„შარო, საიდან მოდიხარ“?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 26.11
ანუ სამხრეთიდანო...
თითქოს ჩვენი არ გაგვჭირვებოდეს, გეოპოლიტიკური ჯახის ერთ-ერთ წინა ხაზზე ვიმყოფებით, როდესაც რეგიონში გავლენისთვის ვეშაპები ეძიძგილავებიან ერთმანეთს, რომ აწ უკვე სამხრეთიდან შემოგვიტიეს სამხრეთულმა ვნებებმა. კერძოდ, თურმე „თურქეთი გააგრძელებს „ახალციხელი თურქების” მხარდაჭერას. მიხვდებოდით, რომ „მესხეთელი თურქების“ დაბრუნება იგულისხმება (თუმცა ჩემთვის კვლავაც გამოცანად რჩება, როგორაა შესაძლებელი, რომ მესხი იყო, ანუ ქართველი და, თანაც, თურქი?! მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა).
მოკლედ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს (ჰაქან ფიდანს) უბრძანებია, რომ თურქეთი ყველანაირად დაუჭერს მხარს მსოფლიოში მიმოფანტულ 500 ათასამდე „თურქ მესხს“ და ისიც გაუხსენებია, რომ 100 ათასი მათგანი 1944 წელს გადაუსახლებიათ „საუკუნოვანი სამშობლოდან“ (მაშასადამე, ახალციხის რეგიონიდან) და ამიტომაც არ დაიშურებენ ძალას მათ დასაბრუნებლად (დააკვირდით რიცხვს: 500 000!). თუ დავაკვირდებით განმარტებას: „საუკუნოვანი სამშობლო“, ანუ აქ მესხებზე კი არა, ეროვნებით თურქებზე უნდა იყოს საუბარი, იმიტომ რომ ჩვენი სამშობლო რამდენიმეათასწლიანია და, რაც მთავარია, მათგან, რომლებიც ახალციხიდან გაასახლეს რამდენიმე ათასი ადამიანიღა თუა დარჩენილი, რომელთათვისაც საქართველო, თუნდაც, საუკუნოვანი სამშობლოა. ხოლო დანარჩენებს არც კი უნდათ დაბრუნება (სურვილიც არ გამოუთქვამთ). ამის მიუხედავადაც, მეტად საინტერესოა ჩვენი სამხრეთელი სტრატეგიული პარტნიორის განაცხადი და ის მხოლოდ და მხოლოდ ერთს მოწმობს, რომ სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს ხალხური სიბრძნე: ვინც გეხმარება, ყველა შენი მეგობარი არ არის!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან