რატომ არის სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებული საქართველოზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00
სომხეთში 7 ივნისს არჩევნები ჩატარდა, მანამდე კი რუსეთმა თავისი ელჩი გაიწვია სომხეთიდან, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა კი სომხეთის ლამის ყველა სახეობის პროდუქცია დაიწუნა. ბუნებრივია, იბადება კითხვები: სომხეთზე ზემოქმედების რა ბერკეტები აქვს რუსეთს და შეძლებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთზე გავლენის მოპოვებით სამხრეთ კავკასიის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას; აქვს თუ არა რუსეთს პოტენციალი, აღიდგინოს თავისი შესუსტებული გავლენა სამხრეთ კავკასიაზე და რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს სომხეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა? – ამ თემებზე უსაფრთხოების ექსპერტთან, კოტე ფორჩხიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რუსეთის რეაქცია სომხეთისადმი დაგვიანებული ხომ არ არის?
– ალბათ, უფრო დროულია, იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რაც ნათელ პასუხს გვაჩვენებს. უკრაინაში პროცესი თითქმის დასრულების ფაზისკენ მიდის და ამერიკელების გასვლაც ამის მაჩვენებელი იყო. საელჩოს თანამშრომლების არა სრული, არამედ ნაწილობრივი ევაკუაციაც მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გავიდა უკრაინის სათამაშო სცენიდან და რუსეთს, ფაქტობრივად, კარტპლანში მისცა. არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე და მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი ერთ გარემოებას: როგორც კი რუსეთი უკრაინაში თავის პრობლემას მოაგვარებს, შემდგომი მიმართულება, ალბათ, იქნება კავკასია: აქ გავლენების უფრო გაძლიერება. რით გამოიხატება ეს გაძლიერება, ამას მომავალი გვაჩვენებს. ამას დაემთხვა სომხეთში არჩევნები. იცით, რომ სომხეთს ორჭოფული დამოკიდებულება აქვს. სომხეთი და სომხეთის პრეზიდენტი დღეს ორმაგ თამაშს თამაშობს რუსეთისადმი: არც ურთიერთობას წყვეტს, არც „ოდეკაბედან“ გადის და არც ერთი იმ ორგანიზაციიდან, რომლებშიცაა გაწევრიანებული. იმიტომ რომ ისინი აცნობიერებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: რასაც მათ დასავლეთი სთავაზობს, შორეული პერსპექტივაა, ხოლო ის, რაც მათ აკავშირებს რუსეთთან, მათი დღევანდელი დღეა. რუსეთის ბერკეტებზე მკითხეთ და უპირველესად ეს არის ეკონომიკური ბერკეტები, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო ბერკეტებზე. რუსეთის ბოლო განცხადებებიც საკმარისია: მკვეთრად შეიზღუდა არა მხოლოდ ხილის, ბოსტნეულის ექსპორტი სომხეთიდან, არამედ საკონიაკე მასალების, კონიაკისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. არ იფიქროთ, რომ ეს უმნიშვნელო დარტყმაა სომხეთის ეკონომიკაზე. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღესდღეობით სომხეთის ენერგოსისტემა სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე და ეს ბერკეტიც რუსეთს აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. თუ უფრო დაიძაბება ვითარება და ფაშინიანი განაგრძობს სამმხრივ მოძრაობას დასავლეთის მიმართულებით, ალბათ, ეს ვექტორიც ჩაებმება აი, ამ ჰიბრიდულ ომში და ელჩის გაწვევა, ფაქტობრივად, არის დიპლომატიური დემარშის ნიშანი.
– რა ქვეტექსტი აქვს ამ ნაბიჯს?
– ამ ნაბიჯის დიპლომატიური ქვეტექსტი არის ის, რომ მხარეები, ფაქტობრივად, ომის საწყის მდგომარეობაში არიან ერთმანეთთან. დიპლომატიურ ომს ვგულისხმობ და არა ცხელ კონფლიქტს. რამდენიმე დღე დარჩა არჩევნების ჩატარებამდე და უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ, ალბათ, ისევ ფაშინიანი გაიმარჯვებს. იმიტომ რომ ის ბერკეტები, რომლებიც ჩვენც გამოვცადეთ და ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს სომხეთშია, ფაშინიანს აძლევს საშუალებას, რომ ის კიდევ ერთი ვადით გახდეს სომხეთის რესპუბლიკის პირველი პირი. იმას, თუ რა იქნება შემდეგ, ალბათ, უფრო უკრაინაში კონფლიქტის დასრულება გვანახვებს. როგორც კი ის კონფლიქტი მინელდება ან გაყინულ ფაზაში გადავა, რუსეთი გააქტიურდება ჩვენი მიმართულებით.
– ჩვენი, ანუ საქართველოს თუ სამხრეთ კავკასიის?
– საქართველოსთან მიმართებაშიც ასეა, რადგან, რაც მეტად დაიძაბება ურთიერთობა სომხეთსა და რუსეთს შორის, ეს პროცესი საქართველოს მით უფრო ვერ აუვლის გვერდს. თუ არ გამოვრიცხავთ სამხედრო ჩარევასა და სამხედრო ძალის დემონსტრირებას რუსეთის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მისი ლოჯისტიკა განხორციელდება საქართველოს ტერიტორიის გავლით, და ეს იმოქმედებს ჩვენს შიდა პოლიტიკაზეც. ამდენად, დღეს სომხეთზე ბევრი რამაა დამოკიდებული და იმაზეც, თუ რა მიმართულებით დაიწყებს სვლას სომხეთის ხელისუფლება; რამდენად ძლიერია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები სომხეთში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი პოლიტიკური თამაში და მხარეები, მათ შორის, დიდი სახელმწიფოები ცდილობენ, აჩვენონ, რომ მათ აქვთ გარკვეული ინტერესი იმ პატარა რესპუბლიკაში, რასაც სომხეთი ჰქვია. ეს უფრო თამაშს ჰგავს, ვიდრე რეალური ინტერესების ფიქსაციას. რა შეიძლება იყო შეერთებული შტატების მთავარი ინტერესი?! დიახ, იქ მუშაობს სომხური ლობი, რომელიც ძალიან ძლიერია დასავლეთში და, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში და მუშაობს ზუსტად ის ინტერესი, რაზეც ადრეც გვისაუბრია. კერძოდ, უიშვიათეს მეტალებზე, რომლებიც მოიპოვება ზუსტად იმ რაიონში, რომელიც თავის დროზე დაანონსდა, როგორც ტრამპის დერეფანი. ძირითადად, საუბარია სპილენძისა და მოლიბდენის მოპოვებაზე. არაერთხელ გვითქვამს, რომ მოლიბდენის მსოფლიო მარაგის 7 პროცენტი მოიპოვება ზუსტად ამ რეგიონში და ეს არის უმნიშვნელოვანესი მასალა მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისათვის, რაც სტრატეგიულადაა მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები არაფერს კარგავს, თუ შეძლებს, მოიპოვოს კონტროლი და ჩაანაცვლოს ევროპა. იმ რეგიონში მუშაობდნენ გერმანული კომპანიები და ფლობენ რესურსების 60 პროცენტს. ზუსტად გერმანელების ამერიკული ინტერესებით ჩანაცვლებაზე შეიძლება, იყოს საუბარი. აი, ეს არის ტრამპისა და შეერთებული შტატების ინტერესი ამ რეგიონში.
– ეს იშვიათი მეტალები ლაიტმოტივად გასდევს ლამის ყველა ომს: უკრაინაში, ახლა სომხეთში...
– იმიტომ რომ ტექნოლოგიებს მარტო ეს აინტერესებს. ამასთან, აღსანიშნავია იმ ტერიტორიის სიახლოვე ირანთან, რაც სტრატეგიულადაა მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ინტერესების განხორციელებისთვის ირანის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია მისი ახლოს ყოფნა თავის მოკავშირეებთან, რომ იქ შექმნას თავისი ინტერესების განმსაზღვრელი რამე სტრუქტურა: ამგვარად ადვილად გააკონტროლებს იმავე თურქეთის ინტერესებს, აზერბაიჯანის ინტერესებს თურქეთში და ასე შემდეგ, ამიტომ, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატებისთვის ის დერეფანი უფრო სადაზვერვო ინტერესებს ატარებს. მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ვერ ჩაანაცვლებენ რუსეთის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, იმიტომ რომ ამას ხელს უშლის ბევრი სხვადასხვა ინტერესი, მათ შორის, მათი მოკავშირეების ინტერესებიც. მხედველობაში მაქვს თურქეთი, ისრაელი და სხვები... ასე რომ, ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება, ზუსტად იმოქმედოს: ან გადაეწყოს თურქეთის ინტერესებზე ან გადაეწყოს ისრაელის ინტერესების ლობირებაზე ამ რეგიონში. აი, ეს არის მისი ინტერესი ძირითადად. წარმოვიდგინოთ, რუსეთი სრულად განიდევნა სამხრეთ კავკასიიდან, როდესაც სომხეთის მთელ საზღვარს იცავს რუსეთის ფედერალური ძალები. რუსეთი ასე ხელაღებით იტყვის უარს თავის ინტერესებზე?!
რომ არა გიუმრის ბაზა, სომხეთი დიდი ხნის წინ დაიწყებდა თამაშს დასავლეთის მიმართულებით. მას დასავლეთის მიმართულებით სვლა სავაჭროდ სჭირდება, იმიტომ რომ ისინი არ ამბობენ უარს იმ ორგანიზაციებზე, რომლებშიც არიან გაწევრიანებულები. ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებიათ „ოდეკაბედან“ და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის შესახებ. ამდენად, ბუნებრივია, რომ ეს სავაჭრო თემაა და, ალბათ, ფაშინიანს იმისათვის სჭირდებოდა, რომ ხელისუფლება მეორე ვადით შეენარჩუნებინა. ვნახოთ, მოვლენების რა განვითარება მოჰყვება მის არჩევას სომხეთსა და კავკასიაში. მეორე მხრივ, სომხეთიც მეტწილად დამოკიდებულია საქართველოს გადაწყვეტილებებზე. თუ საქართველო არ განაგრძობს სვლას დასავლეთის მიმართულებით და არ გახდება ევროკავშირის წევრი, სომხეთის ევროკავშირის წევრობა წარმოუდგენელი ფაქტია. მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტს კარგად აცნობიერებენ სომხებიც. ამიტომ ვამბობ, რომ ცხელ კონფლიქტში სომხეთის ჩათრევა, ფაქტობრივად, ნიშნავს საქართველოს ჩათრევასაც ამ კონფლიქტში, გინდა თუ არა, ეს ასე მოხდება. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსული ბაზები, არც გიუმრის ბაზაა შორს საქართველოდან და, თუ ეს რეგიონი სამხედრო მოქმედებებში ჩაერთო, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს თავისი ლოჯისტიკური პრობლემების გადასაწყვეტად. ხოლო, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცნაირად ცდილობს, რუსეთი სამხედრო გზით ჩაერიოს სომხეთში ამერიკული აქტივობის წინააღმდეგ? ამ გზით შესაძლოა, მიღწეულ იქნას მეორე ფრონტის გახსნის მიზანი, რაც, თუნდაც, მოლაპარაკებებისას აშშ-ს უპირატესობას მისცემდა.
– რუსეთს სომხეთში უკვე აქვს ბაზა და საკმაოდ დიდი ბაზა. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებებით, იქ არის არა 3 000-5 000-კაციანი, არამედ გაცილებით ძლიერი ბაზა, გადაიარაღებული. სადაც განთავსებულია ძალიან მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებითაც, ფაქტობრივად, მთელი კავკასიის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. რუსეთს გადაკეტილი აქვს ეს სივრცე და მათ რომ არ იცოდნენ, ჩიტი ვერ გადაფრინდება. ეს არის ფაქტი. იმიტომ რომ „ეს 400-ები“ დგას გიუმრის ბაზაზე, ასევე, ანალოგიური სისტემებია განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსულ ბაზებზე, რომელთა მოქმედების რადიუსი, დაახლოებით, 300 კილომეტრია და ის ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთის ბაზებია განთავსებული, ერთმანეთს ისე კვეთენ, რომ, ფაქტობრივად, მთელი საჰაერო სივრცე, დღესდღეობით, რუსეთის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშაა. ეს არის რეალობა. არაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობებია კოსმოსში, ანუ კოსმოსური სადაზვერვო სისტემების გამოყენების შესახებ.
– ყოველ შემთხვევაში, ვითარება მაინც არ არის ისეთი, რომ საფრთხე არ გვემუქრებოდეს.
– საფრთხე არსებობს, მაგრამ ძალიან მინიმალური. გავიმეორებ, იმიტომ რომ ჯერ არ დასრულებულა კონფლიქტი უკრაინაში, რუსეთს ჯერ არ სცალია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მიმართულების მოსაძლიერებლად, ის შეეცდება, პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მიაღწიოს შედეგს და თავისი ინტერესების დაფიქსირებას სომხეთში. ამ ეტაპზე ეს არის მისი მთავარი სტრატეგიული და ტაქტიკური მიზანიც. უფრო სწორად, მისი სტრატეგიული მიზანია სრული კონტროლის დამყარება კავკასიაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





