სიკვდილისგან დავიწყებულები...
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:59 07.10

ანუ „შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია“
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ალიევსა და ფაშინიანს თეთრ სახლში შეხვდა და მათ, სამივემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას (მარადიულ ძმობასა და პარტნიორობაზე) და იქვე ზანგეზურის დერეფანს აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი სახელი დაარქვა, აზერბაიჯანული მედია მეტად ხატოვნად ავრცელებს მაშინდელ კადრებს და იმეორებს დონალდ ტრამპის მიერ ალიევისა და გმირი აზერბაიჯანელი ხალხის სადიდებლად ნათქვამ სიტყვებს. ბუნებრივია, იმის დასტურად, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დიდად აფასებს სამხრეთ კავკასიურ ამ სახელმწიფოს და აღფრთოვანებულია მისი მიღწევებით. ასევე, დასძენენ, რომ სწორედ თურქეთის არმიის ძლიერების იმედი აქვს „ნატოს“ (მაშასადამე, აშშ-საც).
ამის პარალელურად, რომ ჩვენებური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი თავზე ნაცარს იყრის, საქართველო ყველას დაავიწყდა (მე ვისურვებდი, სიკვდილსაც დავვიწყებოდით) და იზოლაციისკენ მიდისო, იმას გარდა, რომ ტრამპთან შეხვედრისკენ მიმავალი იმანუილ მაკრონი ამერიკელმა პოლიციელებმა გააჩერეს და კარგა ხნის ყურყუტის შემდეგ გაატარეს, იგივე ბედი გაიზიარა თურქეთის პრეზიდენტმაც (ის გაეროს შენობისკენ მიიჩქაროდა) და თუმცა ბევრს ეცადა ბ-ნი ერდოღანის დაცვა, მაინც ვერ გაარღვია ნიუ-იორკის პოლიციის კორდონი.
საბოლოოდ, ამბავი კეთილად გასრულდა, ანუ ყველა ყველას შეხვდა და, ვფიქრობ, ტრამპის გზავნილებიც გაიაზრეს, მაგრამ ჩვენ ისევ ჩვენს ბატებს, მაშასადამე, სამხრეთ კავკასიას დავუბრუნდეთ: თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის, რომელიც მისი და ალიევის შეხვედრას ეხებოდა, პასუხად ტრამპმა გაიკვირვა, ვისო, ხოლო შეკითხვის გამეორების შემდეგ კი დასძინა, რომ ვერაფერს იტყოდა.
ცხადია, არავინ იცის, რა უტრიალებს თავში აშშ-ის პირველკაცს, მაგრამ ფაქტია, რომ არად ანაღვლებს ისინიც, ვისაც აქებს და აგულიანებს და ისინიც, რომლებიც არ ახსენდება, მკაფიოდ გამოკვეთილი ძველი პრინციპით: „შენი ვახტანგი ლუდოვიკოს (პირობით დასავლეთს) ფეხზე ჰკიდია“?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან