რატომ გაჩნდა ტენდენცია, რომ ადამიანების წარუმატებლობებისა და პრობლემების წყარო არის დედა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
ამ ბოლო დროს, იმას გარდა, რომ მომრავლდნენ, ეგრეთ წოდებული, ქოუჩები, ტრენერები და სხვადასხვა ტიპის მასწავლებლები (ქოუჩი ქართულად, სწორედაც რომ, მასწავლებელია), გაჩნდა ტენდენცია, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბოროტება მშობლები არიან, განსაკუთრებით კი – დედა, ვისაც შვილები და არა მხოლოდ შვილები აბრალებენ ყველა წარუმატებლობასა და იმედგაცრუებას. ბუნებრივია, მშობლების, ზოგადად, ოჯახის როლი დიდია პიროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ მაინც გაუგებარია მშობლების საბრალდებო სკამზე დასმა და ეს დამახასიათებელია ყველა თანამედროვე კულტურისთვის, ანუ არ არის საკუთრივ ქართული ფენომენი. რატომ აღმოჩნდა სამიზნეში დედა ამ ჩვენს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში? – ამ თემას სოციალურ ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან ერთად განვიხილავთ.
გაგა ნიჟარაძე: ვერ ვიტყვი, რომ აქტიურად ვადევნებ თვალს მედიას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ანუ ყველაფერი დედას ბრალდებოდეს, ეს არ არის ახალი მოვლენა. დედასა და მამას რომ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, ეს, ალბათ, ნეანდერტალელებმაც იცოდნენ. თუმცა, ამას მეტ-ნაკლებად სამეცნიერო სახე ზიგმუნდ ფროიდმა და მისმა სკოლამ მისცა, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვობაში ბავშვის ურთიერთობა მშობლებთან ძალიან ღრმა კვალს ტოვებს მის შემდგომ ცხოვრებაზე. ეს, მართლაც, ასეა, მაგრამ არა ყოველთვის.
– ყოველთვის რა შემთხვევაში ტოვებს და რა შემთხვევაში – არა?
– თუ მშობლებმა რაღაც მაინც იციან აღზრდის ფსიქოლოგიის დიალექტიკის, ისინი ისე აწყობენ ოჯახში შვილთან ურთიერთობას, რომ მას ბავშვური ტრავმები არ რჩება, ანუ შეიძლება, იყოს არატრავმული და არ გაიზარდოს დაკომპლექსებულ ადამიანად, მაგრამ იყოს ზედმეტად თავდაჯერებული, ნარცისული და ასე შემდეგ. ორივე უკიდურესობა ცხადია. მაგრამ მაინც ვერ ვილაპარაკებთ მხოლოდ დედის გადამწყვეტ როლზე, იმიტომ რომ გარდა მშობლებისა, ზემოქმედების ძალიან ბევრი ფაქტორია: მეზობლები, სკოლა, მეგობრები, რა თქმა უნდა, მასმედია. ამდენად, ის, რომ ყველა პრობლემის თავი და თავი დედაა, შეიძლება, იყოს ჩვეულებრივი მასმედიური მოდა. ანუ რაღაც იდეა ჩნდება ხოლმე და შემდეგ მოედება მთელ საზოგადოებას ან მის გარკვეულ ნაწილს, როგორიც არის, მაგალითად, „თინეიჯერები“. ისინი რაღაცებს იმეორებენ, რაც არ არის დედის ბრალი, არამედ მოდაა, რომელსაც ერთ-ორ წელიწადში დაივიწყებენ, როგორც, მაგალითად, დაივიწყეს ჩემი მშობლებისდროინდელი სიტყვა „ტობე“. გაგიგიათ ეს სიტყვა?!
– დიახ.
– მაგრამ ახლა ვინმე ამბობს ამ სიტყვას?! არა. ახლანდელი მოდაც გადაივლის.
– ერთია, „თინეიჯერობის“ ასაკი და მეორეა ის, რომ ზრდასრული ადამიანებიც აქტიურად იზიარებენ მოსაზრებას, რომ მშობელმა ან მშობლებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ბავშვობაში, რის გამოც ცხოვრება აერიათ. მაგალითდ, სამი წლის რომ ვიყავი, დედამ რაღაც მითხრა უხეშად ან უგულოდ, ეს ჩამრჩა და მას შემდეგ ნაწყენი ვარ მთელ სამყაროზე, დავრჩი ნაწყენ და გაბრაზებულ სამი წლის ბავშვად.
– ამის ფსიქოლოგიური მექანიზმი არის ჩვეულებრივი: ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსი. როდესაც ადამიანი ცხოვრებაში, რაღაც მიზეზებით, ვერ აღწევს იმას, რაც უნდა ან შეუძლია, ეძებს განტევების ვაცს. და ამის დაბრალება ყველაზე ადვილი არის დედისთვის. ისეთმა ცნობილმა ხალხმა, როგორებიც იყვნენ ფროიდი და იუნგი, მშობლებს, განსაკუთრებით, დედას დააბრალეს პიროვნების ჩამოყალიბება. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების 95 პროცენტს არ აქვს წაკითხული არც ფროიდისა და იუნგის ნაშრომები, მაგრამ ასე ფიქრობენ.
– ვფიქრობ, ფროიდისა და იუნგის ნაშრომები წაკითხული აქვთ მათ, რომლებიც ამაში არწმუნებებ.
– ეს ვულგარული ფროიდია. ბევრი კარგი მოაზროვნე, როდესაც მასობრივი ცნობიერების შინაარსად იქცევა, ვულგარულდება და ასე დაემართა ბატონ ფროიდსაც. მაგალითად, მარქსი არსად ამბობდა, რომ კომუნისტური რევოლუცია უნდა მოეხდინა საბჭოთა კავშირში ამ ერთადერთ ქვეყანაში, ეს ტყუილი გამოიგონეს ლენინმა და სტალინმა და მათმა მსგავსებმა. იგივეა ამ შემთხვევაშიც: ვიღაცამ რაღაც თქვა, არავის წაუკითხავს, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდ პროცენტს, უბრალოდ, გაუგიათ, რომ დედ-მამა გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვების ცხოვრებაში და ამიტომ, თუ ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწიე, ეს დედაჩემისა და მამაჩემის ბრალია. აი, ეს არის ლოგიკა.
– ეს ხომ აღრმავებს კონფლიქტს თაობებს შორის, ოჯახში, რაც არ არის კარგი საზოგადოების ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის?
– რატომ აღრმავებს, თუ მგონია, რომ დედაა დამნაშავე ჩემს წარუმატებლობაში?! აღრმავებს, თუ ეს გადაიზრდება სიძულვილსა და აგრესიაში, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.
– მაგრამ აქეთკენაა ტენდენცია.
– არა მგონია, რომ შვილები დაერიონ მშობლებს.
– აღარ იკონტაქტებენ, მაგალითად.
– აი, ეს უკვე თანამედროვე ტენდენციაა, ასე ვთქვათ, გაინდივიდუალურობა. ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა მაღალტექნოლოგიურმა გაჯეტებმა: მობილურმა ტელეფონმა, კომპიუტერმა და ასე შემდეგ. აგრეთვე, გაგიკვირდებათ და, ინდივიდუალურმა ტრანსპორტმა, როგორებიცაა: მოპედი, მოტოციკლი... რომლებიც პირადად მე ნერვებს მიშლის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდობა გაცილებით ნაკლებად ხდება დამოკიდებული მშობლებზე, ვიდრე იყო, მაგალითად, 30-40 წლის წინ.
– და მოიძიეს საბაბი, რატომ აღარ უნდა უნდოდეთ მშობლები? იმიტომ რომ მათ ისინი დაატრავმირეს?
– დიახ. ესეც არის... ისევ და ისევ ფსიქოანალიტიკურმა სკოლამ აჩვენა, რომ მშობლებისადმი დამოკიდებულება ხშირად ამბივალენტურია: ადამიანს თან უყვარს მშობელი და თან, იმავდროულად – ვერ იტანს და როდესაც ამ შემადგენელი ნაწილებიდან ერთ-ერთი იმარჯვებს, ვიღებთ ნევროზს.
– ახსენეთ ვულგარული ფროიდიზმი. ორიოდე სიტყვით ვუთხრათ ჩვენს მკითხველს, სინამდვილეში რას ამბობდა ფროიდი?
– ორი სიტყვით თუ ვიტყვით, ფროიდი ამბობდა, რომ ჩვენი სინდისი, მორალური გრძნობა არის ჩვენს არაცნობიერში მოთავსებული დედისა და მამის ხატი; ეს ხატი კი შეიძლება, იყოს აგრესიული, დიქტატორული და შეიძლება, იყოს კეთილი, კრეატიული.
– ისიც ფაქტია, განსაკუთრებით, დედა დიდ გავლენას ახდენს ბავშვზე და შეიძლება მართლაც დაუტოვოს ტრავმები, რაც აუცილებლად უნდა გადაილახოს.
– დიახ, ამას სჭირდება გადალახვა, მაგრამ ადამიანმა, უპირველესად, უნდა გააცნობიეროს, რომ არის პრობლემა და ამის შემდეგ უნდა მიმართოს სპეციალისტს, ოღონდ კარგ სპეციალისტს.
– თავისი ძალებით ვერ მოერევა?
– ვერა, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, თუ ერთ-ერთი მშობელი ადრე კვდება, ეს ძალიან დიდ ტრავმას ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე და შეიძლება, ის ნევროტიკად გაიზარდოს, იქ კიდევ ბევრი დეტალია, რის განხილვასაც ერთ ინტერვიუში ვერ მოვასწრებთ, მაგრამ, თუ ადამიანი აცნობიერებს თავის პრობლემას, ამისთვის არსებობს სპეციალისტი. გვყავს ასეთი სპეციალისტები, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ შარლატანიც ბევრია.
– შარლატანებზე გამახსენდა: რამდენიმე ახლობელმა მიამბო, რომელთა შვილები დადიან ფსიქოთერაპევტებთან, რომ ისინი პირდაპირ ეუბნებიან მათ, რა ცუდი დედები ჰყავთ და რომ ყველაფერში დედები არიან დამნაშავეები. როდესაც მე ვსწავლობდი, გვარწმუნებდნენ, რომ ფსიქოთერაპია არ არის რჩევების მიცემა და იმის გარჩევა, ვინ კარგია და ვინ – ცუდი. შეიცვალა ფსიქოლოგიაში მიდგომები?
– ეს ჰგავს, ეგრეთ წოდებულ, დირექტიულ ფსიქოთერაპიას, რომელიც ნორმალურ ქვეყნებსა და ნორმალურ საზოგადოებაში უკვე აღარ არის. რა თქმა უნდა, კარგი ფსიქოთერაპევტის პოვნა არ არის ადვილი, ისევე, როგორც კარგი ექიმის.
– ადამიანის ზრდასრულობა გამოიხატება იმით, რომ ის გარეთ არავის ადანაშაულებს თავისი პრობლემების გამო. ჩვენთან კი, აშკარა ტენდენციაა, რომ ყოველთვის ყველაა დამნაშავე: ოჯახითა და მთავრობით დაწყებული და მეზობელი სახელმწიფოებით დამთავრებული.
– როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის დადანაშაულება არის ნორმისგან გადახრა. არსებობს ცნება – კონტროლის ლოკუსი, როდესაც ყველაფერს ვაბრალებ გარე ძალებს. თუ გარე ლოკუსი მაქვს, ვაბრალებ სხვებს; თუ შინაგანი – საკუთარ თავს და ორივე შემთხვევაში შეიძლება, ამეტებდე. მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება, საკუთარ თავს დააბრალოს ის, რომ ვენესუელაში მიწისძვრა მოხდა. გაგიკვირდებათ და, ასეთი ადამიანებიც არიან. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი მდგომარეობაა ბალანსი, როდესაც არკვევ, რა არის შენი და რა გარე ძალების ბრალი. ამა თუ იმ მხარეს გადახრის შემთხვევაში ადამიანი უბედურია.
– ჩვენი საზოგადოებისთვის რატომ არის დამახასიათებელი დამნაშავის მხოლოდ გარეთ ძიება? იმიტომ რომ მაინც ინფანტილიზმისკენაა მიდრეკილი?
– ესეც გამოხატავს ინდივიდუალიზაციის ტენდენციას, რასაც, ზოგადად, მივესალმები. საერთოდ, ქართულ ოჯახში დედის როლი არის ლამის გადამწყვეტი და მიჯაჭულობა შვილისადმი ისეთივეა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ არა ყველგან. როდესაც ბავშვს ძალიან პატარა ასაკიდან ზრდიან, როგორც ცალკე პიროვნებას, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ იზრდება დამოუკიდებელი და რაციონალური პიროვნება, მაგრამ, როდესაც ყველაფერს უგვარებს მშობელი ან დედა, მაშინ იზრდება სხვის იმედზე მყოფი და, თუ ეს გარე, დედა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს, მათ აბრალებს თავის პრობლემებს და ისევ უბედური ხდება. საერთოდ, კონფლიქტი არის ცხოვრების ნორმა. უკონფლიქტო ცხოვრება შეუძლებელია. კონფლიქტებია მშობლებსა და შვილებს, დედმამიშვილებს, მეგობრებს შორის და ასე შემდეგ...
– ნიცშე ამბობს, რომ ადამიანის ყველაზე დიდი მტრები მისი ოჯახის წევრები არიანო.
– ნიცშეს ნდობას არ ვურჩევ არავის, იმიტომ რომ, თუმცა გენიოსია, ჩემი აზრით, ცოტათი ფსიქიკურად გადახრილი. ამიტომ ბოლომდე არ დავუჯეროთ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





