პოლიტიკა

თავპირის ლეწვა კანონმდებლურად

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.03, 2023 წელი

თავიპირის ლეწვა
კანონმდებლურად
დაკოპირებულია

ანუ აშართა ამალა?!

კანონპროექტმა უცხოეთიდან დაფინანსებამიღებული ორგანიზაციების რეესტრის შესახებ ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია (ვნებათაღელვას კულტურულად ვამბობ, თორემ ეს კლასიკური თავპირის ლეწვა იყო), რომ, ვფიქრობ, სეპარატისტები კი არადა, ქათმებიც არ ისურვებენ, ჩვენთან ერთად, მეზობლად მდგარ ნალიაში ცხოვრებას.

პირადად ჩემთვის, ვინაიდან, მაგალითად, სახელდობრ, მე ყოველთვის ქართველი მკითხველი მაფინანსებდა და მაფინანსებს (რაკი „თბილისელებს“ ყიდულობთ და კითხულობთ), ვერ ვუერთდები აღშფოთების ტალღას. მეტიც, ვფიქრობ, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს დაფინანსების წყაროები როგორც ჩრდილოეთიდან, აღმოსაველთიდან და სამხრეთიდან, ისე დასავლეთიდან. ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, ზუსტად ვიცოდეთ, რა ამოძრავებთ ამა თუ იმ დასკვნების, რეკომენდაციებისა თუ კვლევების ავტორებს (ისევე, როგორც სარეკლამო სატალევიზიო თუ საგაზეთო მასალას თან უნდა ერთვოდეს ნიშანი R, რომ მოხმარებელმა იცოდეს, რაოდენ გადაჭარბებულია დადებითი შეფასებები).

მეორე მხრივ, რაკი ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ერთხმად გვიმტკიცებენ, ეს რუსული კანონია და საფრთხე ექმნება საქართველოს ევროინტეგრაციასო, ცხადია, იბადება ლეგიტიმური კითხვები: ა) რატომ შეუშლის ხელს საქართველოს წინსვლას, თუ გვეცოდინება, ვინ ვის აფინანსებს (თუ კარგი საქმისთვის, წესით, მით უკეთესი); ბ) რატომ შეეშლებათ უცხოეთის გრანტებზე მომუშავე ორგანიზაციებს ხელი საქმიანობაში? გ) რომელია ამ კანონის რუსული ანალოგი? კითხვები კიდევ არის, თუმცა ამ სამზე ლოგიკური პასუხის გაცემაც საკმარისი იქნება.

ოღონდ პრობლემა მაინც სულ სხვა რამ მგონია: იმდენად ამაზრზენად მოიქცნენ საკომიტეტო განხილვისას ოპოზიციონერი ქალბატონი დეპუტატები, ვფიქრობ, ქალები ისევ სამზარეულოში უნდა დავაბრუნოთ, რომ ლამაზ ლეგენდად მაინც დარჩეს მოლოდინი, თუ რაოდენ გააკეთილშობილებდა ქართულ პოლიტიკას ბევრი ქალი და ამით დაგვწყდეს გული და არა იმის გამო, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, აშართა ამალა ყოფილა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი