ტარიფების დუელი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.03

ანუ ძრწოდე, შტატებო, ევროკავშირი მოდის
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირს ტარიფები გაუზარდა და, არც მეტი, არც ნაკლები, ფრიად და ფრიად საზიზღარი ორგანიზაციაც უწოდა, ევროკავშირულ ავანსცენაზე, მთელი თავისი ბრწყინვალებით, ანუ უფლებამოსილებით, გამოჩნდა ჩვენთვის კარგად და ავბედითად ცნობილი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ მან გვაცნობა, რომ ევროკავშირი აშშ-ს საპასუხი ტარიფებს უწესებს. კერძოდ, 25-პროცენტიან გადასახადს (ანუ ტარიფის დამწესებელზე ნაკლები ტარიფის დამწესებელი ჩინეთმა შეჭამაო). ახალი ტარიფი აპრილიდან ამოქმედდება აშშ-დან ევროკავშირში შესატან 26 მილიარდის ღირებულების პროდუქციაზე.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ აშშ-მა ხელთათმანი (მაშასადამე, ტარიფები) მხოლოდ ევროკავშირს კი არა, ჩინეთს, მექსიკასა და კანადასაც ესროლა. და ქ-ნი ურსულა გულდაწყვეტით ამბობს, რომ „ეს აზიანებს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. ასევე, არღვევს მიწოდების ჯაჭვებს და ეკონომიკაში გაურკვევლობას იწვევს. საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს და ზრდის ტარიფებს.“
ბუნებრივია, მე არ ვიცი, შედრკება თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია, რაკი ურსულა ფონ დერ ლაიენის სამიზნედ იქცა (ანუ მოვლენები განვითარდა მოტივებზე: ძრწოდე, შტატებო, განა ერმოლოვი, ევროკავშირი მოდის) და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ტოლს არ უდებს შტატებს და იბრძვის მზის ქვეშ ადგილისთვის, როგორც შეუძლია, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სახელდობრ ჩვენ, მათ შორის და განსაკუთრებით, ევროკავშირი ბოლო პერიოდია, დღენიადაგ გვემუქრება ხან სანქციებით და ხან – სავიზო რჟიმის დაწესებით, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუკი საკუთარ ტყავზე იწვნევენ, როგორია, როდესაც იჩაგრები, იმიტომ რომ უღონო ხარ. იმას გარდა, რომ არც ის იქნებოდა ცუდი, ევროკავშირის კუნთებიც დაგვენახა, იმიტომ რომ ჯერჯერობით თავიანთ ძალმოსილებას მხოლოდ ჩვენზე ამჟღავნებდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან