პოლიტიკა

გეოპოლიტიკური თითისტარი

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:17

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ფულის ფასი

ირან-აშშ-ის სამხედრო დაპირისპირება იმაზე გაცილებით უცნაური სცენარით ვითარდებოდა და ვითარდება, ვიდრე რუსეთ-უკრაინის, ჩვენ რომ ომს ვუწოდებთ, ხოლო მხარეები – სულ სხვა რამეს (რუსეთისთვის ეს სპეციალური ოპერაციაა, ხოლო უკრაინას საერთოდაც არანაირი დეფინიცია არ მიუნიჭებია ამ სასაკლაოსთვის).

უცნაურად მიმდინარეობს-მეთქი, ვინაიდან ურთიერთდაბომბვებისა და ურთიერთმუქარების შემდეგ დროებითი მშვიდობა დაისადგურებს ხოლმე და ნავთობით დატვირთული ტანკერებიც ხან გადიან, ხან კი იჭედებიან, ანუ ვერ გადიან ჰორმუზის სრუტეში. გამომდინარე იმ მარტივი ფაქტიდან, რომ ირანი ვენესუელა არ აღმოჩნდა, მისი მიწასთან გასწორების ვერსია, მართალია, მთლად მარილზე არ გასულა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა, ხოლო, რადგან ფული არა მხოლოდ ჯოჯოხეთს, არამედ თვით დემოკრატიასაც კი ანათებს, მთელი ამბავი ისაა, თუ ვინ გააკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, რომლის ფასიც ყოველდღიურად იზრდება და ამას მე კი არა, ამერიკელი სენატორი კრის მერფი აცხადებს.

სახელდობრ, ეს უკანასკნელი დარწმუნებულია, რომ (მომყავს ციტატა): „დონალდ ტრამპმა ეს ომი წააგო. ამერიკა დასუსტდა, ირანი გაძლიერდა და ჰორმუზის სრუტის გახსნის ფასი ყოველდღიურად იზრდება. როგორც ჩანს, შეთანხმება, რომელიც ახლა მაგიდაზეა, ითვალისწინებს ირანისთვის წელიწადში 100 მილიარდი დოლარის გადახდას სრუტის გახსნის სანაცვლოდ... ეს ირანის გამარჯვებაა!“

ხოლო The Wall Street Journal კი გვამცნობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან კონფლიქტის დასრულებას ბირთვული შეთანხმების გარეშეც ცდილობს. ამერიკელ ლიდერს მხოლოდ ერთი პირობა აქვს დარჩენილი: ჰორმუზის სრუტის კომერციული გადაზიდვებისთვის გახსნა.

ზემოთქმული მოწმობს, რომ ყველაფერი ისევ და ისეც ფულის გარშემო ტრიალებს თითისტარივით და ადამიანთა სიცოცხლე ჭიანჭველის სიცოცხლეზე იაფი ღირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი