შეაშინეთ, მაგრამ არ ესროლოთ!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.08, 2022 წელი

უფასო მრჩეველი ოკეანისგაღმიდან...
მაშინ, როდესაც ლამის სრულიად უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მოუწოდებდა, ომი გაეჩაღებინა რუსეთთან (სავარაუდოდ, ბოლო ქართველამდე, მაგრამ, როგორც პრეზიდენტყოფილი იტყოდა – ნურას უკაცრავად!), საქართველოში აშშ-ის ელჩი ქ-ნი დეგნანი, თუმცაღა კატეგორიულად უარყოფს, აშშ-ს არასდროს დაუძალებია და არც აპირებს, დააძალოს, ეომოს რუსეთსო, აცხადებს, რომ, როგორც არასდროს, ისეა მნიშვნელოვანი საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი (ჩემთვის, მართალია, გაუგებარია, მეტი რაღა უნდა დაუჭიროს საქართველომ, მაგრამ, ალბათ, ჩემი ტვინის ხვეულები ამ საქმეს ვერ ყოფნის).
სულ ახლახან კი ჩვენში არც თუ უცნობმა ადამ კიზინგერმა (აი, ტრამპს, ანუ საკუთარ პარტიას რომ უგანა, – არაფერი პირადული, მხოლოდ შტრიხია პოლიტიკოსის ბიოგრაფიიდან) დაგვიდასტურა, არავის მოვუწოდებთ ომში ჩართვისკენო, თუმცა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთვის იარაღის გადაცემა, ოღონდ არა იმიტომ, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედო...
აი, აქედან კი ციტატას მოვიშველიებ: „რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ (მეორე მხრივ, თუ მართლა გინდა, რომ თავი დავიცვა, „რკინის გუმბათი“ მაჩუქე და სპეციალისტებიც მოაყოლე).“
მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ეს ფრაზაა: „ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას.“ ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, თუმცა...
დიახ, თუმცა: იქნებ კიზინგერიც გონჩარენკოს არ იყოს არა მხოლოდ სკოლაში, ზოგადადაც, ცუდად სწავლობდა და ჩვენ ვგონივართ 145 მილიონი, რუსეთის მოსახლეობა კი, სულ რაღაც, 4 მილიონამდე?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან