პოლიტიკა

სპორტულად დამყოლები

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 08.09

სპორტულად დამყოლები
დაკოპირებულია

რაც ეპატიება ყაზახეთს, არ ეპატიება საქართველოს?

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქე კოსოვოს ნაკრებია. მოგეხსენებათ, რომ საქართველო კოსოვოს არ აღიარებს (სავსებით ბუნებრივია, რადგან ჯერ მთლად ასე უიმედოდაც არ დაგვცურებია კრამიტები!), მაგრამ, რაკი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები კოსოვოს აღიარებენ, საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლებასაც აძლევენ, სხვა გზა არ გვქონდა, კენჭისყრით შეგვხვდაო. ვგონებ, არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ როგორი სტიმული იქნება კოსოვოს ნაკრებთან თამაში ჩვენებური სეპარატისტებისთვის. რაკი პოლიტიკაა, ჯანდაბას, თუ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინეთ, მაგრამ პოლიტიკა იმის პოლიტიკაცაა, რომ მანევრის საშუალებაც გაქვს. ვითომ ჩინ-მედლები ჩამოერთმეოდათ შესაბამისი უწყებების პიარსამსახურებს, ანალიტიკურიანად (გვარიან ხელფასებს რომ იღებენ) შესაბამისი პიარკამპანია დაეგეგმათ აფხაზი და ოსი სეპარატისტებისთვის, ისევე, ჩვენი საზოგადოებისთვის (აბა, რისთვის ვაჭმევთ პურს, მხოლოდ რბილ სკამებზე რომ იტრიალონ)?! აქვე გეტყვით, რომ კოსოვოს ნაკრებს 4 ივნისს პროშტინაში ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი ჩაეშალა. იმიტომ რომ, რაც ამ ქვეყნებს შორის ამხანაგურ თამაშზე შეთანხმება გადაწყდა, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ ფედერაციას წერილი მისწერა, სადაც კოსოვოში გამგზავრებისა და თამაშის ჩატარებისგან თავის შეკავება ურჩია. რაკი 2 სექტემბრამდე დროა (პირველი მატჩის თარიღია), იმედია, ჩვენებური პიარისტების თავში რამე ხეირიანი იდეა მომწიფდება, ანუ თქვენი ხელფასებისა და ამბიციების ადეკვატურად მაინც გააჭანჭყარეთ თავები და დაძაბეთ რუხი ნივთიერება, ხოლო, თუ საქმეს თავს ვერ ართმევთ, ჩახოხბილის რეცეპტების დამუშავებას მიეძალეთ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...