რატომ ირჩევს მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში დაბალ ღობედ ისევ საქართველოს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 59 წუთის წინ
ყველა ხედავს, როგორი გეოპოლიტიკური დაძაბულობაა: რა ხდება ირანსა და უკრაინაში, ლიბანსა თუ ღაზას სექტორში, იმის პარალელურად, რომ საკმაოდ ვიწროვდება და ილახება რუსეთის ფედერაციის გავლენები სამხრეთ კავკასიაში, როდესაც, ფაქტობრივად, არ რჩება მოკავშირე. ამის მიუხედავადაც, სულ ახლახან ვლადიმირ პუტინმა „დუმას“ ცხინვალის რეგიონთან, ანუ მათებურად „იუჟნაია ოსეტიასთან“ სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება წარუდგინა რატიფიკაციისთვის. უფრო ადრე მსგავსი აქტივობა დე ფაქტო აფხაზეთისადმი გამოიჩინა. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ, ნაცვლად თანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლიანი გზების ძიებისა, მოსკოვი განაგრძობს ზეწოლას თბილისზე. თუ რატომ, ამის შესახებ დემურ გიორხელიძეს ვკითხეთ აზრი.
– სამხრეთ კავკასიის დაბალ ღობედ კრემლმა ისევ საქართველო აირჩია?
– ამ კითხვას პასუხად, ალბათ, მთავარი განსახილველი თემაა, თუ რა პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას და გააჩნია თუ არა რამე პოლიტიკა არა რუსეთისადმი, არამედ მკვიდრი ქართული ტერიტორიებისადმი, რომლებიც უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომების შედეგად და გლობალური პოლიტიკის ფარგლებში 1993 წელს ტრაგიკულად დავკარგეთ. ეს გაგრძელდა 2008 წელს და ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებებს არა მარტო არ უმსჯელიათ ამ თემაზე, არამედ მიზანმიმართულად მისდევენ თავიანთ იდეაფიქსებს, რომლებსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან. ეს იდეაფიქსები მომდინარეობს გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან და რაკი საქართველოს ხელისუფლებაში უკვე 23 წელია, არაფერს ვამბობ იმ უბედურების შესახებ, რომელიც 1992 წლის შემდეგ საქართველოში შევარდნაძის მობრუნებით დაიწყო და რომლის წიაღშიც გამოიზარდა წინა და დღევანდელი ხელისუფლება, ეს თემა არ ყოფილა სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. მეტსაც გეტყვით, ისტორიული წიაღსვლები არაფერს იძლევა. თუ სახელმწიფოს მომავალზე ვფიქრობთ, ჩვენი ეს ხედვა უნდა იყოს მიმართული მომავლისკენ. რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ? მოგწონს თუ არა რუსეთი, ამას მეათე ხარისხის მნიშვნელობა აქვს. ის არის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე და მას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. არაერთხელ გამიანალიზებია, როგორია მისი ელიტები, რა წინააღმდეგობებია. ერთადერთი – არასდროს დავსულვარ იმ კრეტინიზმამდე, რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები აქვს და უკრაინა მალე გაიმარჯვებს. თუმცა ამას ჩემს უდიდეს ნაკლად მიიჩნევდნენ და ლამის პუტინის მეგობრად გამომიყვანეს. ეს არის იდიოტური აზროვნების შედეგი და ამ იდიოტური აზროვნებიდან ხელისუფლებაც არ არის შორს.
შეგიძლიათ მითხრათ, რომ საქართველოს აქვს რამე ინტერესი იმისა, რომ საკუთარ მეზობლებთან დალაგებული ურთიერთობა ჰქონდეს?! იმას, თუ როგორ მიიღწევა ეს დიდსა და პატარა სახელმწიფოებს შორის, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ სამხრეთ კავკასია მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია და ტერიტორიულად და მოსახლეობით მცირე ქვეყანას შეუძლია უდიდესი გეოპოლიტიკური როლის თავის თავზე აღება, რომელიც მისაღები იქნება სამივე მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშისთვის და ახლა უკვე მეოთხე მოთამაშისთვის – ირანისთვის. ამის ნაცვლად ჩვენ გვესმის ევროკავშირი და „ნატო“. ეს არის კლასიკური პოლიტიკური იდიოტიზმის ნიმუში, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაში ვერანაირი ევროკავშირი ვერ შემოვა, ვინაიდან საფრთხეა მეზობლებისთვის. ვიმეორებ, მეათასე მნიშვნელობა აქვს, ევროკავშირი კარგია თუ ცუდი. მას აქ არავინ შემოუშვებს, იმიტომ რომ ეს არის რუსეთთან დაპირისპირებაზე ორიენტირებული ძალა, მას სჭირდება მხარდამჭერები. ამიტომ სარგებლობს საქართველოს ძალიან სუსტი ხელისუფლების ამ ყალბი ორიენტაციით და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს. არ აინტერესებს საქართველოს ხელისუფლებას არც ტერიტორიული პრობლემების მოგვარება, არც ის, რომ აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონში თაობები იცვლება და მეხსიერებაშემორჩენილი ხალხის წასვლის შემდეგ ახალ თაობებს, რომლებსაც კარგი არაფერი უნახავთ საქართველოდან, გარდა იმ ლექსიკისა, რაც მათ ესმით და ისინი ინტენსიურად უყურებენ ქართულ გადაცემას, მათ არანაირი კავშირი არ ექნებათ საქართველოსთან. ამდენად, დროის თვალსაზრისით, უმძიმეს მდგომარეობაში ვიყენებთ თავს. ამიტომაც ვხედავთ, რომ ესეც ზეწოლის მექანიზმია.
– ხელისუფლების პროდასავლური რიტორიკის საპასუხოა ურთიერთობის ეს გამჭიდროება ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებთან?
– დიახ, იმიტომ რომ ყველანაირი მინიშნების შემდეგ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიერთება რომ ჰქონოდა მიზნად, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. მაგრამ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, საქართველოში კარგად გაანალიზებული არ არის და ვიღებთ შესაბამის შედეგს. თუ ეს მოხდა, მაშინ ეს ტერიტორიები მოაზრებულ მომავლამდე დაკარგულია. ხოლო შემდეგ რა მოხდება, უკვე არავინ იცის. ასე რომ, ჯობია, დღეს იმის შესახებ ვისაუბროთ, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და რასაც ის აკეთებს, იმაზე უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე რუსეთი აკეთებს დღეს ამ რეგიონებთან მიმართებაში.
– როდესაც რუსეთი დაპირისპირებულია აშშ-სა და „ნატოსთან“, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, პროდუქტიულია, ასე უგონოდ მოიქცეს საქართველოსადმი, როგორიც უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებები? რუსეთი იმპერიული სახელმწიფოა და აქვს უცვლელი ინტერესები, სტრატეგიული მიმართულებები, რაც, ფაქტობრივად, პეტრე პირველიდან მოდის. რა სტრატეგიითაც ის დღეს მოქმედებს და რა ტაქტიკურ სვლებსაც აკეთებს, ეს მომგებიანია რუსეთის სახელმწიფოსთვის?
– რა თქმა უნდა, რუსული სახელმწიფოსთვის ის ნაბიჯები, რომლებიც თქვენ თქვით, აბსოლუტურად წამგებიანია, ისევე, როგორც სომხეთთან მისი ურთიერთობა არ არის რუსეთისთვის სასარგებლო. ეს ნაწილია რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და სწორედ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად მეზობელ ქვეყნებს უქმნიან პრობლემებს, მაგრამ, უპირველესად, პრობლემებს უქმნიან თავის თავსაც, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიის ჩამოცილება რუსული ინტერესებიდან, რაც ნაკლებ სავარაუდოა, იქნება რუსეთის სტრატეგიული მარცხი, რაც მთლიანობაში რუსეთის სახელმწიფოს აყენებს საფრთხის წინაშე, ამდენად, ჩვენ კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ისევე, როგორც ირანის დამორჩილება შეერთებული შტატების მიერ იქნება უდიდესი დარტყმა როგორც რუსეთისთვის, ისე ჩინეთისთვის. თუ ეს მოხერხდა, ჩინეთიც და რუსეთიც იძულებული იქნებიან, გახდნენ იმის მონაწილეები, რასაც ამერიკის პრეზიდენტი უწოდებს გარიგებას, რაც უფრო კრიმინალური ტერმინია, ვიდრე პოლიტიკური.
ასე რომ, რთული სიტუაციაა. საქართველოსთვის მესამე საფრთხე არის ის, რომ მისი ხელისუფლება მოწყვეტილია რეალობას. 2026-2027 წლებში რას უპირისპირებს საქართველო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს? რა პოლიტიკა აქვს რუსეთის მიმართ? გლობალური დაპირისპირების მიმართ, რომელიც ჯერჯერობით არათუ არ დაწყებულა, არამედ მხოლოდ პრელუდიაა, ანუ შესავალია იმ დიდი კონფლიქტისა, რომელიც ჩვენ წინ გველოდება. არის თუ არა აქ რამე გარანტია ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც საქართველოა, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა?! ყველა ჩვენნაირი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე. ოცდამეერთე საუკუნე არის არშემდგარი, სუსტი სახელმწიფოების დახურვის, ანუ მოშლის ეპოქა და თქვენ ამას ნახავთ. აი, ეს არის პრობლემა. მე სულაც არა ვარ იმ აზრის, რომ საქართველო უნდა იყოს რუსული ორიენტაციის; ასევე, ვეწინააღმდეგები, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპული ორიენტაციის. როდესაც მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში ხარ და შენ გაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს უსაფრთხოება და მისი გრძელვადიანი მდგრადი განვითარების შესაძლებლობა არ უკავშირდება ორიენტაციებს – არც ერთი ორიენტაცია არაფრის მომცემი არ არის, გარდა სიგლახისა. ქვეყანას არ აღმოაჩნდა ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომ გაეაზრებინა, თუ რა ხდება მსოფლიოში და სად არის ის საუკეთესო გზა, რომელიც საქართველოს შეინარჩუნებს, როგორც სახელმწიფოს. ხოლო, თუ საქართველო არ იარსებებს, როგორც სახელმწიფო, ის ქართველებისთვის დასრულდება, როგორც ქვეყანაც. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს განუხილავს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები. აი, მე თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართავ: ჩემთან საუბარს არ იკადრებენ, მაგრამ გამონახონ თავიანთი საუკეთესო ანალიტიკოსები თუ ექსპერტები, მე დავუჯდები მათ ნებისმიერ ადგილას და დაგანახვებთ ყველას, რამდენად უსუსურია საქართველოს ხელისუფლება, რამდენად შორს არის იმ რეალობისგან, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და ეს კიდევ უფრო საშიშია საქართველოსთვის. ჩვენ ვუქმნით საფრთხეს ქართული სახელმწიფოს არსებობას. დიახ, მე არ მაინტერესებს ჩემი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ორიენტაცია. მისი ორიენტაცია არის საკუთარ სახელმწიფოზე ორიენტირება, მიუმხრობლობის პოლიტიკა და საღი, პროფესიული და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკის გატარება, რომლის მსგავსით საქართველოს ხელისუფლებებს ბოლო 23 წელი არასდროს გაუტარებიათ, იმიტომ რომ არც მზად იყვნენ ამისთვის და არც იცოდნენ წესიერად, თუ რა უნდა გაეკეთებინათ.
– მხოლოდ ბოლო 23 წელი რატომ? მანამდე იცოდა საქართველომ, რა პოლიტიკას ატარებდა ხელისუფლება?
– არა. რა თქმა უნდა. შევარდნაძის პერიოდზე გითხარით, რომ ის უბედურების უპირველესი და უდიდესი ბნელი წყაროა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ამიტომ თავისთავად იგულისხმება. ამდენად, ვფიქრობ, ყველანი უნდა გავაქტიურდეთ, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, გვესაუბროს საქმეზე, სანამ ყველას ერთად კისერი მოგვიტეხია. თუ ჩვენ ამ გლობალურ დაპირისპირებაში სწორი პოლიტიკა ვერ გამოვნახეთ, ქართული სახელმწიფო გაქრება. მე არ ვგულისხმობ პატრონის ძიებას და არც ლავირებას. 700 წელია, ლავირებას მივმართავთ და დაგვანგრიეს ცხვირ-პირი, იმიტომ რომ ლავირების პოლიტიკა არის სიგლახისა და სისუსტის პოლიტიკა; პოლიტიკა კი არის სიცხადე, პოლიტიკის გამტარებლების ავტორიტეტი და რა თქმა უნდა, ეს არის ნდობა იმ სიტყვისა, რომელსაც ხელისუფლება იძლევა. მაჩვენეთ ერთი კაცი მაინც ხელისუფლებაში, ვისაც პოლიტიკური ავტორიტეტი ან პიროვნული ავტორიტეტი აქვს მსოფლიო დონეზე.
– სანამ დიდი მოთამაშეები გადაინაწილებენ გავლენებს, ჩვენი ზომის სახელმწიფოების აქტივობას აქვს აზრი?
– ბევრი რამ დამოკიდებულია იმ სახელმწიფოების პოლიტიკაზე, რომლებიც გლობალური დაპირისპირების ინტერესების დაუბალანსებლობის ზონაში არიან. ეს არის სამხრეთ კავკასია, ეს არის შუა აზია, ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც არაფერი გარკვეული არ არის. თუ ამ სახელმწიფოების ხელისუფლებები იქნებიან პროფესიონალები, მაშინ ისინი ისეთ ფუნქციებს აიღებენ, რომლებიც მისაღები იქნება სამივე სახელმწიფოსთვის. უფუნქციოდ დარჩენილი და პატრონის მაძიებელი ქვეყნები კი, უბრალოდ, გაითელებიან და მე არ მინდა, რომ საქართველო მათ შორის იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





