როგორ მოახერხა რუსეთის ხელისუფლებამ და დიპლომატიამ ურთიერთობის გაფუჭება საქართველოსთანაც, აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც
ავტორი: ნინო ხაჩიძე 56 წუთის წინ
ერევანში სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართა და ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას, მეტიც, მისი მტკიცებით, სომხეთს შეუძლია, რეგიონული ცენტრი და გზაჯვარედინი გახდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვიცით, რომ დასავლელ ლიდერებს გეოგრაფიასთან თავისებური დამოკიდებულება აქვთ და გასაკვირი არ არის, რომ საქართველოსაც ვერ ხედავდნენ რუკაზე. ისმის კითხვა, რატომ აფორიაქდნენ უცებ ევროპელები, ტრამპის გზის პარალელურად, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის გზის გატარებასაც რომ გეგმავენ? რისთვის სჭირდებათ სომხეთი, აქვთ თუ არა მისი დაცვის შნო და ვის საჩვენებლად ჩატარდა ეს პომპეზური ღონისძიება? – ამ თემას სოსო მანჯავიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რა მიზნების განხორციელებას ლამობს ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრამპის გზის პარალელურად?
– სამხრეთ კავკასიაში ისინი ცდილობენ თავიანთი დომინაციის დამყარებას და ეს უკვე არავისთვისაა დასამალი. აქედან გამომდინარე, მათი მოქმედებები სრულიად მიზანმიმართულია და არაფერს ერიდებიან, არც გეოგრაფიის დამახინჯებას იდეოლოგიის სანაცვლოდ; არც იმას, რომ ვერ დაინახეს საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა და ახლა ამ ფუნქციით სომხეთს განიხილავენ. უფრო ზუსტად, ფაშინიანის ხელისუფლებას განიხილავენ, როგორც თავიანთ საყრდენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს ერთბაშად არ მომხდარა. როდესაც ფაშინიანმა გაიმარჯვა, მაშინვე იყო გასაგები, რა ძალებს მოჰყავდა ის ხელისუფლებაში და რას გააკეთებდა; გააკეთა კიდეც ის, რისთვისაც მოიყვანეს ხელისუფლებაში. მან შეცვალა სომხეთის ვექტორი და გააკეთა ყველაფერი, რომ ყარაბაღი ჩამოეცილებინა, რომელიც, მისი აზრით, იყო ბარგი ამ ვექტორისთვის. სწორედ ყარაბაღის კონფლიქტი აკავებდა სომხეთს იმ მიმართულებით სვლისკენ, რომელიც დღეს აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად არის „ოდეკაბეს“ წევრი, გასაგებია, რომ ეს ორმხრივი მოძრაობაა იმ ძალების, რომლებიც ხელისუფლებაში მოიყვანეს ფაშინიანი ფერადი რევოლუციის გზით. ამდენად, ახლა ისინი ფიქრობენ, რომ სომხეთზე დაყრდნობით დაამყარებენ გავლენას საქართველოზე. გამოიყენებენ სომხეთს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად და მიიღებენ მთლიან კონტროლს ამიერკავკასიაზე. ანუ მათი გავლენის ქვეშ შემდეგ ავტომატურად აღმოჩნდება აზერბაიჯანი, რომელსაც სხვა გამოსავალიც აღარ ექნება. ეს ძალიან მარტივი გათვლაა. რაც შეეხება ტრამპისა და ევროკავშირის წინააღმდეგობას ამ მიმართულებით: ეს წინააღმდეგობა, მართალია, აშკარაა, ტაქტიკური თვალსაზრისით, კერძოდ, რაზე გააკეთოს აქცენტი ირანზე თუ რუსეთზე, მაგრამ ამიერკავკასიისადმი დამოკიდებულებაში ასეთი წინააღმდეგობა არ შეინიშნება. ევროპელები განუწყვეტლივ ცდილობენ, დაამყარონ კონტროლი ამ რეგიონზე და ჩვენ ვხედავთ ამის ეფექტს. ვინ წარმოიდგინდა, სულ რაღაც, 10 წლის წინ მსგავს რამეს?! მაგრამ დავინახეთ ბოლო წლებში მთლიანად შეცვლილი სომხური პოლიტიკა, რაც მიანიშნებს იმ პოლიტიკის ეფექტიანობაზე, რასაც ევროკავშირი ახორციელებს.
– ზელენსკიმ რატომ გამოხატა ერთგვარი კეთილგანწყობა, მით უფრო, რომ ეს არ იქნებოდა მისი პირადი ინიციატივა.
– დიახ, ზელენსკის ჟესტი უნდა განვიხილოთ საერთო პოლიტიკურ კონტექსტში. ევროკავშირი იმედს იტოვებს, რომ ამ ფორმით მოახერხებს თავისი მიზნის განხორციელებას და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჟესტებიც, როგორც ჩანს, არის გარკვეული მოლაპარაკებების შედეგი ამ მიმართულებით.
– რა ჟესტებს გულისხმობთ?
– საქართველო, ჯერ ერთი, განუწყვეტლივ ადასტურებს თავის მისწრაფებას ევროკავშირისკენ; საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთს; არ გამოხატავს რუსეთთან მოლაპარაკებების გააქტიურების სურვილს, სანამ არ გადაწყდება ტერიტორიული საკითხები. საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის გადატვირთოს ურთიერთობა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან და იგეგმება შეხვედრები. ჩამოდიან შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არის ცვლილებების მოლოდინი. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მოქმედების ლოგიკას: ის პრაგმატულია. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, არ მისცეს საშუალება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს, რომ აქ კვლავ მთელი ძალით ჩართონ გადატრიალების მექანიზმები, იმ პირობებში, როდესაც რუსეთთან ვერ ხერხდება ვერანაირი არათუ დათბობა, ურთიერთობის დარეგულირების არანაირი პერსპექტივაც არ ჩანს. რუსეთი კვლავ ჯიუტად აგრძელებს იმ გზას, რომელიც აირჩია. მე ვიტყოდი, რომ რუსეთი თვითონ არის მისთვის დამღუპველი გავლენების მსხვერპლი, მაშინ, როდესაც აშკარაა დასავლეთის კონსოლიდაცია სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. იგულისხმება ევროპული სამხედრო მრეწველობის მობილიზაციის ტენდენციები, სხვადასხვა ფინანსური ეკონომიკური მექანიზმის ამუშავება. რუსეთის პოლიტიკა გაუგებარია, ისევე, როგორც ყველასთვის გაუგებარი ლოგიკით მოქმედებს პუტინის ხელისუფლება, როდესაც ომი არ აქვს გამოცხადებული და, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ მთელი „ნატო“ ეომება. სრული ქაოსი და გაუგებრობაა როგორც იდეოლოგიური და პოლიტიკური, ისე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით. ასეთ ვითარებაში სხვა რეალური გამოსავალი, გარდა ასეთი ტიპის მანევრისა, საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს. იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო რეაგირების რეჟიმშია, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის შიგნით ვხედავთ სრულიად დესტრუქციულ, მტრულ, აბსოლუტურად არაპრაგმატულსა და ირაციონალურ განწყობებს, რომლებითაც გაჟღენთილია ჩვენი საზოგადოების, ეგრეთ წოდებული, ოპოზიციური ნაწილი. ასეთ ვითარებაში ელოდო სასიკეთო გარდამტეხ ცვლილებებს, გულუბრყვილობაა.
– ევროკავშირმა აზერბაიჯანთანაც გაიფუჭა ურთიერთობა. ფიქრობენ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან სომხეთის მეშვეობით? ეს გონივრული, პროდუქტიული გათვლაა?
– წარმოვიდგინოთ როგორი კონფიგურაციაა: დავუშვათ, სომხეთი გავიდა „ოდეკაბედან“ და მოითხოვა რუსეთის ჯარების გაყვანა. გასაგებია, რომ ამას უდიდესი პრობლემები მოჰყვება სომხეთისთვის, მაგრამ ისინი ამის სუბსიდირებას მოახდენენ გარკვეულ ეტაპზე. ამასობაში, ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებამ კურსი შეიცვალა ან მოიყვანეს ახალი ხელისუფლება, იქმნება ევროპული სომხურ-ქართული ალიანსი საფრანგეთის კურატორობით. მაკრონი ძალიან აქტიურობს, ვინაიდან საფრანგეთის დაზვერვა საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამიერკავკასიაში. დავუშვათ, ასეთი ტიპის წარმატებას მიაღწიეს. ამ შემთხვევაში საქართველო და სომხეთი პირდაპირ კეტავს აზერბაიჯანს. და ამ შემთხვევაში არ იგულისხმება, რომ თურქეთი მტრული იქნება. პირიქით, ევროპელები შეეცდებიან, მოელაპარაკონ თურქეთსაც და მივიღებთ მათთვის ძალიან საინტერესო კონფიგურაციას, როდესაც შუა დერეფანს მთლიანად ისინი აკონტროლებენ. და ეს ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. სხვათა შორის, მაკრონმა ერევანში გამოსვლისას პირდაპირ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკა დამღუპველია; ნახეთ, რა მოხდა ვენესუელაში, ნახეთ, რა მოხდა სირიაში, ნახეთ, რა მოხდა ირანში, რომლებსაც რუსეთის იმედი ჰქონდათო. ამ განცხადებით, ბუნებრივია, ზეწოლას ახდენენ იმავე საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ შეიძლება, პრაგმატულად მოქმედებდე, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს და ბოლოს და ბოლოს, აირჩიეთ გზა, გამოხატეთ პირდაპირი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ჩაერთეთ ამ პროცესში აქტიურად და ჩვენ დაგიცავთო. როგორ დაგვიცავენ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში; რომ უკრაინას უკვე გამოუყვეს 90 მილიარდი; ორბანი რომ გყავდათ მოკავშირე, ნახეთ, რა მოუვიდა ორბანს; აგერ ფიცო ზელენსკის ხვდება; აქედან გამომდინარე, დროზე მოდით ჭკუაზეო. ეს არის ევროპელების პოზიცია და მათ საერთოდ არ აწუხებთ, რომ ამას მოაყოლებენ თავიანთ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მიუღებელია.
– რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რა მოხდა ვენესუელასა და სირიაში, რა ხდება ირანში, მაგრამ იმასაც ხომ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში?
– ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და აიძულებენ რუსეთს, გავიდეს უკრაინიდან.
– მე რატომ უნდა შევაკვდე რუსეთს, მით უმეტეს, რომ 2008-ში უკვე „დავამარცხეთ“ რუსეთი?
– მათი წარმოდგენით, უკრაინის მსხვერპლი გამართლებულია, იმიტომ რომ უკრაინელები თავიანთი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინამ, მართალია, დიდი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ისინი მათ დაეხმარებიან. საბოლოო ჯამში, რუსეთს გამოფიტავენ და აიძულებენ, გავიდეს უკრაინიდან და ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. მსხვერპლი და ნგრევა მათთვის მეორეხარისხოვანი საკითხებია. მათი ხედვაა, რომ ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ერთ კაბინეტში განიხილება ეს საკითხები: საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის. ფრონტის ეს ხაზი ბევრ რუკაზე აქვთ დატანილი და, მათი აზრით, დაუშვებელია, როდესაც საქართველო უარს ამბობს ამ პროექტში მონაწილეობაზე. ამიტომ მოგვიწოდებენ, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, სანამ გვიანი არ არის. მე არ ვამბობ, რომ ეს ზუსტად ასე იქნება. მე ვამბობ, რომ ასეთია მათი გეგმა. და თუ ასე არ მოვიქცევით, სასჯელი იქნება ძალიან მძიმე და სასჯელსაც რომ თავი დავანებოთ, ისინი კვლავ შეეცდებიან და ცდილობენ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება. შეცვალონ ზუსტად ისე, როგორც შეიცვალა სომხეთში, ფაშინიანისმაგვარი პერსონით. ჩვენთან ისინი შეეცდებიან, გამოახტუნონ მოკონსერვატორო მოევროპულო ვინმე ან შიდა გადატრიალება მოაწყონ. მათი აზრით, ამ პროექტის განხორციელება ძალიან ეფექტიანი იქნება. რუსეთს შეუძლია, ამ გეგმას ხელი შეუშალოს სამხედრო ძალით, რომელსაც ის, მაინცდამაინც, ეფექტიანად ვერ იყენებს. ყოველ შემთხვევაში, დღევანდლამდე ვერ იყენებდა. რუსეთს შიგნით აქვს პრობლემები: ინსტიტუციური მოწყობის, კორუფციის, სხვადასხვა ქვეყნის აგენტურის, ლიბერალური მეხუთე კოლონიის არსებობის გამო. აქედან გამომდინარე, ევროპელებიც ამ მიმართულებით მოქმედებენ და ამით უნდა აიხსნას იმ შემადგენლობის რიტორიკაც და განწყობაც, რაც იყო ერევანში.
– გავიმეორებ კითხვას: სომხეთს აქვს პოტენციალი, რომ ზეგავლენა მოახდინოს თბილისსა და ბაქოზე?
– სომხეთში არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საელჩო და დღეს სომხეთი მათთვის არის საყრდენი.
– ისევე, როგორც თავის დროზე იყო რუსეთის ერთადერთი საყრდენი.
– ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ლავროვის „ბრძნული“ პოლიტიკის შედეგად დაკარგეს ყოველგვარი საყრდენი და ურთიერთობა გაიფუჭეს არა მარტო საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





