სპერმის შემგროვებელი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 08.09

ანუ ქალი პრეზიდენტის უცნაური კოლექცია
ისე ხდება, თანაც, ჩვენს თვალწინ, რომ ერთ დროს ფრიად და ფრიად ტიტულოვანი ორგანიზაციები, რომელთა სიტყვა და შეფასება ლამის ერთადერთ უზენაეს ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა და მათი დევიზი მთელ დუნიაზე დემოკრატიის გავრცელება და ადამიანთა უფლებების დაცვა იყო, განსაკუთრებით არატრადიციული სექსუალური მიმართულებებით, ერთი მეორის მიყოლებით დახურა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იმავე დონალდ ტრამპმა სამიზნეში თვით ჯორჯ სოროსი და მისი შვილი ამოიღო. როგორც თავად დაწერა (ციტატას მოვიშველიებ): „სოროსმა და მისმა ფსიქოპატთა ჯგუფებმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენეს“ და დასძინა: „ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!“, ანუ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერი გვახსოვსო.
სახელდობრ, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზემონახსენებ ორ ბ-ნ სოროსს ბრალი უნდა წაუყენონ რეკეტის გავლენის ქვეშ მყოფი და კორუმპირებული ორგანიზაციების კანონის (RICO) შესაბამისად, იმიტომ რომ ძალადობრივი საპროტესტო და სხვა მრავალ აქციას უჭერდნენ მხარს მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებშიო.
ამის პარალელურად, მოგეხსენებათ, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა საქართველოში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შესახებ, მათ კი პროკურატურა სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობას ედავება, ასე განსაჯეთ, უცხოური ორგანიზაციების მითითებითა და ხელმძღვანელობით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ანუ ინციდენტი მხოლოდ დაყადაღებით ამოიწურება, თუ უფრო მკაცრი სასჯელიცაა შეგულებული, მაგალითად, ისეთი, როგორითაც ბ-ნი ტრამპი ბ-ნ სოროსს დაემუქრა.
ამასობაში კი, USAID-ის ყოფილ ხელმძღვანელს (სამანტა პაუერს) განუცხადებია, რომ მოლდოვაში უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ფული გაუგზავნიათ მაია სანდუს მხარდასაჭერად, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარიო. ხოლო, თუ გავიხსენებთ სკანდალურ ინფორმაციას, მაია სანდუს მიერ საკმაოდ დიდი ოდენობისა და სხვადასხვა ცნობილი პერსონის სპერმის, თანაც, უკანონოდ შეძენის შესახებ (სხვათა შორის, მისთვის არც არავის უკითხავს, საიდან ჰქონდა ამ საქმისთვის 400 000 აშშ დოლარი ან ამდენ სპერმას რა თავში იხლიდა), ჩნდება ეჭვი, რომ USAID-ის მიერ მოლდოვისთვის გამოყოფილი ფული მოლდოვის პრეზიდენტის ფრიად უცნაურ კოლექციაზეც დახარჯულა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან