ოთხფეხა თავისუფლება?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
ანუ ველოსიპედისტი შიშველია
რაკი გამოხატვის თავისუფლება წმიდათაწმიდაა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბილწსიტყვაობაც ლამის ადამიანის უზენაეს უფლებადაა აღიარებული, რა თქმა უნდა, იმის პარალელურად, რომ პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება დაუწესეს (მოტივით, რომ დემოსს უფლება აქვს, რაც უნდა უწოდოს და, თუნდაც, ყურიდან ყურში რომ არ შეიშვება, ისეთი სიტყვებით ლანძღოს), საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ, მაგალითად, გასულ კვირას ბერლინში ასამდე შიშველი ველოსიპედისტი გამოვიდა თავის ველოებზე ამხედრებული.
ცხადია, ამ შიშველი ველოსიპედისტების მსვლელობის პათოსი ადამიანის იმ უფლების დემონსტრირებაა, რომ ის თავისუფალი არსებაა, თუმცა ჩემთვის მაინც ბუნდოვანია, რატომაა გაიგივებული თავისუფლებასთან მაინცდამაინც უკანალის მოშიშვლება, თუმცა შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ მე არ ვიზიარებ თეზას, რომ შინ ევროპაა, შესაბამისად, მიჭირს, ჩავწვდე დემოკრატიისა და თავისუფლების როგორც წინა, ისე უკანა ხედებს.
ასეა თუ ისე, ანუ მე მიჭირს თუ მათ, თუ გავიხსენებთ, რომ კაცობრიობას, გამოქვაბულიდან მოყოლებული, როდესაც ადამის ძენი შიშვლები დატანტალებდნენ (სხვათა შორის, მეტად თავისუფლადაც და იოტისოდენა სირცხვილის გრძნობაც კი არ აწუხებდათ, რომ სასირცხოები უჩანდათ), ფრიად დიდი ხანი დასჭირდა, რომ სხეული საფუძვლიანად შეემოსათ და ცხოველებისგან გამიჯნულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, დროის ჩარხი, ყოველ შემთხვევაში, შემოსვის (გნებავთ, შეუმოსავობის) თვალსაზრისით, უკუღმა დატრიალდა, რამაც, საბოლოოდ, ვფიქრობ, შესაძლოა, არა მხოლოდ გამოქვაბულებამდე, არამედ ოთხზე სიარულამდეც მიგვიყვანოს, ჩვენ თუ ვერა, ევროპელობა მაინც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





