ამრეზის სამიზნეში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 58 წუთის წინ
ანუ სიჩაუქისგან თავშეკავებულები
მართალია, რამდენიმე თვის წინ ლამის გულები გაგვიხეთქეს, „ნატო“ იშლებაო, ანუ ის-ის იყო, ოხრად დაგვრჩებოდა ჩანაწერი ჩვენს კონსტიტუციაში (აი, ის ყბადაღებული 78-ე მუხლი, ჩვენს უცილობელ გაწევრიანებას რომ გულისხმობს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში და მერე რა, რომ ეს ორმხრივი პროცესია; რაც მთავარია, ჩვენ თანახმანი ვართ, ანუ საქმე სანახევროდაა გაკეთებული), მაგრამ, სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისევ და ისევ არსებობს (ლოგიკით: ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო), თუმცა საწევრო შენატანის საკითხი დღემდე მოუგვარებელია (აშშ მის გაზრდას მოითხოვს, ევროკავშირის წევრები კი – უყურებენ).
ერთი სიტყვით, ანკარაში 7-8 ივლისის NATO-ს სამიტია დაგეგმილი და ოფიციალურად მიწვეულ ქვეყნებს შორის საქართველო, ვაი რომ, არ არის. თუმცა არც სხვა პარტნიორი ქვეყნები მიუწვევიათ. სახელდობრ: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, სერბეთი, იორდანია, ერაყი და მავრიტანია.
სამიტზე შიდა ამბები უნდა განიხილონ, როგორიცაა თავდაცვის ხარჯები, სამხედრო წარმოება და, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდაჭერა. შესაძლოა, ამიტომაც ამოაგდეს მიწვეულთა სიიდან პარტნიორი ქვეყნები (ანუ ზედმეტი ყური და თვალი?!).
ასეა თუ ისე, მოცემულ მომენტში, ვფიქრობ, ურიგო არ უნდა იყოს საქართველოს არმიწვევა, იმ მარტივი მიზეზით, რომ რეგიონული დაძაბულობაც იზრდება და საერთო დედამიწურიც. მით უფრო, რომ ჩვენი პოლიტიკური ზომა-წონის ქვეყნები, ძირითადად, „ნატოს“ მოწინააღმდეგეების გასაღიზიანებლადაა საჭირო და, რა თქმა უნდა, თუ რამე, საზარბაზნე ხორცად, ხოლო, თუ საერთოდაც, უკრაინის მსგავსად იჩაუქებენ, „ნატოელებს“ თვალშიც რომ ჩაუცვივდნენ, თითსაც არ ამოისვამენ.
ხოლო, რაკი ამჟამად ჩვენ თავს ვიკავებთ სიჩაუქისგან, ბუნებრივია, ამრეზით გვიცქერიან, მაგრამ, თუ რაციონალიზმს მოვიშველიებთ: კუკიაზე წოლას ისევ ამრეზის სამიზნეში ყოფნა სჯობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





