პოლიტიკა

პატიოსანი გვამები და მათი ავტოები

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გამორჩენის მიზნით მზრუნველები?!

ისე მოხდა, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ ბოლო დროს მეტად აქტიურობს, რომ მოქალაქეებმა ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ და, რა თქმა უნდა, მეტად გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას (და მერე რა, რომ სადაზღვევო სისტემა ქვეყანაში დაავადებების გავრცელებას ემსახურება და არა პრევენციას, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბროთ). შესაბამისად, თამბაქოს ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება (ოფიციალური მოტივით, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს მისი შეძენის საშუალება ან ნაკლებად ჰქონდეს, თუმცა, რეალურად, როგორც შედეგი აჩვენებს, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მიზნით).

ამავე „ოპერიდანაა“ გადაწყვეტილება, რომ 5 წელზე მეტი ასაკის ავტოები აღარ შემოვიდეს ქვეყანაში, უფრო ზუსტად, იმდენად გაიზარდოს მათი განბაჟების ღირებულება, რომ მათ შემოყვანას აზრი დაეკარგოს და, მართლაც, რა ჯობია ახალი ავტოებით სრიალს და რომ არა მზრუნველი მთავრობა, მოსახლეობა ამას თავისით ვერას დიდებით ვერ მიხვდებოდა.

ოფიციალური განმარტებით, ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზანია, განახლდეს ქვეყნის მოძველებული ავტოპარკი, რომელიც გაუმართავია და ჰაერსაც აბინძურებს (თუმცა აქვე შევნიშნავ, რომ ჰაერს უხარისხო ბენზინი აბინძურებს და უამრავი მშენებლობა, რომლებიც, ამას გარდა, მეტად ქაოტურად მიმდინარეობს, ისედაც გადავსებულ თბილისს, რომელსაც თავკომბალასაც უწოდებენ, ზომაზე მეტად ავსებს და გაუვალსა და საცხოვრებლად უვარგისს ხდის).

მაგრამ ეს არ არის ზემოდან ზრუნვის სრული თაიგული – ამ ყოველივეს ემატება ჯარიმებიც (ისე მოახერხა თბილისის მერიამ, რომ მის ფონზე „სითი პარკი“ უფრო ანგელოზად ახსენდებათ თბილისელ მძღოლებს), ყურადღებას ვამახვილებ ისეთი ტიპის დარღვევებზე, რომლებიც არ იწვევს ავარიულ სიტუაციას და არ უქმნის საფრთხეს ფეხით მოსიარულეებისა და მძღოლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამას გარდა, ქუჩები უღმერთოდ ვიწროვდება და ეგრეთ წოდებული, კუნძულების ოდენობა იზრდება, რაც იმ ადგილებშიც კი ქმნის უკვე საცობს, სადაც მანამდე, ანუ კუნძულებამდე არც იყო. შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ესეც ბიუჯეტის შევსების საშუალებაა (არ იქნებოდა ურიგო ინფოს მოძიება იმის შესახებ, თუ რა შემოსავალს იღებს ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმებით, იმიტომ რომ ჯარიმების ზრდა, და ეს დადასტურებული ამბავია, არანაირად არ ამცირებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ყველა ამ საგზაო გადაწყვეტილებაში (რადგან არც ერთი არ მახსენდება, მოძრაობის შემსუბუქებას ეხებოდეს) იკითხება მოქალაქეების ავტოებიდან ჩამოსმისა და ავტობუსებზე გადასმის მცდელობაც, საწყენია, რიმ სტამბოლის ბაზარი გაუქმებულია, თორემ ჩვენი გაყიდვით შემოსავალსაც მიიღებდნენ და გზებსაც მოისუფთავებდნენ, იმიტომ რომ მხოლოდ პატიოსანი გვამები და მათი ავტოები დარჩებოდნენ, ცხადია, შევსებული ბიუჯეტის ფონზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი