მორგების ოსტატი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00 17.06
ანუ უნარიანები?!
რაკი რფ-ის ტაქტიკა არ იცვლება, სომხეთის პირველკაცის დასავლეთისკენ სწრაფვით გაღიზიანების გასაქარვებლად სომხური პროდუქცია – რუსეთში საექსპორტოდ მიმავალი – დაიწუნა და თავის ბაზარზე არ შეუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მწარე დაწუნებები ჩვენც გამოგვიცდია, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ვის ინტერესებსაც დაუპირისპირდები, ის შენს საქონელს არ იყიდის (ზუსტად ამ ლოგიკით მოქმედებს ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორიც და, ზოგადად, ყველა).
მაგრამ ამ ფაქტმა სომხეთის ლიდერი არ დააბნია და თავის ამომრჩეველს აუწყა, რომ რუსეთის მიერ დაწუნებული სომხური ვარდი და ბოსტნეული ევროკავშირისკენ მიმავალ გზას გაუყენა, ოღონდ კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, მაგრამ დაგვპირდა, რომ მაშინვე გაამჟღავნებს, როგორც კი ტვირთი ევროპულ ქალაქებს მიაღწევს.
ბუნებრივია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეგზომ მაღალი თანამდებობის პირი ტყუილს იკადრებს, მაგრამ მაინც იბადება კითხვები: რა გზით გაემართა სომხური ტვირთი ევროპისკენ, იმის პარალელურად, რომ ნეტავ როგორ მოახერხა ბ-ნმა ფაშინიანმა, ფაქტობრივად, მყისიერად რუსულ სტანდარტებს მორგებული სომხური საქონლის ევროკავშირის სტანდარტებზე მორგება (სავარაუდოდ, ყველაფრის მიზეზი 7 ივნისის არჩევნებია, რადგან გამარჯვებულებს არ ასამართლებენ). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ უნგრეთის ახალთახალმა პრემიერმა სულ ახლახან უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის უნგრეთში შეტანა აკრძალა, ვფიქრობ, ბ-ნ ზელენსკის ბ-ნ ფაშინიანთან მასტერკლასის გავლა არ აწყენდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





