შემგონებლები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:06
ანუ ვაშინგტონისა და ბრიუსელის ქართველი ფალავნები
რადგან პოლიტიკა და მით უფრო, გეოპოლიტიკა მოულოდნელობებით ხასიათდება და მუდმივი არც პარტნიორობა შეუძლია და არც გაყრა-გამოყრა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კარგა ხანს არ იმჩნევდა საქართველოს არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი აქტიურობდა: თქვენი ხმალი და ჩვენი კისერიო.
არ მგონია, იმიტომ რომ ჩვენმა ამ ჟინმა გაჭრა, უფრო იმის გამო, რომ შესაფერისი მომენტი მომწიფდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ჩამოვიდა და ლამისაა, წასვლა გადაიფიქრა, ანუ კარგა ხანს დარჩა. გასაგებია, არა იმიტომ რომ წყალი ენაყა, როგორც აღმოჩნდა, იმისთვის, რომ ერთი კვირის შემდეგ ჩვენებური ოპოზიციისთვის არც თუ სასიამოვნო ამბავი ეცნობებინა.
სახელდობრ, არჩევნების შედეგები უნდა გეღიარებინათ, ანუ ოფლით მოპოვებული 61 მანდატი ქარისთვის არ უნდა გაგეტანებინათო; არც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ინიციატივა მოსწონებიათ და არც სინდისის პატიმრების ვერსია; მეტიც, 2028 წლის არჩევნებისთვის შეუგულიანებიათ. დაახლოებით, ამ ლოგიკით; აბანოში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევნებზე, გამოჩნდება თეთრი და შავი, ანუ გამარჯვებული და დამარცხებული, ესე იგი – ვის რის შნო აქვსო.
ბუნებრივია, ჩვენებურ ოპოზიციას დიდად არ ეპიტნავა ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტინიორის ამგვარი შეგონებები, მაგრამ, რაკი ისინი (კერძოდ, ჩვენებური ოპოზიციონერები) ის ხალხი არ არის, აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს რომ იმნაირად შებედავს რამეს, ბუნებრივია, მორჩილად მიიღეს დატუქსვა.
გუმანი მკარნახობს, ეს არ ნიშნავს, რომ ძველებურ აქტივობებს არ გააგრძელებენ (სავარაუდოდ, უფრო ნაკლები ინტენსივობით). რატომ? იმიტომ რომ ბრიუსელის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომლის პოლიტიკაც ერთობ განსხვავდება აშშ-ის პოლიტიკისგან, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში არც თუ დამთხვეულია, ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ, ბრიუსელის პოლიტიკური ფალავნები (ანუ ოპოზიცია) აჯობებენ ვაშინგტონისას, თუ პირიქით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





