რა განსხვავებაა 1918 წლის 26 მაისს მიღებულ დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს შორის
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
2026 წლის 26 მაისს 35 წელი უსრულდება დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენას და ბუნებრივად იბადება კითხვები: რა ვისწავლეთ ამ ხნის განმავლობაში, რა გამოწვევები გადავლახეთ და რა გაჩნდა ახალი დაბრკოლების სახით; წინ წავიწიეთ, თუ ისევ იქ ვართ, სადაც 35 წლის წინათ ვიყავით? – ამ თემაზე აკაკი ასათიანი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.
– ამ ხნის განმავლობაში ნელა ვვითარდებით თუ მაინც ჩამოვრჩებით?
– ჩამორჩენა გვაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 1991-1992 წლების გადატრიალებამ ძალიან უკან დაგვხია. და აი, მოქმედებს ეს ამბავი. ნელ-ნელა, მძიმედ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან. სიმართლე გითხრათ, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟსა და ჩვენი ხელისუფლების დასაწყისშიც პირადად მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში განვითარებით პორტუგალიის დონეზე ვიქნებოდით. ამის აბსოლუტური შანსი იყო და მეტის შანსიც გვქონდა, მაგრამ დაიწყო ქაოსი. არც მე მილხინდა, ბევრი პრობლემა მქონდა, მაგრამ, რაც ხალხმა გადაიტანა, არც კი ვიცი, როგორ გადაიტანა და რას გაუძლო. ეს ძალიან დასაფასებელია, მაგრამ, 1918 წლის დამოუკიდებლობისგან განსხვავებით, ხალხური გამოთქმის არ იყოს, ქარის მოტანილი ქარმა რომ წაიღო, ბრძოლით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ჰაიჰარად არ ვამბობ, ქარის მოტანილი იყო-მეთქი. დეკლარაციის ტექსტია ამის საუკეთესო დასტური. წერია, იძულებული ვართ, გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობაო და ეგ იძულებაც, სხვათა შორის, გერმანელების დამსახურებაა. მათ დააძალეს, ურჩიეს.
– მარტო ჩვენ არა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც დააძალეს.
– მათ უთხრეს, ამით თურქეთისგან დაგიცავთო, თორემ ხომ ვნახეთ, თურქებმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავი დადეს მერე რუსებთან. რუსებს რა ენაღვლებოდათ ჩვენი მიწები?! ან ჩვენი რა გვიკვირს, როდესაც თავისად თვლიან ბელარუსსა და უკრაინას და დასავლეთ ნაწილი გერმანიას მისცეს.
26 მაისი ჩემთვის და ეროვნული მოძრაობის მონაწილეებისთვის ძალიან ძვირფასი დღეა, იმიტომ რომ ამ დროშით გამოვდიოდი. ჩვენთვის მანათობელი შუქურა იყო ის სამწლიანი დამოუკიდებლობა და მაინც ძვირფასია. ხალხის მეხსიერებაშიც რაღაცნაირად დარჩა, ვინაიდან მას არ ახლავს ტრაგიზმი, როგორც 9 აპრილს. გვინდა თუ არა, 9 აპრილის ბრძოლა იყო დაგვირგვინება თავისუფლებისთვის ათასწლეულებით ბრძოლისა და ყველა იმ ადამიანის გამართლება, ვინც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის ფარნავაზიდან დაწყებული; დამოუკიდებლობისთვის მებრძოლია ვახტანგ გორგასალი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლია მირიანი და უამრავი ვინმე. არაფერს ვამბობ შუა საუკუნეებზე. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ასეთი არანორმალური სამეზობლოს პირობებში ასე შეუპოვრად ეომოს. ზოგი ამბობს, ღირდა კი 9 აპრილიო?! თუ არ ღირდა, მაშინ არც დიდგორი ღირებულა, არც მარტყოფი, არც მარაბდა... მარაბდის ბრძოლა თითქოს წავაგეთ, მაგრამ ეს პიროსის გამარჯვება იყო სპარსელებისთვის. თეიმურაზ პირველი შესანიშნავი კაცი იყო კარგი პოეტი, კარგი მეომარიც, მაგრამ, მას რომ ლუი მეცამეტესავით გიორგი სააკაძისთვის დაეთმო კანცლერობა, როგორც რიშელიე იყო საფრანგეთში, უკეთესი შედეგები გვექნებოდა, მაგრამ ამის გახსენება შორს წაგვიყვანს.
– ამ 35 წელიწადში რამე განსაკუთრებული უნარი თუ ვაჩვენეთ?
– დიახ, 10-ჯერ და მეტით მეტი დროა, დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე 1918-1921-ში ვიყავით და, რაც მთავარია, ეს არის სამუდამო, სანამ დედამიწა იარსებებს. ამაზე შემიძლია, თავი დავდო. ვიღაცები ბოდავენ, რომ გვიპირებენ, გვაქციონ გუბერნიად, გვაბარებენ და ასე შემდეგ, სრული სისულელეა. ამას არც არავინ იზამს, არც აკეთებს და ვერც გააკეთებს. 26 მაისი მონაპოვარია და მე ყოველთვის საზეიმო განწყობა მაქვს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, დამოუკიდებლობის დღეა, მეორე – მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ამ დღეს დედაჩემი იყო დაბადებული და ჩემთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი დღეა. იმედი მაქვს, ის უფრო გვემახსოვრება, რომ ბრძოლით აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ღვთის წყალობით, დარწმუნებული ვარ, მესამე აღდგენა არ დაგვჭირდება.
– ჩვენ როგორ შევიმშვენეთ დამოუკიდებლობა, შევძელით, გავმხდარიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები?
– 1991-1992 წლების გადატრიალება იყო კომუნისტური კონტრრევოლუცია. როგორიც ბევრგან მოხდა და ამაში სხვა ძალებიც იყო ჩართული. სხვათა შორის, დასავლეთსაც კი ყოფილი კომუნისტები ერჩივნათ, იმიტომ რომ მორჩილები არიანო. ერთ კაცს ვუთხარი, გიყვართ თქვენ ყოფილი ჩეკისტები და კომუნისტები-მეთქი და მიპასუხა, მოდი, გულწრფელად გეტყვი, ეროვნული მოძრაობიდან გამოსული ხალხი აქაც და სხვაგანაც ურჩი ხალხი ხართ, ესენი კი, როგორც რუსების მონები იყვნენ, ისევე იქნებიან ჩვენი მონებიო. მე ისიც კი მიკვირს, შევარდნაძე რომ მაინც ცდილობდა, ბოლომდე მონად არ გადაქცეულიყო. მაგრამ სწორედ ეროვნული მოძრაობის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა არ აძლევდა მას ამის საშუალებას. იმდენი კი ესმოდა, რომ აქედან გადახვევა გამორიცხული იყო. ოღონდ 90-ანები იყო კატასტროფული ჩავარდნა და ვინც როგორ უნდა იწუწუნოს, ქვეყანა ვითარდება. სასურველია, უფრო სწრაფად განვითარებულიყო, მაგრამ ვითარდება დანამდვილებით და ეს არის მთავარი.
– შევადაროთ სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთდროულად დავიწყეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა.
– ბალტიისპირელები იყვნენ, არიან და იქნებიან ევროპის ყრუ პროვინცია. ერთი პრობლემაა, რომ რუსები ვერ არიან ჭკუაზე, თუ წამოუვლით და ესვრიან, თორემ „ნატოს“ ქოლგა აფარიათ, ევროკავშირის ფინანსური დახმარება აქვთ, მაგრამ ლიეტუვადან გასულია 800 000 კაცი, ძირითადად, ახალგაზრდობა. ლიეტუვაც 3-მილიონიანი იყო და ისეც დაიცალა ევროკავშირის წევრობით. ესტონელები სამაგალითო ხალხია, იქაც ბევრი რუსი ცხოვრობდა და აღმოსავლეთი ნაწილი, ფაქტობრივად, რუსული იყო, მაგრამ დასავლეთის დიდი მხარდაჭერითა და სწორი იურიდიული ნაბიჯებით, გადალახეს ეს პრობლემები და ასე თუ ისე ცხოვრობენ. ვიმეორებ, ეს არის ევროპის პერიფერია. სიმართლე გითხრათ, მე მათი არ მშურს. რაც შეეხება ბელარუსს: ეს არის არაჩვეულებრივი ხალხი, ლამაზი ქვეყანა, მაგრამ, ვიმეორებ, სამჯერ ვიყავი და გულში ვფიქრობდი, რომ, თურმე კომუნიზმი შესაძლებელი ყოფილა, ოღონდ, თუ ყველა ბელორუსი იქნებოდა საბჭოთა კავშირში. ეს არის მორჩილი, მშვიდი, მშრომელი ხალხი, საოცრად დისციპლინებული, მაგრამ ძალიან მოსაწყენი ქვეყანაა.
– მოსაწყენია, რადგან არ ჩხუბობენ, როგორც ჩვენ და არ აგინებენ ერთმანეთს?
– ქუჩაში ხმამაღლა ლაპარაკს ვერ გაიგონებ. ადამიანი წითელზე არ გადავა. უცნაური ხალხია. გერმანელები რომ შევიდნენ ბელოსურიაში, ჰიტლერს წერდა იქაური მმართველი გერმანელი, ვერ წარმომედგინა, ეს რა ხალხი ყოფილაო; ძირითადად, ცისფერთვალება და ქერათმიანიო... თან უფრო ლიტვასთან იყვნენ დაკავშირებულები ისტორიულად, ვიდრე რუსეთთან, მაგრამ თეთრი რუსები ჰქვიათ. უკრაინას, ხომ ვხედავთ, რაც ხდება: იხდიან დამოუკიდებლობის საფასურს, იმიტომ რომ იმხელა იყო, რომ თავის დროზე რუსებს მათთვის არ სცხელოდათ, თავიანთი ქვეყანა ჰქონდათ მისახედი. ახლა აგლეჯენ აღმოსავლეთ-სამხრეთს, თუმცა ძალიან გაუძნელდათ ამ ბოლო დროს. პუტინის შეხედვაც საკმარისია იმის მისახვედრად, თუ როგორ აქვთ საქმე. ეს გამუდმებული მუქარაც, ბომბს ვისვრიო, ლაჩრის ლაპარაკია, უმწეობის გამოხატულება. უკრაინა უმდიდრესი და ულამაზესი ქვეყანაა, რომელიც ისევ უკან-უკან წავიდა. გასაგებია, რომ დასავლეთი არ მოეშვება. ფული ჩაიდება. პერსპექტივა აქვთ, ოღონდ ჯერ შესაშური არც მათთან ხდება არაფერი... ჩვენს მეზობლებს რაც შეეხება: ატყდა პანიკა, რომ ჩვენ ფუნქციას ვკარგავთ, ერევანში ჩატარდა სამიტი, ჩვენ დავრჩით განზეო. ვნახოთ, რად დაუჯდება ფაშინიანსა და სომხეთს ეს ამბავი, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მუქარებს, მაგრამ ეს მეორე თემაა. გაბედეს, როგორც იქნა, იმიტომ რომ მიხვდნენ. პირველ მსოფლიო ომში რუსებმა ატეხეს და, სულ ცოტა, მილიონამდე სომეხი შეეწირა ამას, შემდეგ რუსებმა ხელები დაიბანეს. ყარაბაღიც რუსებმა აატეხინეს და აქაც ხელები დაიბანეს. იქაც საბჭოთა უშიშროება იყო ჩართული. დამოუკიდებლობის მოპოვების ამხელა ამბავი ხდებოდა და რა დროს ყარაბაღი იყო?! და ახლა არა მარტო ყარაბაღი დაკარგეს, არამედ ის ტერიტორია სომეხი მოსახლეობისგანაც დაიცალა. სამაგიეროდ, თურქებთან გვარდებიან. მაგრამ ვაი, ამ დალაგებას, ძალიან სერიოზული პრობლემების ფასად დაუჯდებათ, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. აზერბაიჯანელებს კი რა ენაღვლებათ: ნავთობი და გაზი აქვთ და 10 მილიონი არიან. ხმას ვერ სცემს რუსეთი, იმიტომ რომ ყველა თურქულენოვანი ხალხი მათკენაა, ყველა მუსლიმი მათკენაა. რამე რომ მოხდეს, ყველა მხარს დაუჭერს, ასეთი მხარდაჭერა ახლა არც ჩვენ გვაქვს და არც სომხეთს. და ვერც გვექნება, იმიტომ რომ იქ არის იდეოლოგიური და ეთნიკური მხარდაჭერა. თვითონ რუსეთშიც თურქული მოდგმის ხალხები ცხოვრობენ. ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ორს გვიკავია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი პირდაპირი სახმელეთო ყელი და, ასევე, აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფანი. ეს მაინც ასე დარჩება და პანიკა – არიქა, ზანგეზურის დერეფანი რამეს წაგვართმევს, უსაფუძვლოა. ვინმემ ნახოს, წავიდეს ან რუკაზე გაზომოს ზანგეზურის ტერიტორია, ორი რუსი დივერსანტი ეყოფა, რომ კვირაში ერთხელ ააფეთქოს იქ რკინიგზა და გზა.
– გამტარუნარიანობაც დაბალია.
– დიახ და ვერ ჩაანაცვლებს ვერც ჩვენს რკინიგზას, ვერც ჩვენს გზებს ვერც ჩვენს ნავსადგურებს. ეს უკრაინის ომი დამთავრდება, ევროპა გაძლიერდება და ჩინეთისა და ევროპის, ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტაქტები გაძლიერდება. ალბათ, ირანიც ჭკუაზე მოვა, და ბოლოს, იგივე ამერიკაც მიხვდება, რომ, თუ იბრიქები, მაშინ ბოლომდე გაიბრიქე. თუ ირანელები არ მიხვდებიან, ირანი ძალიან დაზარალდება და ამერიკის პრესტიჟიც სერიოზულად შეილახება. უკვე ილახება, სხვათა შორის. აქ რომ წივილ-კივილია ეკონომიკური პრობლემების გამო, მაინტერესებს, როგორ დავრჩებოდით განზე იმ პროცესებისგან, რაც მსოფლიოში ხდება?! მაგრამ ესეც მოიხსნება. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით, ამ შემთხვევაში ხელისუფლება იქცევა სწორად, როდესაც ვცდილობთ, შევინარჩუნოთ დასავლეთისკენ გადახრილი პოლიტიკა, ოღონდ ტანზე არ ვიხევთ, განსხვავებით წინა ხელისუფლებებისგან. ვფიქრობ, მარტივად უნდა იდგეს საკითხი: ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპული სახელმწიფო, ოღონდ იმ ტიპის ევროპული, როგორიც გასული საუკუნის 60-იანებში იყო, 70-ანებიდან მონასტერი აირია. ახლა იქაც ისეთი ტენდენციაა, რომ კონსერვატიული ძალები ყველგან იმარჯვებენ და ამას ვერაფერი გააჩერებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





