პოლიტიკა

წამხედურა

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 10.01, 2022 წელი

წამხედურა
დაკოპირებულია

ანუ, აბა, ვის დაუგრძელდება ისედაც გრძელი ცხვირი?!

თუკი რფ-ის პრ. პუტინი აწყობს ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციებს, სავარაუდოდ, ანატოლი ბიბილოვმაც იფიქრა, რით ვარ მე, სეპარატისტული „პრ“-ი ოკუპანტ პრ.-ზე ნაკლებიო და წლის მიწურულს ისიც შეხვდა ახალგორის მოსახლეობას.

მოგეხსენებათ, დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციაში ჩარჩენილმა სეპარატისტებმა ახალგორს ლენინგორი დაარქვეს (ვიტყოდი, ლენინივით არ ეღირსოთ-მეთქი მიწა, მაგრამ, რაკი არაქრისტიანულია, დუმილის უფლებას გამოვიყენებ) და 2019 წლიდან დაკეტეს, ეგრეთ წოდებული, საზღვარი, ახალგორში კი, ძირითადად, ქართველები ცხოვრობენ, რომელთა სოციალური პირობები მძიმეა. ისინი დანარჩენი საქართველოდან ვერ იღებენ სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას და ურთიერთობაც შეზღუდული აქვთ ნათესავებთან.

ანატოლიმ ახალგორელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა (იმავე გულით ვუსურვებ მეც!) და „აუხსნა“, ეგრეთ წოდებული, „საზღვრის“ დაკეტვის მიზეზები: ჯერ ერთი, რაკი სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოაო და, მეორეც, რათა თბილისი აზრზე მოვიდეს და პროვოკაციები შეწყვიტოსო. მეტიც, ახალგორელ ქართველებს დანარჩენ საქართველოში მცხოვრები მათი ნათესავების გადასვლაც შესთავაზა „იუჟნაია ოსეტიაში“, ცხოვრების უფრო მაღალი დონე გვაქვსო. ხოლო, ვინაიდან ნათქვამია, მატყუარებს ცხვირი ეზრდებათო, ხოლო ანატოლის ისედაც საკმაოდ მოზრდილი აქვს (ცხვირი, რასაკვირველია), ვშიშობ, ისეც არ დაუგძელდეს ამდენ ქოსატყუილობაში, მიწაზე მისთრევდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი