოხერხებულად იყენებს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს თბილისზე ზეწოლისთვის, რაც რთული სათქმელია, არის თუ არა პროდუქტიული მოსკოვისთვის, რომელიც თითქოს შეუქცევადად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე. ამასთანავე, ჩვენთვის არც ის არის ცნობილი, თუ რა განწყობებია ცხინვალსა და სოხუმში. სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსებას შევეცდებით კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად.

– რა ინფორმაცია გაქვთ, რა ხდება სოხუმსა და ცხინვალში?

– ტყუილი იქნება, გითხრათ, რომ აფხაზეთში განსაკუთრებული ანტირუსული ან პროქართული განწყობებია. აფხაზ საზოგადოებაში ძალიან პლასტური განწყობებია: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი მათ გამოიყენებს და მოისვრის; არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის გარდა ვერაფერს ხედავენ და არიან ადამიანები, რომლებიც სულ სხვა მიმართულებით იყურებიან, მაგალითად, თურქეთისკენ; ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დანარჩენ საქართველოსთან რაღაც ეკონომიკური კავშირების შექმნას. ასეთები ძალიან ბევრნი არ არიან, მაგრამ რუსეთის მიმართ გაღიზიანება საზოგადოებაში ზოგადად არსებობს.

– რა აღიზიანებთ აფხაზებს რუსეთის?

– ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რუსეთისთვის არიან პოლიგონი, რომელიც გულისხმობს რუსეთის მიერ ფეხის მოკიდებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აფხაზების ბუნებაა ასეთი და ამიტომ მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ, თუ პოლიგონი ვართ და გვიყენებენ, მაშინ ჩვენც გამოვიყენოთ. ასე აღიქვამენ და აღიქვამდნენ რუსეთს ყოველთვის. რუსეთმა აფხაზური მხარის დაფინანსება ცოტათი გამოასწორა, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის კურატორად კირიენკო დაინიშნა. მოგეხსენებათ, კირიენკო სოხუმელია, დაბადებული და გაზრდილია სოხუმში და, როდესაც სოხუმში ცხოვრობდა, მისი გვარი იყო იზრაიტელი. რუსეთში გადასვლის შემდეგ გახდა კირიენკო. ალბათ, გახსოვთ, რომ ერთ დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც კი ეკავა. ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა და კურირებს, მათ შორის, აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთს. მისი დანიშვნით სიტუაცია იმ მხრივ, შეიცვალა, რომ კორუფციის დონე დაეცა. ყოველწლიურად იგზავნება აფხაზეთში ტრანშები. აფხაზეთის ბიუჯეტის 70 პროცენტი რუსული ფულით, ანუ რუსული ტრანშებით, ივსება. ეს ფული კი გზაში სულ იძარცვებოდა: ჯერ – მოსკოვში, შემდეგ – როსტოვში, ბოლოს კი – თვითონ აფხაზი ჩინოვნიკების მიერ. ახლა ეს მდგომარეობა შეიცვალა. კორუფცია ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ, რუსეთი უფრო ძლიერად იკიდებს ფეხს აფხაზეთში და იქ ადამიანები აცნობიერებენ, რომ რუსები აკეთებენ ყველაფერს საიმისოდ, რომ აფხაზეთში, მაგალითად, ეკონომიკა არ განვითარდეს და თუ განვითარდება, განვითარდეს რუსული ფირმების მეშვეობით. აფხაზეთში ეკონომიკის არგანვითარება ნიშნავს, რომ აფხაზეთი მუდმივად იქნება დამოკიდებული რუსეთზე. აფხაზეთში ზოგიერთმა უკვე ხელი ჩაიქნია ამ გარემოებაზე და მიაჩნიათ, რომ რუსეთი ვალდებულია, დაეხმაროს, იმიტომ რომ უნარჩუნებენ ფორტპოსტს – სამხრეთ კავკასიას. ასეთი დამოკიდებულება აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ, როგორც კი ფსოუზე გადავლენ, სიტუაცია რადიკალურად იცვლება: მაშინვე კანონმორჩილები და რუსეთის ძალიან ერთგულები ხდებიან. სხვათა შორის, ბევრი კავკასიელი ცხოვრობს ამ პრინციპით.

მოსკოვს იყენებენ, როდესაც თავად სჭირდებათ. მოსკოვიც ძალიან კარგად აცნობიერებს ამას და ამიტომ არის ყველა კავკასიური რესპუბლიკა დოტაციური. სპეციალურად ჰყავს რუსეთს დოტაციაზე, რომ ფინანსური და ეკონომიკური სადავეები ხელში ჰქონდეს. მსგავსი მდგომარეობაა აფხაზეთშიც. თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან გაიზარდა თურქეთისკენ მაყურებელი აფხაზების რიცხვი და ეს განპირობებულია ძალიან ბევრი ფაქტორით. მთავარი ფაქტორია ის, რომ თურქეთში სერიოზული აფხაზური დიასპორაა და რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთში თურქული გავლენები შეასუსტოს. მოგეხსენებათ, წინა საპრეზიდენტო არჩევნებისას საუბრობდნენ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი იყო პროთურქული ორიენტაციის და, რუსული მედიის ინფორმაციით, იმ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ პრორუსული და პროთურქული ძალები. ითქვა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლეო მიქაა არის თურქული გავლენის აგენტი. მე კი ეს ლეო მიქაა მახსოვს იმ დროიდან, როდესაც მიქავა იყო. აი, ასეთი მრავალფეროვნებაა იქ, ამიტომ ცალსახად რამის თქმა რთულია. თუმცა, ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც ძალიან გაუჭირდებათ ხოლმე, აუცილებლად მოსკოვს სთხოვენ დახმარებას.

– ცხინვალში რა ხდება, თუ დარჩა ვინმე, რამე განწყობა რომ ჰქონდეს?

– ცხინვალში სხვანაირი მდგომარეობაა. ცხინვალი, მთელი რეგიონი, ერთ სამხედრო ბაზადაა ქცეული. იმდენად დიდი გავლენა აქვს იქ სამხედრო ფაქტორს, რუსეთი არასდროს განიხილება უარყოფით კონტექსტში და განიხილება მხოლოდ დადებით კონტექსტში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს თავის გაერთიანებას რუსეთის ფედერაციაში, თუმცა რუსეთის ფედერაცია ჯერჯერობით ამისაგან თავს იკავებს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. მიუხედავად ამ პესიმისტური პროგნოზისა, მაინც მგონია, რომ ჩვენ ამის კონტრღონისძიებების გატარებაზე კარგა ხნის წინ უნდა დაგვეწყო ფიქრი.

– ამ რეგიონებს რუსეთი იყენებს კოზირებად თბილისზე ზემოქმედებისთვის, როგორც იმ დოკუმენტის რატიფიკაციას, რომელიც „იუჟნაია ოსეტიასთან“ ურთიერთობის გაღრმავებას ეხება. რა მიზნით?

- ცხინვალთან ვითარება ისედაც გარღმავებულია და ვერანაირ „სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას“ ვერ მიიღებენ მოსკოვის გარეშე. საკანონმდებლო სივრცე კარგა ხანია, თითქმის გაერთიანებულია. იქ არის რაღაც პატარა პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. რუსეთი მართავს სიტუაციას, როგორც უნდა. მაგალითად, პირობით საზღვარზე ატარებს იმას, რაც უნდა, მაგრამ ამ დოკუმენტის რატიფიკაციით მოხდა რეაქციის დემონსტრირება. მოსკოვში ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ფიქრობდნენ, რომ ქართველების დამოკიდებულება დასავლეთთან შეიცვალა. მაგრამ მათ ირეაგირეს ზელენსკისა და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ ფოტოზე.

– როგორი მგრძნობიარეები არიან; თავად რომ იღებენ კრემლში ყველა სეპარატისტს და აფოტოსურათებენ შეხვედრებს?

– ფაქტია, რომ ასე რეაგირებენ. ფაქტი მაგალითად მოვიტანე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრამ სომხეთში წითელი ნაჭრის ფუნქცია შეასრულა იქ და ამის გამო დააჩქარეს ამ დოკუმენტის მიღება, თორემ ეს დოკუმენტი შვიდი წელია, დევს და კაციშვილს არ გახსენებია. კიდევ უნდა გავიმეორო, რომ ეს დოკუმენტი არის აბსოლუტურად ფორმალური, იმიტომ რომ ისედაც ინტეგრირებულია, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი რუსეთის სამართლებრივ სივრცეში. აფხაზეთშიც, ფაქტობრივად, იგივე ვითარებაა, მაგრამ აფხაზების დამოკიდებულება რუსეთთან გაერთიანების შესახებ არის მკაცრად ნეგატიური. ამიტომ იქ ასეთი ტიპის ღონისძიებას აზრი არ ჰქონდა, ცხინვალში ჰქონდა, იმიტომ რომ თბილისში კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად ოს საზოგადოებას მოსკოვისადმი. რუსეთში იცოდნენ, რომ ამ დოკუმენტის რატიფიკაცია თბილისს გულზე მოხვდებოდა და დაამუხრუჭებდა და, ალბათ, დაამუხრუჭა კიდეც.

– სადამდე შეიძლება, გამოიყენოს ზემოქმედების ბერკეტად ეს ჩვენი სეპარატისტული რეგიონები? და გარდა ჩვენზე ზემოქმედებისა, სხვა რა მიზნების მიღწევა შეუძლია მსგავსი მანიპულირებით?

– ამ წუთას მოსკოვისთვის მთავარი არ არის საქართველო, მთავარია სომხეთი და ის არჩევნები, რომლებიც იქ იმართება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არჩევნების დასრულებისა და შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი. მე ყველა ტიპის ნაბიჯს ვვარაუდობ. რასაკვირველია, ყველაფერი დამოკიდებულია მსხვილი მოთამაშეების შეთანხმებებსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე, მაგრამ, თუ ფაშინიანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და სომხეთის პრორუსი პარტიები დამარცხდნენ. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის სქემა, რომლებზეც აქამდე გვისაუბრია, შუა დერეფანი თუ ზანგეზურის დერეფანი, ამუშავდება და მათი ამუშავება მოსკოვისთვის არის სიკვდილის ტოლფასი. ეს ნიშნავს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის დაკარგვას, არამედ ნიშნავს ცენტრალური აზიის დაკარგვასაც. მით უმეტეს, რომ ძალიან მაღალი ანტირუსული განწყობებია ყაზახეთში.

– და რა შეიძლება, მოიმოქმედოს რუსეთმა საპასუხოდ?

– ყველაფერი დამოკიდებულია ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე: ერთია, როგორ დამთავრდება მსხვილი მოთამაშეების კულუარული მოლაპარაკებები და, აქედან გამომდინარე, როგორ გაგრძელდება უკრაინის მოვლენები. შედეგები ამ მოვლენებზეა დამოკიდებული, ვინაიდან ჰიპოთეტურად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქული გავლენა შეზღუდოს, რადგან სამხრეთ კავკასიაში თურქული გავლენის გაზრდის შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეექმნება ჩრდილოეთ კავკასიაში. ამიტომ არ გამოვრიცხავ არანაირ აქტიურ ნაბიჯს, მათ შორის, სომხეთში სამხედრო ძალით გადატრიალებასაც კი და ეს ყველაფერი, რასაკვირველია, საქართველოს უსაფრთხოებაზე სერიოზულად იმოქმედებს.

– ძალიან უცნაური რამ განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა, ტოკაევმა, ოქროს ურდოს მემკვიდრეები ვართო. რატომ გაახსენდა ოქროს ურდო მაიცდამაინც ახლა?

– ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვათა შორის, დიდი თურანის თემაში. ყაზახეთს არ უნდა, დიდი თურანის პროექტში იყოს მეორეხარისხოვანი ქვეყანა. ამ პროექტის მთავარი იდეოლოგი და წარმმართველი არის თურქეთი, მაგრამ ბოლო დროს თურქეთმა მართვის სადავეებით აზერბაიჯანს გადასცა და ამდენად, ყაზახეთი გამოდის მეორეხარისხოვანი ქვეყანა. ეს კი არც ტოკაევს უნდა და არც ყაზახეთის მმართველ ელიტას. უნდა ითქვას, რომ ყაზახური მმართველი ელიტა, ეთნიკური წარმომავლობის მხრივ, ცალსახად პროთურქული არ არის. რასაკვირველია, ეს არის თურქული წარმომავლობის ხალხი, მაგრამ ისინი მკვეთრ ხაზს ავლებენ სელჯუკებსა და ყივჩაღებს შორის. მაგალითად, ყაზახი მეცნიერების ოფიციალური ვერსია ასეთია, რომ ისინი არიან ოქროს ურდოს შთამომავლები, ოქროს ურდო კი ყივჩაღურ ტომებზე იდგა, სხვა დანარჩენები შემდეგ შეემატნენ. გადამწყვეტი, საბაზისო ხალხი იყო მონღოლები და შემდეგ უკვე – ყივჩაღები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი