პოლიტიკა

რა ღირებულებებით ზრდიან ქართული ოჯახები შვილებს და რატომ იქცა აღზრდა-განათლება მხოლოდ ლოზუნგებად

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

განათლების სისტემა რომ გაუგებარი გვაქვს, თუმცა გვპირდებიან, რომ ძირეულ რეფორმას გაატარებენ, ცხადია, მაგრამ ვფიქრობ, არანაკლებ სავალალო მდგომარეობაა ოჯახებში ბავშვების აღზრდის თვალსაზრისითაც: ტრადიციები არის და არც არის, ღირებულებებიც არის და არც არის და, რაც მთავარია, გაუგებარია, რა ღირებულებას რა ფასი აქვს. შესაბამისად, გვყავს ისეთი მომავალი თაობები, როგორიც გვყავს: საუკეთესოებით დაწყებული (ოქროს მედლებს რომ იღებენ და სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში იმარჯვებენ) და ნარკოტიკებით გაბრუებულებით დამთავრებული. ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ აღზრდის თანამედროვე ქართულ ვერსიას.

– ჩვენ დღეს არ გვაქვს აღზრდა-განათლების მეთოდი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენს ქვეყანაზე. ურთულეს გარემოში მოგვიწია ცხოვრება და შემოგვრჩა მეხსიერება, სადამდეც გასწვდება: ეს არის რუსეთის იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, შემდეგ პოსტსაბჭოთა სამოქალაქო ომის პერიოდი, შემდეგ სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ჩაყრა. პედაგოგიკის თვალსაზრისით, სრულად ვიყავით რუსეთის იმპერიის, მეფის რუსეთის ნაწილი, შემდეგ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი და დამოუკიდებელი განათლება და აღზრდის სისტემა სრულიად მოიშალა. შემდეგ პერიოდში მოხდა საკუთარი პედაგოგიური განათლება-აღზრდის სისტემის ფორმირების, ფაქტობრივად, იმიტაცია, რომელიც არ არის მთლიანი და არ არის ორიენტირებული ქართველ საზოგადოებაზე. აი, ასეთი მწარე რეალობის წინაშე ვართ, თუკი დავინახავთ ჩვენს თავს უახლოეს და არცთუ უახლოეს წარსულში: მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებიდან დღემდე. არადა ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების აღზრდა ნამდვილად ქვეყნის მომავალია. ამ მხრივ, მხოლოდ ლოზუნები გვქონდა და ისიც რაღაც პერიოდებში. თუმცა არიან საზოგადოებები, რომელთათვისაც ახალგაზრდების განათლება და აღზრდა პრიორიტეტია და იმკიან კიდეც შედეგებს.

– პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ანალოგიური ვითარებაა, როგორც საქართველოში?

– დიახ, ჩვენ არ ვართ ერთადერთი გამონაკლისი და ამოვარდნილი ამ ცუდი წარსულის გამოცდილებიდან. ანუ ვგავართ პოსტსაბჭოთა სივრცეს. რაც შეეხება არაპოსტსაბჭოთა სივრცეს: იქ მართლაც გამორჩეული ქვეყნები და საზოგადოებებია, რომელთათვისაც ახალგაზრდების აღზრდა-განათლება პრიორიტეტია და არა ლოზუნგი. პირადად ჩემი გამოცდილებით ვიტყვი: ასეთია ფინეთი, ჰოლანდია, იაპონია, სადაც ეროვნულ დონეზეა აყვანილი განათლება. რა თქმა უნდა, პრობლემები ყველგან არის, მაგრამ ისინი ახერხებენ, რომ იყვნენ მოწინავენი სამყაროში.

– რუსეთში როგორი ვითარებაა? ის, ყოველ შემთხვევაში, უსწრებს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, იმ შედეგებით, რასაც აჩვენებენ რუსი მოსწავლეები საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებსა და კონკურსებში.

– მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირი იქმნებოდა, განათლება მასობრივი გახდა, რაც მანამდე არ იყო. გაქრა თავადაზნაურობა, რომელსაც ჰქონდა განათლების მიღების პრივილეგია. ჩვენ ეს არც გვახსოვს, იმიტომ რომ განათლება მივიღეთ მასობრივად. ესე იგი, გავიარეთ განათლების ერთგვარი კულტის ეტაპი, განვითარდა ტექნიკური მიმართულებები: ფიზიკა, მათემატიკა, ტექნიკური მეცნიერებები, იმდენადაც კი, რომ კოსმოსში პირველი საბჭოთა ადამიანი გაფრინდა. ასე რომ, განათლების მასობრიობამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. გაუნათლებელი ერი, ფაქტობრივად, განათლებული გახდა და ეს ნამდვილად პლუსი იყო. რუსეთი ახლაც ამ ინერციით მიდის წინ, მაგრამ, თუ საბჭოთა პერიოდს შევადარებთ, ტემპმა იკლო. ესე იგი, რესურსებმაც იკლო: ვინც ის შედეგები მოიმკა, ისინი ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში გაიქცნენ. თავისი შედეგი მოიმკა მაშინ ქართველმა საზოგადოებამაც. ანუ მასობრივი განათლება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

– ახსენეთ განათლების წარმატებული მოდელის მქონე ევროპული ქვეყნები, მაგრამ ჩვენი განათლების სისტემა დაექვემდებარა ევროპულს, კერძოდ, ბოლონიის პროცესს, რამაც საბჭოთა ინერციაც კი მოსპო. ეს წინააღმდეგობა როგორ უნდა გადაიჭრას?

– ბოლონიის პროცესი დაკავშირებულია ევროპის ერთ ქვეყნად ჩამოყალიბების იდეასთან, ოღონდ განათლების სფეროში. გვახსოვს უახლოესი წარსული: საქართველო ორიენტირებული იყო ევროპაზე, ამიტომ მოხდა კალკირება იმ ბიუროკრატიული ნორმების, რაც ბოლონიის განათლების პროცესთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ჩვენც გვინდოდა ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით და გაადვილებულიყო გადასვლა-გადმოსვლა. ამას ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. დადებითი, იმ მხრივ, რომ ქართველი ახალგაზრდა თავისუფლად ჩადის ევროპაში, იღებს ევროპულ განათლებას და აგრძელებს თავისი განათლების ეტაპებს. მაშინ, როდესაც, მაგალითად, აფრიკიდან ან აზიიდან ჩასული ახალგაზრდა ევროპაში ასე ადვილად ვერ ინტეგრირდება სწორედ ამ ბიუროკრატიის გამო. მაგრამ, მეორე მხრივ, მინუსებიც არსებობს, იმიტომ რომ ასეთი გლობალიზაცია აქრობს დამოუკიდებელ ხაზებს განათლების სისტემაში. გკარნახობენ, ისევე, როგორც პოლიტიკაში: თუ ამა და ამ ნორმებს არ გაატარებ, მიიღებ სანქციებს და საკუთარ თავს დააბრალე. ასე ბრმად მიყოლა ზოგჯერ აუცილებელიც იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვქმნიდით ატმოსფეროს, წამყვანი როლი არ გვქონდა და, აქედან გამომდინარე, კალკირება იყო ერთადერთი საშუალება. მიუხედავად პლუსებისა, ბევრი კითხვის ნიშნებია, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორი სკოლა გვაქვს, როგორი საბავშვო ბაღი გვაქვს, როგორი უმაღლესი განათლება გვაქვს.

– რაც ვისაუბრეთ, ეხებოდა სახელმწიფოს აღმზრდელობით პოლიტიკას, ოჯახებში თუ გვაქვს და დაგვრჩა რაღაც ნორმები... აზელილია თითქოს ყველაფერი, კარგსა და ცუდზეც კი ვერ შევთანხმებულვართ. სულ თავიდან უაზრო ნორმები მკვიდრდებოდა, თუნდაც, ყბადაღებული მაგალითი, რომ ბილეთი თუ ნაყიდი მაქვს, ადგილი არავის უნდა დავუთმო. ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ შეიძლება, ალგებრა არ იცოდე ან ასტრონომია, მაგრამ ზრდილობის ელემენტარული ნორმები ნამდვილად უნდა იცოდეს ადამიანმა.

– ეს უკვე კომიკური სიტუაციაა. ეს იყო, ფაქტობრივად, ევროპეიზაციის, წამხედურობის პოლიტიკა. ასეთ რამეს არავინ გააკეთებდა ტრადიციულ, საკუთარ თავზე ორიენტირებულ საზოგადოებაში, ვისაც აქვს განათლების სისტემა. მაგალითად, იაპონელი ასეთ რამეს ქაოტურად არ შეიტანდა თავის განათლების სისტემაში და არ ეტყოდა ბავშვს, ასე და ასე მოიქეციო, როდესაც სრულიად სხვა ყაიდაზეა ბავშვი გაზრდილი. მაგრამ ჩვენ, როგორც ეროვნული და ტრადიციული განათლების სისტემის არმქონე საზოგადოება, გავყევით რეკომენდაციებს, როგორც რომელიმე აფრიკული ქვეყანა, რომელსაც არ აქვს არაფერი და ამიტომ გარედან შეაქვთ განათლება. შესაბამისად, არ ითვალისწინებდნენ კულტურულ-ეთნიკურსა და ადგილობრივ მახასიათებლებს, რაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. მაგალითად, უფროსის პატივისცემა. როდესაც ადგილობრივ კულტურას არ ითვალისწინებ, შემოდის ნორმები, რომლებიც უგულებელყოფს შენს ტრადიციებს. და მოხდა კარიკატურული წესების დეკლარირება. ეს ნიშნავს, რომ არ ხდება ტრანსფორმაცია საკუთარიდან ზოგადსაკაცობრიოზე. მაგალითად, ევროპელისთვის ეს არის, რომ იყოს გერმანელიც და ევროპელიც; იყოს ევროპელიც და არ დაკარგოს თავისი ფრანგობა. მაგრამ ეს ჩვენთან კომიკურად გამოიყურება, როგორ იყო ქართველი და თან ევროპელი. ჩვენთან არ მუშაობენ იმაზე, რომ გავარკვიოთ, რა არის საკაცობრიო და რა არის ეროვნული, როგორ დავინახოთ ეროვნულში საკაცობრიო და საკაცობრიოში – ეროვნულის ნიშანი, რომ ჩვენ მაშინ ვიქნებით ევროპელები, თუ არ დავკარგავთ ქართველობას.

– კავკასია რატომ ამოვარდა ამ რგოლიდან?

– ისევე, როგორც პოლიტიკურად ამოვარდა. ჯერ კიდევ გუშინ გვეუბნებოდნენ, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო და ახლაც დგას ეს საკითხი: დაგიწესებთ სანქციებს, თუ შენ არ მოგვყვები. იმდენად არ არის თავისუფალი, შემოქმედებითი დიალოგი ამ სფეროში, რომ ეს ვითარება ჩვენთან კომიკურად გამოიყურება. თუ ასე დგას საკითხი, რომ ჩვენში იგულისხმება ქართული და იმათში ევროპული, ყოველთვის კონფლიქტი იქნება. უნდა დავადგინოთ, რა არის ის, რაც მოგვწონს და რასაც მივყვებით, რა არის ის, რასაც არ გამოვეთხოვებით, საკუთარი ავთენტობიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზი არ გაქრეს. როგორ მოვახერხოთ, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებლებიც ვიყოთ და ავთენტობისაც საერთო ფონში. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა კარგი და გასაგები დიალოგი და არა კალკირება. კალკირების შემთხვევაში სულ გაჩნდება მტრის ხატი, რომ ვიღაც გვაიძულებს და ჩვენ არ გვინდა. დაახლოებით, იგივე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც: ისინი გვაიძულებდნენ, ჩვენ კი არ გვინდოდა და ვებრძოდით, იმიტომ რომ იქ ნებით არ ვიყავით გაერთიანებული. დღეს ჩვენი სურვილით გვინდა გაერთიანება, მაგრამ, როდესაც ასეთი დიალოგი არ არის, იქმნება განცდა, რომ იგივე ხდება, გვაძალებენ და, შესაბამისად, იგივე წინააღმდეგობაა ამ დაძალებისადმი. სხვათა შორის, ყველგან იგივე რეაქცია იქნება: ამერიკისა და ევროპის ურთიერთობაშიც, თუ ადგილობრივი ღირებულებები არ იქნება გათვალისწინებული. ეს, ფაქტობრივად, ურთიერთობის თემაა. როდესაც ორი ადამიანი ერთად დასახლდება და მეზობლები არიან, მათ უნდა გაუგონ ერთმანეთს და ერთმანეთის გაგებით ააგონ საერთო, ესე იგი, სადარბაზოში ქცევის წესები, სადაც საერთო ფართია. აქაც იგივე თემაა, ოღონდ გაცილებით გლობალური, იმიტომ რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ამ შემთხვევაში ქვეყნებს შორის განათლების სისტემათა ურთიერთობის მიმართებები არის მნიშვნელოვანი.

– მაგრამ ჯერ ხომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი გვინდა, იყოს ჩვენი აღზრდისა და განათლების სისტემა?

– დიახ, ვის გვინდა, დავემსგავსოთ. ამას წინათ ქართველი ფსიქოლოგები შევიკრიბეთ ამონაშვილების რეზიდენციაში, იმიტომ რომ ბატონები შალვა და პაატა პედაგოგიკით არიან დაკავებული და პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოირჩევიან. გვქონდა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური დიალოგი, როგორი პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორი შეიძლება, იყოს ქართული განათლებისა და აღზრდის სისტემა. როდესაც ამ თემაზეა ლაპარაკი, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პედაგოგიკის სამეცნიერო გამოცდილება, იმიტომ რომ ბავშვის აღზრდისას გასათვალისწინებელია მეცნიერული ცოდნა. მეორე მხრივ, განწყობის თეორია და ფსიქოლოგიაა, ანუ ბავშვის და ზოგადად, საკაცობრიო ღირებულებების დანახვა, განწყობის თეორიიდან გამომდინარე. რომ უზნაძის პედაგოგიკა ყოფილიყო იმ განწყობების შექმნის ინიციატორი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა, ბავშვის მოზარდის, ახალგაზრდის განვითარებასთან ერთად, მომხდარიყო განწყობების დანახვა და შეთავაზება ისეთი გარემოსი, რომელშიც შეძლებდნენ თავიანთი თავის განვითარებას. ვამბობთ, რომ ვართ ევროპის ნაწილი, მაგრამ რაღაც თანმხვედრი მოძრაობებია განსახორციელებელი და არ უნდა მივყვებოდეთ კალკირებულ გზას, როდესაც ჩვენ მუდმივად მსმენელისა და იმის დაუღეჭავად მყლაპველის როლში ვიქნებით, რასაც მოგვაწვდიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი