სექსი, როგორც დრონი?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 45 წუთის წინ
ომი და პორნოგრაფია
რაკი, სადაც ადამიანია, იქ ბევრი უცნაურობაა (რბილად რომ ვთქვა), არც უკრაინაა გამონაკლისი და თუმცა სად – ომი და სად – პორნოგრაფიაო, მაგრამ ეს ორი საკითხი ფრიად გადაიჯაჭვა უკრაინისა და რუსეთის ამ გააფთრებული დაპირისპირებისას.
კერძოდ, მოგეხსენებათ, საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში პორნოგრაფიის ლეგალიზების საკითხს განიხილავენ, ლოგიკით – გადასახადებით ბიუჯეტი შეივსება, ხოლო შემოსული ფული დრონების შესყიდვას მოხმარდებაო.
საქმე ის გახლავთ, რომ უკრაინაში საკმაოდ დიდი, ოღონდ უკანონო პორნოინდუსტრია ყოფილა (რომლის მასშტაბები ომსაც კი ვერ შეუმცირებია) და რუსეთთან ომის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საგადასახადო ორგანოებს გაურკვევიათ, რომ ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილი უკრაინული კონტენტის OnlyFans-ის თითქმის რვა ათასამდე ავტორს (მაშასადამე, მსუბუქი ყოფაქცევის პირებს) მხოლოდ და მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში 131 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოუმუშავებიათ.
მეორე მხრივ, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 27 მილიარდ დოლარს აღწევს და რაკი უკრაინელი კანონმდებლები ხაზინის შევსების გზებს ეძებენ, სწორედ ამ მიზნით დაუწყიათ მსჯელობა პორნოგრაფიის ლეგალიზებაზე, მით უმეტეს, რომ, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს (მომყავს ციტატა), „ეს ნაბიჯი შეიძლება, მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო აღმოჩნდეს იმ ქვეყნისათვის, რომლის რეპუტაცია უკვე საკმაოდ გასვრილია ქალების ექსპლუატაციითა და ლამაზმანების უცხოეთში ექსპორტით“.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, მაინც რა თანხას მიიღებს უკრაინის ბიუჯეტი, თუ პორნოგრაფია, ბოლოს და ბოლოს, ლეგალიზდება?! წინასწარი გათვლებით – წელიწადში 25 მილიონ დოლარს.
აქვე დავძენ, რომ კანონპროექტს უკვე განიხილავს უკრაინის „რადა“ და კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს პორნოს ლეგალიზებით ბიუჯეტში შესული თანხა უკვე გადაუყვანია დრონებში და უკრაინული საზოგადოება გაუხარებია, რომ ამ თანხით 30 ათას დრონს შეიძენენ.
რადგან არა მხოლოდ ტარანა, დრონებიც თვლითაა, ვფიქრობ, საფუძველს არ უნდა იყოს მოკლებული ასეთი რაციონალიზმი, თუმცა ჩემთვის უცნობია, უკრაინული პორნოგრაფიის მაყურებელი მხოლოდ უკრაინის მოსახლეობაა თუ უფრო შორს გაუვარდა სახელი, გვიწევს დავჯერდეთ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის განმარტებას, რომ, როგორც უნდა იყოს, ეს თანხა ჩრდილოვან ეკონომიკაში არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ (სჯობს, ციტატა მოვიშველიო): „ჩვენ უკვე საკმაოდ მოწიფული ერი ვართ, რომ ვაღიაროთ: ხალხი ომის დროსაც სექსით არის დაკავებული.“
მე არ ვიცი, საბოლოოდ, როგორ გადაწყდება საკითხი, მაგრამ ჯერჯერობით ლოგიკა ასეთია: სექსის რაც მეტი მოყვარული და მიმდევარი იქნება უკრაინაში, მით ბევრი დრონი დაატყდება თავს რუსეთის ტერიტორიას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





