პოლიტიკა

კარატალახებული

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვალუტადასაცვენები

შეიძლება, ითქვას, რომ ჩინეთის პირველკაცს კარი აუტალახეს, ჯერ აშშ-ის პრეზიდენტმა, შემდეგ კი – რუსეთისამაც. თუმცა არაფერი ვიცით, რაზე მოილაპარაკეს აშშ-ისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებმა, იმიტომ რომ ჩინელებს ბევრი ლაპარაკი არ სჩვევიათ, ხოლო აშშ-ის პირველკაცს კი მტერი ენდო: ერთს ამბობს და მეათეს აკეთებს. მაგრამ, თუ პეკინიდან დაბრუნებული ტრამპის მუქარას გავიხსენებთ, სხვათა შორის, ირანის მისამართით, რომ, თუ ჭკუაზე არ მოხვალთ, პირისაგან მიწისა აღიგვებითო, სავარაუდოდ, ჩინეთსაც დაუქნია თითი.

ვლ. პუტინს მეტად საზეიმოდ დახვდნენ ჩინელები, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპთან მას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელოდებოდა, პირველკაცი სი ძინპინი კი – მოშორებით. თავის მხრივ, ვლ. პუტინმა დაგვარწმუნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია და, ზედაც, შეგვახარბა, ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის მოდელს წარმოადგენსო. უპირველესად, უვიზო რეჟიმი გააგრძელეს ორ ქვეყანას შორის და გაზსადენ „სილა სიბირი 2-ის“ დეტალებზეც შეთანხმდნენ. რუსეთის პირველმა პირმა ყველას შეგვახსენა, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებლის როლს ინარჩუნებს. მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, ჩინეთიც პასუხისმგებლიანი მომხმარებელია. და არც იმის ხაზგასმა გამორჩენია, რომ (ამჯერად ციტატას მოვიშველიებ): „ჩვენი თანამშრომლობა (ანუ ჩინეთისა და რუსეთის) საგარეო პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისო ასპარეზზე სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.“ უნდა შევნიშნო, რომ პუტინის დელეგაციაც ისეთივე მრავალრიცხოვანი იყო, როგორიც ტრამპის და, მათ შორის, ჩინოვნიკების გარდა, ბანკების, „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ და სხვა ბიზნესსფეროს წარმომადგენლებიც ერივნენ.

ვიზიტის ნამდვილ მიზეზებს ჩვენ არავინ გვეტყვის, მაგრამ თავად ფაქტი, რომ აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტები ეახლნენ ჩინელ კოლეგას, მეტყველებს, რომ ჩინეთმა, იმას გარდა, რომ დიდი წონა აქვს, ვლ. პუტინს – ტრამპის ვიზიტის შემდეგ პომპეზური დახვედრით – ერთგვარი წითელი კოჭიც გაუგორა. ხოლო, რაკი ჩვენ პატარა, ანუ მცირერიცხოვანი ხალხი ვართ, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს სამი მიაღწევს კონსენსუსს და ამ შუა დერეფანში ბომბების ნაცვლად ვალუტა დაგვაცვივდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი