რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ესპანეთში ჩატარებული საბოტაჟიდან
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00
ის, რაც ესპანეთში მოხდა, აშკარაა, გლობალურ კონტექსტში განსახილველი მოვლენაა, შესაბამისად, როდესაც შინაურების, ანუ თანაბლოკელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, იბადება კითხვა, რაღას უნდა ველოდოთ ჩვენი ტიპის ქვეყნები, თუ ოკეანის გაღმა გადაწყვეტენ, რომ უნდა დაგვსაჯონ, იმიტომ რომ მათი მოთხოვნები არ შევასრულეთ, რაც, თუნდაც, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, მაგრამ ხელსაყრელია მათთვის. ამ საფრთხის შესახებ პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.
– დავიწყოთ იმით, რატომ გახდა აუცილებელი ესპანეთის ამ ფორმით დასჯა და რა გრძელვადიან მიზანს შეიძლება, ისახავდეს მოკავშირისთვის მსგავსი პრობლემების შექმნა?
– როგორც ვიცით, ამერიკელმა კონგრესმენმა, თომას მასიმ გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ის აშკარად ამბობს, რომ ამ პროცესების შესახებ, რაც მოხდა ესპანეთის ქალაქებში, ინფორმაცია ორი კვირით ადრე მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კანონპროექტი ქვედა პალატამ დაამტკიცა და ყველა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა მხარი დაუჭირა, გარდა თომას მასისა. ის დაპირისპირებულია დონალდ ტრამპთან ეპსტინის ფაილების გამო და ამბობს, რომ ეპსიტინის ფაილებს ტრამპი მფარველობს. მან განაცხადა: ამ რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ის ტერიტორიები მაროკოს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. შეგახსენებთ, რომ მაროკო ორად იყო გაყოფილი. ნაწილი ეკუთვნოდა საფრანგეთს, ხოლო მისი დასავლეთ საჰარის რეგიონი იყო ესპანეთის. როდესაც ფრანკოისტული ესპანეთი დაიშალა, მაროკო შევიდა ამ ტერიტორიაზე და განაცხადეს, რომ ეს მათი ტერიტორიაა. როგორც ვიცით, ტრამპისა და ისრაელის მთავრობებმა აღიარა ეს ტერიტორია, როგორც მაროკოს ნაწილი და მაროკო გახდა მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირე იმ რეგიონში. საინტერესოა, რომ ალჟირი და მაროკო ერთმანეთის მეტოქეები არიან. ალჟირი ყოველთვის იყო და არის ანტიამერიკულ პოზიციაზე, მაროკო კი ყოველთვის ემხრობოდა და ემხრობა ამერიკას. ერთი მონარქიაა, მეორე – რესპუბლიკა, რომელიც უფრო სეკულარულია და, ასევე, ალჟირს ნაკლებად აქვს ისლამური გავლენა. ამას გარდა, საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგალითად, ალჟირი პალესტინის მხარეს არის, მაროკო კი შეუერთდა აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ტრამპმა შეიმუშავა თავისი წინა პრეზიდენტობისას. ამდენად, ისრაელსა და მაროკოს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, თუმცა მაროკო ნაკლებადაა არაბული სამყაროს წევრი. უფრო ბერბერული სახელმწიფოა. შესაბამისად, მაროკოს ძალიან დიდი ლობი არსებობს, რომელიც ლობირებდა საკითხს, რომ ესპანეთის ორი ქალაქი, სუეტა და მელილია უნდა დაბრუნებოდა მაროკოს. ამასთან, ჩვენ ვნახეთ, რომ კვლევითმა ინსტიტუტმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკოსია მიხაილ რუბინი, ინგლისურად მაიკლ რუბინი, გვარის მიხედვით, ხვდებით მის წარმოშობას, განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში ესპანეთმა ჩაგვიკეტა საჰაერო სივრცე და იმავდროულად, ესპანეთი არ იქცეოდა, როგორც მოკავშირე. თუმცა ესპანეთის უარის მიზეზი არის ის, რომ ეს იყო გაეროს მიერ არასანქცირებული შეტევა, არალეგალური ომი ირანთან; მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებას არ ჰქონდა კონგრესის ავტორიზაცია.
– კონგრესმა საერთოდაც აუკრძალა ომი ტრამპს.
– კი, ბატონო. ასევე, ფაქტორია, რომ სანჩესის მთავრობა საერთაშორისო პოლიტიკაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებულ პოზიციას იჭერს. ვიცით, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში ირლანდია, ესპანეთი, სლოვენია და ნორვეგია არიან განსხვავებულ პოზიციაზე, ვიდრე მთელი ევროპა და „ნატოს“ სხვა წევრი ქვეყნები. ესპანეთი კი მათი ერთგვარი ფლაგმანია, რომელმაც ისრაელი გენოციდში დაადანაშაულა; მაისში გამოიწვია თავისი ელჩი, ხოლო მანამდე პალესტინის სახელმწიფო აღიარა. მთელი ესპანეთის, ასე ვთქვათ, კულტურული ელიტა პროპალესტინურია. იმავდროულად, წელს ჩვენ ვნახეთ მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ისრაელი გულშემატკივრობდა არგენტინას ესპანეთის წინააღმდეგ, რაც რეალურად იყო პოლიტიკური ნაბიჯი, ესპანეთის პოზიციებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და როდესაც ეს ამბავი მოხდა, გავეცანი მაროკოულ პრესას, რომელიც წერდა, რომ ესპანეთის ქალაქებში შეიჭრნენ, ძირითადად, ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებსაც უთხრეს, რომ იმ ტერიტორაზე მიჰყავდათ გასასეირნებლად. ესე იგი, ეს იყო არა შეჭრა, არამედ ჩვეულებრივი საბოტაჟი, ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, როგორ ეხმარება მაროკოელი პოლიციელი ამ შეჭრის ორგანიზებას. ისინი არ იყვნენ მიგრანტები, იყვნენ მაროკოელები, რომლებსაც ეუბნებიან, რომ ეს მათი მიწაა. საერთოდაც, მიგრანტები, ძირითადად, უფრო ქვემო აფრიკული ქვეყნებიდან მოდიან, ეგრეთ წოდებული, საჰარის ქვემო აფრიკიდან და არიან შავკანიანები. ესპანეთში შეჭრილები არ ჰგავდნენ მიგრანტებს, თან არც არაფერი ჰქონდათ, იმიტომ რომ ეს იყო უბრალოდ საბოტაჟი, რომ რამენაირად სანჩესის მთავრობა დაესუსტებინათ. ამიტომაც უცებ, ორგანიზებულად, ევროკავშირის შეთანხმებების დარღვევით, მელონმა ესპანეთის მთავრობა დაადანაშაულა და ესპანეთს აუკრძალა უვიზო შესვლა. სანჩესმა ძალიან პოლიტიკურ-დიპლომატიური საპასუხო განცხადება გააკეთა; თქვა, მეგონა, ევროპაში სოლიდარობა იქნებოდა, მაგრამ სოლიდარობაც რომ არ იყოს, არსებობს ევროპის კანონმდებლობა, რომელიც უნდა დაიცვას იტალიამ, ჩვენ ეს საბოტაჟი მოვიგერიეთო. ესპანეთმა ეს აღიქვა, როგორც საბოტაჟი და არა, როგორც ემიგრანტების შემოსევა, როგორც ეს უნდოდათ, გაესაღებინათ. ეს იყო საბოტაჟი სანჩესის მთავრობის წინააღმდეგ, რომ სანჩესის ავტორიტეტი დაესუსტებინათ, რომ შემდეგ იმ ქალაქებში ესპანეთის, ეგრეთ წოდებულ, რადიკალურ მემარჯვენე პარტიებს, რომლებსაც ტრამპი უჭერს მხარს, მოეწყოთ დიდი აქცია სანჩესის მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ არ გამოუვიდათ. პირიქით, ამან უფრო გააძლიერა ესპანეთის სუვერენულობა, იმიტომ რომ ესპანელებმა ასეთი ქმედება ესპანეთის სუვერენულობაზე შეტევად აღიქვეს ეს არა სანჩესზე შეტევად. ესპანეთში ამბობენ, რომ ამ მოვლენების უკან იდგა ამერიკა და ეს იყო თავიანთი უფროსი პარტნიორისგან ღალატი, რაც ბუმერანგად შეუბრუნდა განწყობებში – გაიზარდა სანჩესის რეიტინგი. ჯერჯერობით ასე ჩანს.
– საკმაოდ არაგონივრულია გათვლა იმაზე, რომ ქვეყანას წაართმევ ტერიტორიას და იმ ქვეყნის მოსახლეობა შენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება.
– დიახ, ძალიან არაგონივრულია და სწორედ ეს მიკვირს ყველაზე მეტად. მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, თუ როგორი სუსტია სახელმწიფოს მთავრობა, რომ მიგრანტებისგან ვერ იცავს ამ ანკლავებს, თუმცა, როგორც ვთქვი, ამერიკელებმა თვითონ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რეალურად ეს იყო მათ მიერ მომზადებული და ორგანიზებული მოცემულობა. ამდენად, როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაქვს მოკავშირისადმი, როდესაც ასეთი მეთოდებით უსწორდები მოკავშირეს, წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ გვიყურებენ?! უფრო და უფრო ვრწმუნდები – როგორც საზარბაზნე ხორცს.
– სწორედ ესაა ჩვენთვის საინტერესო, რას შეიძლება, ველოდოთ ჩვენ, თუკი არ მოეწონებათ ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილება ან მოქმედება?
– დიახ, ესპანეთი არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ათჯერ და მეტჯერაა დიდი ჩვენზე. თან, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გემახსოვრებათ გრენლანდიის საკითხი. ანუ დანიის ტერიტორიაზეც გამოითქვა პრეტენზია. ესე იგი, ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის და აჩვენებს იმას, რომ ალიანსი, ყოველ შემთხვევაში, ტრამპის აღქმით, არ არის თანასწორთა პარტნიორობა და, მით უმეტეს, ჩვენნაირ ქვეყანას საერთოდ გადაგვივლიან და გადაგვთელავენ. ყველაფერზე წავლენ, რაც იმ მომენტში მათი ინტერესი იქნება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, რასაც აკეთებენ, გრძელვადიანად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს დიდად არ ემსახურება და, როგორც წესი, უკან უბრუნდებათ ხოლმე.
– ის სპეცოპერაცია, რაც ესპანეთის ტერიტორიაზე ჩატარდა, ხომ, ერთგვარი მესიჯიც იყო დანარჩენი მოკავშირეებისადმიც?
– დიახ, შენ თუ ჩემს ინტერესებს არ გაატარებ, როცა მომინდება, აგაყირავებ. ამჯერად ეს უკან შეუბრუნდათ, მაგრამ გათვლაა ის, რამდენჯერ და რამდენად გაუძლებს ქვეყანა მსგავს საბოტაჟებს. ესპანეთმა აჩვენა, რომ მეტ-ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოა და ამით თავისი იდენტობა გააძლიერა, მაგრამ ჩვენნაირ სახელმწიფოებზე, რომლებმაც თვითგამორკვევა 2022 წლის ამბების შემდეგ დაიწყეს, აშკარა ზეწოლა იყო. თუმცა, ვფიქრობ, აქაც გაიშიფრნენ არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც ჩვენს მოკავშირედ ასაღებენ თავს, რადგან ვხედავთ, რომ რეალურად გვიყურებენ არა, როგორც მოკავშირეებს, არამედ, როგორც ვასალებს.
– ჩვენ ბევრი სუსტი წერტილი გვაქვს, თუმცა ესპანეთი დაისაჯა, იმიტომ რომ არ მისცა საჰაერო სივრცე. ანალოგიური პრობლემა გვაქვს ჩვენც.
– დიახ, მაგრამ ირანამდე რომ მივიდნენ ამერიკის თვითმფრინავები, მათ საქართველომდე უნდა გაიარონ თურქეთი ან შავი ზღვის ის ტერიტორია, რომლებიც ეკუთვნის, მაგალითად, ბულგარეთს, რომელმაც, ასევე, ჩაუკეტა თავიდან საჰაერო სივრცე. თურქეთიც არ აძლევს ამის საშუალებას, იმიტომ რომ, თუ შენს ტერიტორიას გამოიყენებენ ომისთვის ან ნებისმიერი ესკალაციისთვის, შენ ავტომატურად ხდები სამიზნე მეორე მხრიდან. ჩვენ ამას ვხედავთ არაბული სახელმწიფოების მაგალითზე, მათ ამერიკა თითქოს უნდა იცავდეს, მაგრამ სინამდვილეში ფარად იყენებს და იქიდან ესვრის ირანს, ამერიკა, ხომ, თავისი ტერიტორიიდან არ ბომბავს ირანს?! მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო დიდი საფრთხე არის, მაგალითად, ის, რომ დღედაღამ გამოდიან ჩვენი ძვირფასი ბოკერია და კოლექტიური ბოკერიები და გვმოძღვრავენ, თუ როგორი საშიშები არიან შიიტი მუსლიმები; ცდილობენ ამერიკული პერსპექტივიდან დაგვანახვონ ჩვენი შიიტი მუსლიმები, თუმცა, რატომღაც, ხმას არასდროს იღებენ სალაფიტებსა და სუნიტ რადიკალებზე, რომლებიც საქართველოდან მიდიოდნენ ისლამურ სახელმწიფოში და საქართველოს თითს უქნევდნენ. ახლა შიიტები აღმოჩნდნენ მთავარი საფრთხე საქართველოში, რადგან შიიტები ირანთან ასოცირდებიან. ამით ჩანს, რომ პოლიტიკურად გვიყენებენ და ჩვენთან არსებობს სერიოზული აგენტურა, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ყველაფერს, ჩვენს სამეზობლოს, შიდა პოლიტიკურ მოცემულობას, სოციო-ეკონომიკურ, კულტურულ-რელიგიურ მოცემულობას, აღიქვამენ ამერიკის შეერთებული შტატების პერსპექტივიდან და ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ძალიან ბევრი, მათ შორის, ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები, სხვათა შორის, იმამებიც მივიდნენ ჩვენი პატრიარქის გასვენებაში და პატივი მიაგეს და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ის მახარებს, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენ ეს კოლექტიური აგენტურები ჩვენთან და ხვდებიან, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს არის სპეციალურად შემოგდებული თემები, მაგრამ ეს მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გასტანს და გავუძლებთ თუ არა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, შიგნიდან ურტყამენ ჩვენს სუსტ წერტილებს. სამწუხაროდ, ეთნიკური კონფლიქტების საფრთხე მართლაც არსებობს და უფრო სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ვითომ ადამიანის უფლებებზე, უმცირესობის უფლებებზე ღაღადებენ და მოთქვამენ, არიან ისინი, რომლებიც, როგორც ჩანს, ცდილობენ ეთნიკური კონფლიქტები გააღვივონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





