სიბრიყვე საზღვრების გარეშე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 16.08, 2022 წელი

ანუ შენ რომ ჩემთვის ისტორია არ გისწავლებიაო...
მსოფლიოში დიდი არეულობაა, უფრო ზუსტად, მსოფლიოს ნაწილებში, დანარჩენები კი ძველებურად ეწევიან ჭაპანს პოსტკოვიდურ დედამიწაზე. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ჩინეთი დაძაბა (ჯერჯერობით მხოლოდ დაძაბა და, ვფიქრობ, თავადაც დაიძაბა), აზერბაიჯანმა სომხეთს შეუტია ყარაბაღის შემოგარენში (მოტივით, რუსი მშვიდობისმყოფელები ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენო), იქით – ევროპაში კი სერბებმა და კოსოვოელებმა განაახლეს დაპირისპირება (მაინც შეგახსენებთ, დასავლეთის უმეტესი სახელმწიფოები კოსოვოს აღიარებენ, რამაც, სამწუხაროდ, რუსეთის აღიარების საკბილო გახადა ჩვენი სოხუმი და ცხინვალი).
თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალი და მეტად გასაკვირი მაინც არაფერია – კაცობრიობა მუდამ ერთმანეთს ერჩოდა და სისხლის ზღვებს აყენებდა, მაგრამ გასაოცარი რამეები მაინც ხდება (შესაძლოა, იმიტომ რომ უსაზღვრო არა მხოლოდ ადამიანის ნიჭი, მისი სიბრიყვეცაა).
შესაძლოა, სწორედ ამ უსაზღვროობის გამო უკრაინის რადას დეპუტატმა, თვით ევროსაბჭოს მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა – ოლექსი გონჩარენკომ „თვითერით“ გვამცნო, რომ უკრაინა მზადაა, დაიცვას კოსოვოელები, თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება (აბა?!).
სახელდობრ, ზემოხსენებული გონჩარენკოს ლოგიკა შემდეგნაირია: „...სერბეთი ცდილობს წამოიწყოს აგრესიული ომი, ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი პუტინის ტროას ცხენია ევროპაში. ომი საშინელებაა, ყველგან მსოფლიოში.”
თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, სერბეთის ისტორია სწორედ კოსოვოს ტერიტორიიდან იწყება (ისევე, როგორც ჩვენი ოკუპირებული შიდა ქართლიდან და აფხაზეთიდან) და, რაც მთავარია, ამ უსაზღვროობის წყალობით, ბ-ნი გონჩარენკო (ნებსით თუ უნებლიეთ, ტვინით თუ უტვინობით) ამართლებს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მხარდაჭერას, ვინაიდან, თუ კოსოვოს დამოუკიდებლობა ეკუთვნის, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ დამოუკიდებლები დონეცკი და ლუგანსკი?! – მოკლედ, არა მხოლოდ წაუკითხავ მხატვრულ წიგნებს, წაუკითხავ ისტორიის სახელმძღვანელოებსაც სჩვევიათ შურისძიება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან