პოლიტიკა

დაბოლილები-2

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვინ უფრო ევროპელია?!

რაკი ევროკავშირი თავისას არ იშლის (ან კი როგორ მოიშლის, როდესაც რუსეთის ცეცხლში შესაყრელებს იბევებს) და, სხვათა შორის, იმიტომაც არ იშლის (ჩემი მოკრძალებული აზრით), საქართველო რომ ტანზე იხევდა, დამოუკიდებლობის აღდგენამდეც კი, ევროპის გარეშე სუნთქვა არ შემიძლიაო და ახლაც კი ჩვენი თანამემამულეების ნაწილს ევროპა შინ ჰგონია (და მერე რა, რომ მამა დავიწყებოდა, მამინაცვალს იფიცებდაო), აწ უკვე სომხეთის (მე მაპატიეთ ჟარგონისთვის) „დაბოლების“ ეტაპი დადგა.

ჰოდა, რაკი დადგა, მას შემდეგ, რაც ერევანში სომხეთისა და ევროკავშირის პირველი სამიტი ჩატარდა, უფრო ადრე კი ევროკავშირის მესვეურებმა სომხეთი შავი ზღვის სტრატეგიულ ქვეყნად გამოაცხადეს და სამხრეთ კავკასიის ცენტრადაც, ავანსცენაზე აწ უკვე ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი რასა იუკნევიჩიანე გამოგოგმანდა.

კერძოდ, ევროპარლამენტარმა ბალტიისპირეთიდან ბრძანა, რომ ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ხოლო ამ ბრძანებას რომ შეხარბების დატვირთვა ჰქონდა, ამ ფრაზის გაგრძელებიდან ჩანს (მომყავს ციტატა): „ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში ხელში ვინმეს ევროპული დროშა ეჭიროს.“ რა თქმა უნდა, ქ-ნ რასას არ გახსენებია, რა ჩიტი დაიჭირეს ქართველებმა (კვლავ მომიტევეთ ჟარგონისთვის) ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდგომ (ანუ მომთელავის როლი რომ შევასრულეთ იმ სისხლიანი გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელიც ჩვენ თვალწინ თამაშდება) ან კი რატომ გაიხსენებდა, როდესაც ახლა იმაზეა გამეცადინებული, რომ როგორმე ბალტიისპირეთს ააცდინოს საფრთხე და აქეთ – ჩვენ აგვიტიროს დედები (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).

მანამდე კი, იგი, ანუ ზემონახსენები ქ-ნი იმედოვნებს, რომ გამოვასწორებთ შეცდომებს, რადგან (ისევ ციტატას მოვიხმობ) „ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს, ეს გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო, ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის“. რა თქმა უნდა, ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა და, ბუნებრივია, ვინც უნდა იყოს, საკუთარ შეცდომებს უნდა მოუაროს (თუნდაც, როდესაც ჰგონია, რომ მის სიტყვას რამე ფასი აქვს), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, უდიდესი ალბათობით, „შეცდომად“ რუსეთთან დაპირისპირების არსურვილს გულისხმობს და, მათ შორის, იმასაც, ქ-ნი იუკნევიჩიანეს მოწოდება რომ საკმარისი არ არის ჩვენს გულებში ევროპის საკუთარი სისხლით დაცვის სურვილის გასაღვივებლად, იმედია, მის მშობლიურ ქვეყანას მოუწევს, გვაჩვენოს მაგალითი იმისა, თუ რაოდენ უშიშრად მიიტანენ თავიანთ თავსა და ქვეყანას რუსეთის დამარცხების იდეალის სამსხვერპლოზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი