პოლიტიკა

ბოლშევიკური კლანჭებით

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 54 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ლიბერალიზმის სახე?!

ისე მოხდა, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთში სრულიად სომეხთა კათოლიკოსს შინაპატიმრობა მიუსაჯეს და, გემახსოვრებათ, ისეთი ბილწი აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაიმართა სომხეთის ეკლესიის მესვეურთა და სომხეთის პრეზიდენტს შორის, როგორც გურიაში იტყვიან, ყურიდან ყურში რომ არ შეიშვებოდა.

მეორე მხრივ, კარგა ხანია, საქართველოშიც ვაკვირდებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირების პროცესს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ვინმე როთმა (გერმანიიდან ჩამოსულმა) მოგვიწოდა, „ბნელი“ ეკლესიისთვის არ დაგვეთმო ახალგაზრდობა. მაგრამ, თუ გავიხსენებთ ზემოხსენებული როთის ოჯახურ მდგომარეობას (ის მამაკაცზეა დაქორწინებული), ბუნებრივია, მისთვის საქართველოს და, სავარაუდოდ, არა მხოლოდ საქართველოს ეკლესია სიბნელესთან ასოცირდება, ვინაიდან მისთვისვე სინათლე ისაა, არასრულწლოვნებს პროპაგანდის გავლენით სქესს რომ შეაცვლევინებ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველას თავისი პეიზაჟი აქვს.

ხოლო, რაკი აქვს, ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენსას მივყვებით, მაგრამ ცხოვრებაც ისეა მოწყობილი, რომ ზოგი ისე ფიქრობს და ზოგიც – სხვაგვარად, მით უმეტეს, თუ ფიქრში ფულსაც უხდიან ან, უბრალოდ, წაუგოიმებს (დიდად სახიფათო დაღია პროვინციალიზმი), თანაც, ჩვენს თანამედროვეთა შორის მრავლად იქნებიან მებრძოლ ათეისტთა შთამომავლებიც, გულდასმით რომ ანგრევდნენ ეკლესიებს და ხვრეტდნენ სასულიერო პირებს. სავარაუდოდ, ზემოდასახელებულ მიზეზთა გამო ეკლესიაზე შეტევა ლამის მარადიულ დღის წესრიგად იქცა (ერთი ისაა, ხან ნელდება, ხანაც – ძლიერდება) და იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს გამოსული ადამიანები საჯარო მოხელეებად შერაცხეს, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით გამოიყვანეს, თურმე, მსვლელობაზე (ის კი ვეღარ გათვალეს, რომ, თუ ამდენი დაქირავებით დასაქმებულია ჩვენს ქვეყანაში, ავშენებულვართ და ეგაა).

ერთი სიტყვით, საზოგადოების კონკრეტული სეგმენტის წარმომადგენლები ისევ გააქტიურდნენ და იმასაც შევესწარით, რომ მავანმა ტვინგახურებულმა მანქანით შეამტვრია საპატრიარქოს ჭიშკარი, შლაგბაუმი დააზიანა და პატრიარქი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. მე არ ვიცი, რამ შეაგულიანა ეს ჩვენი თანამემამულე, იქნებ, უბრალოდ, მებრძოლი ათეისტობის სისხლმა უყივლა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დასტურდება ეჭვი, რომ ამ თანამედროვე ლიბერალიზმს ბოლშევიზმის მეტად ბასრი ფარული კლანჭები აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი