რატომ არ არის ხელსაყრელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რუსეთ-ევროპის ომი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:17
მართალია, კარგა ხანია, ლაპარაკობენ რუსეთისა და ევროპის ომზე, თუმცა ამ ბოლო დროს ეს პროგნოზები უფრო გახშირდა და, რაც მთავარია, ორივე მხრიდან. რა ხდება პოლიტიკურ კულისებში ისეთი, რაც გარედან არ ჩანს და რაც გარდაუვალს ხდის რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოების საომარ დაპირისპირებას? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ.
ზაალ კასრელიშვილი: ახლა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, დღეს არაფერია გამორიცხული. ამის შესახებ ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის განცხადებაც მოვისმინეთ და ზოგიერთი ევროპელი ლიდერისაც. გავყვეთ ლოგიკას მკითხველებთან ერთად და იქნებ ერთად მივიდეთ ნიშნულამდე. ევროპელმა პოლიტიკოსებმა უკვე ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი ოკუპირებული საქართველოდან, ოკუპირებული ყირიმიდან და ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან. მათ რუსი პოლიტიკოსები პასუხობენ, რომ მზად არიან, თავიანთი ინტერესები დაიცვან ევროპის ტერიტორიაზეც. ამ დაპირისპირებას მანამდე წინ უძღოდა რუსეთსა და ბალტიისპირელებსა და პოლონელებს შორის მწავე ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმე ეხება შავი ზღვის აუზის ქვეყნებს. როგორც ჩანს, დასავლელებს არ მოსწონთ რუსეთის გავლენები შავი ზღვის აუზში. იცით, რამდენიმე რუსული გემი დააკავეს და რამდენიმე გემი დაბომბეს კიდეც. თუ არ ვცდები, თურქეთის გემებიც მოჰყვა რუსული სარაკეტო დარტყმების ქვეშ, მაგრამ მთავარი, ამ ყველაფერთან ერთად, მაინც არის კალინინგრადის ოლქში მიმდინარე პროცესები, რომელსაც დასავლეთში დღემდე მოიხსენიებენ, როგორც კენინგსბერგს. იცით, რომ გერმანელებს, ბალტელებსა და პოლონელებს აქვთ პრეტენზია ამ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, გერმანელებსა და პოლონელებს. ასევე, იცით, რომ იქ რუსეთს სარაკეტო ნაწილები ჰყავს შეყვანილი. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ფრენებიც შეწყვეტილია კალინინგრადის ოლქის თავზე. გახსოვთ, ალბათ, რომ იქ იმანუილ კანტია დაკრძალული. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, გვაძლევს სურათს, რომ ორივე მხარეს შეუძლია, იპოვოს მარტივი საბაბი. რას დაასახელებენ პირველ საბაბად, არავინ იცის, მაგრამ ამას შეიძლება, მოჰყვეს დაპირისპირება და ურთიერთობების გამწვავება. ოღონდ ეს არავინ იცის, რამდენიმე ადამიანის გარდა როგორც ევროპაში, ისე მოსკოვში, თუმცა ჩვენ არ გვგონია, რომ დღეს დღის წესრიგში პირველ ადგილას რუსეთსა და ევროპას შორის დაპირისპირება იყოს. სანამ ირანის საკითხი არ გადაწყდება ბოლომდე, მანამდე არ ველით კონფლიქტის ახალი კერის გაჩენას. თუმცა ისეთი სისწრაფითა და ფორსირებულად ვითარდება მსოფლიო პოლიტიკური პროცესები, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენი აზრით, არ იქნება მასშტაბური დაპირისპირება, შეიძლება, წერტილოვანი დარტყმების დონეზე განვითარდეს მოვლენები, მაგრამ ეს ევროპული ქვეყნები, ყველანი, პარალელურად „ნატოს“ წევრებიც არიან და საკითხავია, უღირს თუ არა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-ირანის ომის არეულობა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უფრო სწორად, გაურკვეველი ვითარება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც რუსეთისთვის და არც ევროპელებისთვის არ არის ხელსაყრელი ახლა საომარი მოქმედებების დაწყება. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, მოტივაცია ორივეს მხარეს აქვს.
მეორე მხრივ, ამ პროცესებმა ძალიან გადაგვრთო სხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და დაგვავიწყდა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ინტერესები და რომ შავი ზღვის აკვატორია ჩვეულებრივი ცხელი წერტილია. თუ გავითვალისწინებთ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ინტერესებს ამ ზღვაში, რისკებს შევაფასებდი 50/50-ზე.
– სოლოვიოვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული ინტერვიუ გამოქვეყნდა დასავლელ ჟურნალისტთან. მან თქვა, რომ ევროპის მოსახლეობა სამჯერ აღემატება რუსეთის მოსახლეობას და, ამდენად, არ გვიტოვებენ სხვა საშუალებას, გარდა ბირთული იარაღის გამოყენებისო. ამასთან, გაიხსენა თავისი ინტერვიუ პუტინთან, როდესაც მან თქვა, რომ, თუ დედამიწაზე არ იარსებებს რუსეთი, რა აზრი აქვს ასეთი დედამიწის არსებობას.
– სოლავიოვის ტიპის აგრესიული პროპაგანდისტები ჰყავთ დასავლეთშიც. ისინიც ამავე ტონალობით საუბრობენ და მსგავსი თემებით მანიპულირებენ, ოღონდ ისინი საუბრობენ ინგლისისა და საფრანგეთის ბირთვულ პოტენციალზე. მეტიც, არა მარტო ასეთი ტიპის პოლიტოლოგებისა და პროპაგანდისტების, არამედ, მსოფლიო დონის ექსპერტებისა და პოლიტოლოგების მოსაზრებით, 2030 წელს მარტო გერმანია შეძლებს, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს ევროპის ტერიტორიაზე. აღარ არის საუბარი არც საფრანგეთზე და არც ინგლისზე, მათი ბირთვული პოტენციალით. საერთოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპის ქვეყნებში მძლავრად განავითარა სამხედრო სამრეწველო ინდუსტრია და ამან მისცა საშუალება პოლიტოლოგებსა და პოლიტიკოსებს, ევროკავშირის ჩინოვნიკებსაც ხმამაღლა ილაპარაკონ საკუთარ თავდაცვისუნარიანობასა და შესაძლებლობებზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკრაინის ომის დამთავრება ჯერ არც ერთი მხარისთვის არ არის ხელსაყრელი. ვინაიდან, სანამ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, მანამდე ევროპელები, მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ მაინც დაცულები არიან. ვიმეორებ, რომც დაიწყოს ეს სამხედრო დაპირისპირება, საომარი ფრონტული მოქმედებები არ იგულისხმება, ქვეტექსტად, ალბათ, იგულისხმება წერტილოვანი დარტყმები. გავიმეორებ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკვანძო თემა იქნება კენინგსბერგი, ანუ კალინინგრადის ოლქი, რამდენადაც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ თავის პოზიცია აშკარად გამოხატა ამ ოლქისადმი. მაგრამ ძალიან გვეპარება ეჭვი, რომ უკრაინასთან ომის პროცესში რუსეთს მეორე ფრონტის გახსნა უნდოდეს.
– ამიტომ ასახელებენ შესაძლო დაპირისპირების ვადად მომავალ წელს?
– პოლიტიკოსების წრეში მთელ მსოფლიოში და არა მარტო ევროპაში, ტრიალებს აზრი, რომ საომარი მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის სავარაუდოდ ერთ წელიწადში დამთავრდება. ამის შემდეგ სავსებით ბუნებრივია, რომ არსებული განცხადებებიდან გამომდინარე, ეს თემები წამოიწიოს. გავიმეორებ, დასავლეთის პირველი მოთხოვნაა დაპყრობილი ტერიტორიებიდან რუსის ჯარის გაყვანა; მეორე თემაა კენინგსბერგი და მესამე თემა არის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება. ასე რომ, ამ სამიდან ნებისმიერი შეიძლება, იქცეს საბაბად.
– რაც უნდა პროპაგანდისტი ვუწოდოთ სოლოვიოვს, თუ აშშ-ს შეუძლია მადუროს გატაცება და დაპატიმრება და ამერიკული სამართლით გასამართლება; თუკი, როდესაც მოუნდებათ, დაუწესებენ ან მოუხსნიან ირანს სანქციებს, რუსეთიც მეტს კი არაფერს უკეთებს სუსტ ქვეყნებს?! შევხედოთ ობიექტურად სიტუაციას.
– ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: ევროპელებსა და რუსეთს შორის ურთიერთგამაღიზიანებელი განცხადებების უკან ამერიკის შეერთებული შტატები არ დგას და თუ ახლა ვინმესთვის არ არის ხელსაყრელი ევროპელებსა და რუსებს შორის დაპირისპირება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება დღეს არის ირანი, რომლის უკან დგას ჩინეთის პრობლემები. ამდენად, ეს დაპირისპირება ზედმეტი ხიჭვია მათთვის. გვინდა თუ არა, ევროპა და ამერიკა პარტნიორები არიან. როდესაც დიდი ბრიტანეთის მეფე ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მესიჯებით, მას დაეთანხმა ამერიკის პრეზიდენტი და ამას მოჰყვა პირდაპირი შედეგი. შეიკრიბა დიდი შვიდეული, ამერიკის შეერთებული შტატებიც ესწრებოდა ამ შეკრებას და მერვე წევრად დაასწრეს უკრაინაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა და ევროპა ერთი მიმართულებით იწყებენ მოძრაობას; ისინი შეთანხმდნენ და ამ საქმის მედიატორი იყო ინგლისის მეფე. ამას გარდა, არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელზეც არავინ ლაპარაკობს და რომელიც, ასევე, დღის წესრიგშია: ეს არის დიდი თურანის პროექტი და ამ საქმეში თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად არ არიან, არც ევროპელები და თურქები არიან ერთად.
– მაგრამ ბრიტანელები და თურქები არიან ერთადო.
– ასე მიიჩნეოდა, მაგრამ დიდი შვიდეულის შეხვედრამ და მანამდე ინგლისის მეფის ჩასვლამ ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ ამ ეტაპზე საფრთხე არის რუსეთი და რუსეთ-უკრაინის ომი, ჩვენ არ გვგონია, რომ ახლა ინგლისს სჭირდებოდეს რუსეთთან გარიგება კულისებში. ან, თუნდაც, მისი გავლენის გაძლიერებამ შავი ზღვის აუზში, აჩვენა, რომ შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას მარტო თურქეთის იმედად არ დატოვებენ, თუ გავიხსენებთ, რომ „ნატოს“ ბაზებია ბულგარეთშიც და რუმინეთშიც და იმასაც, რომ, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყანა უკრაინა ძალიან გაძლიერდა, სამხედრო სამხედრო თვალსაზრისით, ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ინგლისი, ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად, ერთ ხაზს გაჰყვება.
– ეჭვი მიჩნდება, რომ მოსკოვზე დრონებით მასირებულ შეტევას სხვა მიზანი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორისთვის ზიანის მიყენება ლოგიკურია. სხვა მიზანი აქვს, ვინაიდან ეს თავდასხმები ვერ ახდენს გავლენას მდგომარეობაზე უშუალოდ ფრონტის ხაზზე. პუტინს რატომ უჩიჩხინებენ? ხანდახან მგონია, რომ უნდათ, მცდარი ნაბიჯი გადადგას, რაც მას ჩიხში მოამწყვდევს, ნუ, ეს ნერვების ომია?
– რა თქმა უნდა. ქართული გამონათქვამია, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. ადრეც გვითქვამს, რომ ბირთული იარაღის გამოყენების შემთხვევაში საქმე ძალიან ცუდად იქნება. თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაემარვა რუსეთს, არა გვგონია, რომ ზედმეტ თავის ტკივილად აიკიდოს ევროპა. მით უმეტეს, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები, „ნატოს“ წევრი ქვეყნები საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უკვე აშკარად გამოთქვამენ მზადყოფნას საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად. თუ გახსოვთ, ევროპის ქვეყნებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებაც ჩაატარეს, სახელწოდებით – უსაფრთხო ევროპა თუ რაღაც მსგავსი. ამდენად, ისინი გულხელდაკრეფილები არ სხედან, ემზადებიან; არც რუსეთი ზის გულხელდაკრეფილი და, როგორც ჩანს, ბოლო ვაზნამდე აპირებს ბრძოლას. არავინ იცის, რა მოჰყვება ამას, მაგრამ ყველა პრორუსს მე მაინც შევახსენებ: გაიხსენონ საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრის პერიოდი, შეჭრამდე პერიოდში რა მდგომარეობა იყო საბჭოთა კავშირში, შეჭრის დროს რა მდგომარეობა დადგა; ჯარების გამოყვანის აუცილებლობაც და რა მიზეზები უძღოდა წინ საბჭოთა კავშირის დაშლას. უბრალოდ, დაპირისპირების გეოგრაფია შეიცვალა. და რომც ისროლოს ეს ბირთული იარაღი, მერე?!
– ანუ იმის იმედადაა მსოფლიო, რომ რუსეთს ჟანგიანი ბირთვული ბომბები აქვს და ისინი არ აფეთქდება? და, ბოლოს და ბოლოს, ან ერთს, ან მეორეს მიწები, რასაც ედავებიან ერთმანეთს, რაღაში დასჭირდებათ, რომ მიიყარონ?
– ღმერთმა დაიფაროს... მე მგონია, რომ გონიერება ეყოფათ ევროპელებსაც და რუსებსას, რომ ეს სისულელე არ ჩაიდინონ და კატასტროფა არ მოახდინონ. მარტო აფეთქება და ხალხის დახოცვაც ხომ არ არის?! მსოფლიო ეკონომიკაც განადგურდება. ჩათვალეთ, რომ პლანეტის მოსახლეობის 70 პროცენტს დაემუქრება შიმშილი და როგორ წარმოგიდგენიათ დამშეული ხალხისა და დამშეული ქვეყნების კონტროლი?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





