რატომ გასცა დონალდ ტრამპმა ბრძანება, გასაჯაროვდეს ინფორმაცია უცხო ცივილიზაციების შესახებ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00
აშშ-ის პრეზიდენტმა, რატომღაც, გასცა ბრძანება, რომ გასაჯაროვდეს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის ფაქტები. ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა და, სავარაუდოდ, დედამიწის მოსახლეობის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას არ უნდა ემსახურებოდეს. რა მიზანი აქვს ტრამპის ამ არც თუ ლოგიკურ გადაწყვეტილებას? – ამ თემას ერეკლე შონიასთან ერთად განვიხილავთ.
ერეკლე შონია: მეოცე საუკუნის 40-ანი წლებიდან დაიწყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევა, მათზე ინფორმაციის მოძიება და გაცვლა-გამოცვლა. შემდეგ ამ თემით ერთგვარი საინფორმაციო ომი დაიწყო, რაც გულისხმობდა როგორც ინფორმაციის მოძიებას, ისე დეზინფორმაციის გავრცელებას. რა იყო ამის არსი? მსგავსი ინფორმაციით მიმდინარე სარაკეტო და ატომური ტექნიკის გამოცდის გადაფარვა ხდებოდა ხოლმე, ანუ უცხო ცივილიზაციების არსებობის ფენომენი და მასალები რეალურია, მაგრამ, როდესაც ამ თემას იკვლევენ, განსაკუთრებით, სუპერსახელმწიფოები, თავისთავად აქვს როგორც სადაზვერვო, ისე სადეზინფორმაციო დანიშნულება. ესე იგი, ერთი მხრივ, მე ვფარავ სარაკეტო და ატომური იარაღის ტექნიკის გამოცდას და, მეორე მხრივ, დეზინფორმაციას ვუშვებ, ანუ ვნიღბავ ჩემსავე გამოცდებს. ამასობაში კი ათწლეულები გადის და ამ მასალებს ვასაიდუმლოებ. გასაიდუმლოების მიზეზი არის ის, რომ კაცობრიობამ ხელში ჩაიგდოს ახალი ტექნოლოგიები და კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც პირველი ჩაიგდებს ხელში ამ ახალ ტექნოლოგიებს, გარკვეულ გარღვევას გააკეთებს, ანუ ცივილიზაციურად და ტექნიკურად წინ წაიწევს.
– ანუ სახელმწიფოები ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ უცხო ცივილიზაციების ტექნოლოგიები?
– პატარა მაგალითს მოვიყვან: 1988-1989 წელს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე დაეშვა არამიწიერი ხომალდი, სადაც შეიყვანეს ჩვენი თანამოქალაქე. გაესაუბრნენ მას და მაშინ გამოიყენეს სატელეკომუნიკაციო საშუალება, რომ დაკავშირებოდა თავისი ოჯახის წევრებს, ანუ მათთან დაერეკა ტელეფონით. იმხანად ეს ძალიან უცნაური - დარეკვა ყოველგვარი სატელეფონო ხაზების გარეშე. ანუ 20-30 წლით ადრე ნახა ადამიანმა ასეთი მოწყობილობა და გამოიყენა. ასევე, იყო ერთ-ერთი შემთხვევა თბილისში, როდესაც ქალბატონი კონტაქტში შედიოდა, მისი აღწერით, ბიორობოტთან, რომელიც იყო ორ მეტრზე მაღალი, ცოტათი გამჭვირვალე და გულკერდის არეში ჰქონდა კალკულატორის მსგავსი მოწყობილობა და საუბრის დროს მას ხელს ადებდა. ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს არსება კონტაქტზე არ გამოსულა და შემდეგ, როდესაც ქალბატონმა ჰკითხა, რატომ აღარ მოდიოდიო, იმ არსებამ განაცხადა, რომ ის საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც გულმკერდზე ეკიდა, გაუფუჭდა. მოწყობილობა თარგმნიდა ქართველ ადამიანსა და ბიორობოტს შორის დიალოგს. მაშინ, თუნდაც, ეს ტექნოლოგია წარმოუდგენელი იყო, მაგრამ გავიდა 15 წელზე მეტი და მივედით იქამდე, რომ გაჩნდა Google translate, არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თარგმნის; ასევე, უკვე შესაძლებელია ადამიანის ხმის ტემბრის გადაყვანა ნებისმიერ ენაზე, რომელიც ადამიანმა არ იცის. ანუ წაომოვთქვამთ რაღაცას ქართულად და პროგრამა აგვალაპარაკებს ჩვენი ხმით ჩინურად. იმის თქმა მინდა, რომ სავარაუდოდ, არსებობს სხვა ცივილიზაციები. მათ შესახებ ბევრი მასალაცაა მოგროვილი და ისინი ბევრ სხვადასხვა დარგში გაცილებით წინ არიან. მე მოვიტანე მხოლოდ სატელეკომუნიკაციო-კომპიუტერული მიმართულება. მესამე მაგალითიც მოტანაც შემიძლია. იმავე წლებში ადამიანებზე ჩატარებულია სხვადასხვა სახეობის ოპერაცია. მაშინ მოხერხდა მათი კლასიფიკაცია, დაგროვდა ამ ოპერაციების რაოდენობა და დახარისხდა, როგორც საინფორმაციო, სამკურნალო და კვლევითი ოპერაციები. და იქ იყო ძალიან საინტერესო რამ: ოპერაციის შემდგომ ნაიარევზე არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები ადამიანებს, დავარქვათ ასე, ქირურგიულ წებოს უსვამდნენ და ჭრილობა 8-დან 24 საათამდე დროში ხორცდებოდა ისე, რომ უჯრედული ბმაც კი არ იყო დარღვეული. ესე იგი, იყო რაღაც შეხორცების დამაჩქარებელი, რომლის ანალოგიც, თუმცა მას შემდეგ 35-40 წელოი გავიდა, კაცობრილბას არ აქვს. ჯერჯერობით ქირურგიის იმ დონეს ვერ მივაღწიეთ.
იმას ვამბობ, რომ ის ძალის ცენტრი, რომელიც პირველი ჩაიგდებს ხელში არამიწიერ ახალ ტექნოლოგიებს, ყოველთვის იქნება წარმატებული და, თუ ეს ცოდნა ექნება ერთ მხარეს, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ შეიქმნას დისბალანსი, რომელმაც ერთპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებაც კი გამოიწვიოს.
- გამოდის, რომ ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, სავარაუდოდ, მოპოვებულია სხვა ცივილიზაციებიდან, სხვა, არამიწიერი სამყაროდან?
– არის ასეთი ვერსიაც. ტესლა ამბობდა, ეს ჩემი არ არის, ჩემში ეს ინფორმაცია გადმოდის; იმავეს ამბობდნენ პოეტები, გამომგონებლები. არის ინფორმაცია, რომ, როდესაც კაცობრიობა განვითარების გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, მოდის ახალი ნიჭები. და, თუ დავაკვირდებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც უცხო ცივილიზაციებთან ჰქონდათ შეხება ან მათი თვითმხილველები არიან, ეხსნებათ ნიჭები გამოგონების, ტექნიკური... ხდება ცოდნის გენერირება, რომელიც კაცობრიობას ტექნოგენურად განავითარებს. ეს შეიძლება, იყოს როგორც უცხო ცივილიზაციებიდან მოსული გარკვეულ უნარი, ასევე თვითონ ადამიანის ღვთაებრივი უნარის გაღვივება. არის ვერსია, რომ ეს ცივილიზაციები ხედავენ ნიჭიერ ადამიანებს და მათ უვითარებენ ამ ნიჭებსა და უნარებს. მათ შორის, როგორც გითხარით, ტექნიკური განვითარების, გამოგონების მიმართულებით. ამ ნიჭიერ ადამიანთა შორის, თუნდაც, ვისთანაც მე ვმუშაობ, საკმაოდ ბევრ ადამიანს ვხვდები, ვამოწმებ და ვესაუბრები, ყველაზე მცირე რაოდენობა არიან გამომგონებლები. რამდენიმე ათასს შორის შეიძლება, ერთი ადამიანი იყოს ან მილიონს შორის – ერთი. იმის თქმა მინდა, რომ ეს ძალიან იშვიათი ნიჭია. საბოლოო ჯამში, ესენი არიან ცივილიზაციისთვის მოსული სხვა სულები, რომლებსაც აქვთ კაცობრიობისთვის ტექნიკური ბიძგის მიცემის უნარი. ქვეყნები, რომლებიც ამას ჭკვიანურად იყენებენ, მიჰყავთ ისინი და ამუშავებენ, ტექნიკურად ერთი-ორი ნაბიჯიც წინ არიან დანარჩენებზე. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირში იყო ძალიან ძლიერი სამეცნიერო და გამომგონებლური სკოლა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამ ტვინების გადინება მოხდა გრანტებით, გადაბირებით, აქედან გაყვანით, მასალების წაღებით და მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა ამ ყველაფრით არა მარტო სარგებელი მიიღეს, არამედ განვითარდნენ. ჩვენთვის ეს თვალნათელი და ხელშესახები ხდება, როდესაც ვხედავთ დღევანდელ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთეს; როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუნდაც, იარაღის წარმოების ტემპს, მაგალითად, დრონების...
– და რობოტების ტექნოლოგიის იმ დონემდე განვითარება, რომ კუნფუს ილეთებს აკეთებენ.
– დიახ... ეს დედამიწაზე ყოველთვის არსებობდა. კაცობრიობა ასე ვითარდებოდა. უცხო ცივილიზაციათა არსებობის ფაქტი, როგორც თეორია, არის ძველ კონტაქტებში, უძველეს ტექნოლოგიებში. ეს ფაქტები მკითხველმა იცის ფილმებიდან, გადაცემებიდან... ჩვენ ვაკვირდებით კაცობრიობის ნახტომისებურ განვითარებას. ვიცით, რომ არის ცოტა ხანგრძლივი პერიოდები, მაგალითად, ქვის ხანა: ძველი ქვის ხანა, ახალი ქვის ხანა; ბრინჯაოს ხანა, რკინის პერიოდი და ასე შემდეგ. ბოლო 200-300 წელია, დიდი ნახტომებია, მათ შორის, სოციალური რევოლუციების ტიპის: ეს არის საზოგადოებაში არსებული დამალული პოტენციალის გამომჟღავნება, იმიტომ, რომ ნებისმიერი რევოლუცია, რომლის ლოზუნგია: ერთობა, ძმობა, თავისუფლება, ათავისუფლებს იმ დამარხულ, შენახულ პოტენციალს, რომელიც ზოგადად ადამიანშია. ასეთი ძალიან დიდი ცვლილებებისა და ჯანჯღარის დროს გამოთავისუფლდება ხოლმე ენერგიის პოტენციალი, რომელიც შემდეგ მთელ კაცობრიობას გამოადგება. ასეთ ცივილიზაციულ ნახტომებს თან ახლავს გარკვეული საშიშროება, რომ კაცობრიობა მარტო აგრესიული გზით არ წავიდეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იარაღად არ გამოიყენოს. ამდენად, როდესაც დაძაბულობები, ომები, კრიზისებია, უნდა გაიღვიძოს ადამიანობამ, ჰუმანიზმმა, რწმენამ, სიკეთის კეთების სურვილმა, რომ ტექნოკრატიული განვითარება არ იყოს წინ და პირველადი და პლანეტარული მასშტაბის სირთულე არ შემოიტანოს, იმიტომ რომ, თუ დაბალგანვითარებული საზოგადოება ჩაიგდებს ხელში ძლიერ იარაღს, ის უკვე არა მარტო თავისთვის არის საშიში, არამედ სრულიად კაცობრიობისთვის ან, თუნდაც, პლანეტისთვის, ან გალაქტიკისთვის.
ადამიანებს, ასევე, აქვთ სურვილი, რომ პირველები დაეწაფონ რაღაც ტექნოლოგიებს ან, თუნდაც, დაძაბულობებისა და ომების დროს ისეთი პიარი აწარმოონ და ისეთი დეზინფორმაცია გაუშვან, ისე იმოქმედონ მასების ფსიქიკაზე, რომ აი, ჩვენ რა მაგრები ვართ, ჩვენ ვფლობთ ტექნოლოგიებს, ცოდნას, თუნდაც, არამიწიერს, ჩვენ ვიღებთ ისეთ ფილმებს, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი ყოველთვის გამარჯვებული რჩება. ამ გზით მოქმედებენ მასების ფსიქოლოგიურ აზრზე: რომ ჩვენ უცხო ცივილიზაციებთან გვაქვს კავშირი, თქვენზე გაცილებით წინ ვართ და მოწინავე იარაღი გვაქვს.
– ამ უპირატესობის საჩვენებლად გადაწყვიტა აშშ-მა ამ ინფორმაციის გასაჯაროება?
– დიახ, თავისი უპირატესობის საჩვენებლად, ვითომ რა მაგრები ვართ, გაცილებით წინ ვართ, უფრო ძლიერ იარაღს ვფლობთ, კავშირები გვაქვს და გეშინოდეთ ჩვენი. ამის მიზანი შიშით მართვაა, თორემ ეს საკითხები ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო, რადგანაც წარმოადგენს განსაკუთრებული ინტერესისა და დანიშნულების ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება, დაანგრიოს ადამიანის ფსიქიკა; გამოიწვიოს მასობრივი ფსიქოზი საზოგადოებაში იმიტომ, რომ აქ რეალურად არსებობენ სხვა ცივილიზაციები. თუ საზოგადოება წინასწარ მომზადებული არ არის, რომ ჩვენ გარდა სხვა ცივილიზაციებიც არსებობენ სამყაროში, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია, თუნდაც, ჩვენზე მაღალგანვითარებულ ცივილიზაციების შემოსვლასთან რაღაც ურთიერთობაში, ჩვენთვის შეიძლება, დამანგრეველი აღმოჩნდეს ჩვენი რწმენა-წარმოდგენებისთვის, ჩვენი ტექნიკური განვითარებისთვის, ჩვენი საზოგადოებრივი მოწყობისთვის. ამდენად, ეს ძალიან ფაქიზი და საშიში ინფორმაციაა. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან ბევრი მძიმე ფილმი შეიქმნა დაკავშირებული აპოკალიფსისთან, ზომბებთან, სხვა ცივილიზაციის მიერ დედამიწის დაპყრობასთან.
– ამის მიზანი რა იყო?
– ეს მიმაჩნია კაცობრიობის შემზადებად. ამის შემდეგ ძალის ორივე პოლუსმა დაიწყო გადაცემების მომზადება ამ თემებზე. ანუ რაც ათწლეულების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, უცებ დაიწყო იმის სხვადასხვა გადაცემაში გამოშვება. მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, თუ რა ხდება, რისთვის ემზადებიან, რატომ ასაჯაროებენ ან აუფასურებენ ამ ინფორმაციას, რატომ მოქმედებენ ამ დოზით ადამიანების გონებაზე?! მაგრამ 2019 წელს კოვიდპანდემიის გამოცხადებითა და შემდგომი ომებით ყველაფერი გასაგები გახდა. დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ხელახალი გადანაწილებისთვის და აი, ამ პროცესში გამოიფინა ტყუილიც და მართალიც ერთმანეთზე ზეგავლენის მოსახდენად. ძალიან დიდი ინფორმაციული ომი და ინფორმაციული შეტაკებებია... ჩვენი საზოგადოება უნდა შეეჩვიოს იმ აზრს, რომ მოგვიწევს, გავუმკლავდეთ კრიზისებს და გავარჩიოთ ინფორმაცია დეზინფორმაციისგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





