პოლიტიკა

რატომ არჩია ბაქომ საქართველოსადმი შანტაჟისა და დაშინების გზა და როგორ გაუხსნა აზერბაიჯანს მადა სამხედრო წარმატებამ

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.10

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის გამო თბილისსა და ბაქოს შორის განხეთქილების მაგვარი პროცესი დაიწყო, რაც ახალი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დავით გარეჯსაც გვედავება, როგორც, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ბაქო ამ ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიის მკვიდრი ყველა ხალხის მემკვიდრეობას იჩემებს: ქართველების, ალბანელებისა და სომხების. ბუნებრივია, იბადება კითხვა: ვის მოტყუებას ცდილობს ბაქო, რადგან, წესით, კარგად უნდა მოეხსენებოდეთ, რომ, ყოველ შემთხვევაში, დავით გარეჯი და ისტორიული ჰერეთი არასდროს ყოფილა სახელმწიფო აზერბაიჯანის საკუთრება და ვერც იქნებოდა ობიექტურ მიზეზთა გამო. ამ თემაზე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი მაშინ, როდესაც თურქეთიც კი თავის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს არ ასაღებს თურქულად?

– თურქეთმა იცის, როდის მოვიდა ამ ტერიტორიაზე; იციან, რომ არც ტაო-კლარჯეთი და არც კონსტანტინოპოლი მათი დაარსებული არ არის და არც იქ აგებული ტაძრებია მათი, მათ ეს კომპლექსი არ აწვალებთ. ამიტომ თურქეთის სახელმწიფო პოზიციონირებს, როგორც რეგიონული ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, რომ მსოფლიო მოთამაშეების დონეზე ავიდეს. ამდენად, ის უფრო მზად არის იმისთვის, რომ მოგელაპარაკოს. მით უმეტეს, რომ ეს მეოცე საუკუნის დასაწყისში ანადგურებდნენ კულტურულ ძეგლებს, ოცდამეერთე საუკუნეში ამან აზრი დაკარგა, იმიტომ რომ ყველაფერი აღწერილია და აქედან გამომდინარე, თურქეთი, ამ მხრივ, უფრო მყარად გრძნობს თავს. შესაბამისად, აღიარებს სხვათა კულტურის ძეგლებს თავის ტერიტორიაზე. ასე რომ, თურქეთთან ეს ყველაფერი გარკვეულია.

– რა შედეგს მოუტანს აზერბაიჯანს სხვების კულტურის მითვისების მცდელობა და რამდენად გამართლებულია მისი ეს პოლიტიკა?

– სანამ შეკითხვას გავცემ პასუხს, მანამდე ერთი მარტივი რამ უნდა ვთქვა, პარტნიორებს, მეგობრებს, ბიძაშვილებს და ძმებს შორისაც კი არის ხოლმე გაურკვევლობები და ურთიერთპრეტენზიები. ეს ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესია, რომელიც უნდა მოგვარდეს პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებში. რაც შეეხება თვითონ აზერბაიჯანს: მას აქვს ორი მთავარი შიდა პრობლემა. პირველია საკუთარი ისტორია, რომელიც აკომპლექსებს მის მმართველ ელიტას. ძალიან კარგად იციან, რომ აზერბაიჯანი არ არის ერთგვაროვანი ეთნიკური სახელმწიფო და, საერთოდაც, აზერბაიჯანის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ისტორია მეოცე საუკუნიდან იწყება. შესაბამისად, ბუნებრივია მათ აქვთ სურვილი, რომ თავიანთი ისტორია გაამრავალფეროვნონ. და არა მარტო იმიტომ, რომ თავი წარმოაჩინონ, არამედ იმიტომაც, რომ შიდა ერთიანობა შეინარჩუნონ. აზერბაიჯანში მცხოვრებ ხალხებს ჩვენ აზერბაიჯანელებს ვუწოდებთ, მაგრამ თვითონ ხომ იციან, რომ ეს განსხვავებული ეთნოსებია?! სხვადასხვა წარსულით, სხვადასხვა ეროვნული თვისებებით.

– სხვადასხვა ღირებულებითაც კი.

– დიახ. ბევრი კავკასიური წარმოშობის ხალხია, ძალიან ბევრია თურქმანული წარმოშობის ხალხი, ირანული წარმოშობის და ასე შემდეგ. აქვთ თალიშების, ლეკების პრობლემები; ასევე, მცირე რაოდენობით დარჩენილია ალბანეთის წარმომადგენლობაც. ამდენად, ბუნებრივია, რომ ეს ისტორიული კომპლექსი აწუხებთ და ეს არა მარტო კომპლექსია, არამედ ერთიანობისთვისაც სჭირდებათ, აი, ჩვენ ერთგვაროვანი ხალხი ვართო. შევადაროთ საქართველოს მაგალითს: საქართველოში მცხოვრები ხალხი თავის დროზე დიდი სიამაყით ამბობდა, რომ ბორჩალოელები არიან. გვახსოვს ერეკლე მეორეს გვერდით ხუდია ბორჩალოელი, გვახსოვს ასპინძის ბრძოლაში, თუნდაც, კრწანისის ომში მონაწილე ბორჩალოელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. მაშინ არ იყო მოქალაქეობა, მაგრამ ისინი ერეკლე მეორის ქვეშევრდომები და პარტნიორები იყვნენ. დღეს ყველა ამ ადამიანს აზერბაიჯანელს ვეძახით, მაგრამ აზერბაიჯანს აქვს შიდა ეთნიკური პრობლემა და ამიტომ უნდა ერთგვაროვნების დამკვიდრება. ასე რომ, ეს პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია, რათა არ დადგეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ვინაიდან თითოეულ ამ ეთნიკურ ჯგუფს სხვადასხვა ისტორია და გზა აქვს. ამას გარდა, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანს გაუჩნდა შანსი, რომ იყოს დომინანტი და ლიდერი კავკასიაში. აი, ეს უკვე პოლიტიკური პროცესია. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ მოახერხა, არ ვლაპარაკობთ შიდა დემოკრატიაზე და ნელ–ნელა, სხვათა შორის, დიდი მინუსიდან დაიწყო განვითარება. დღეს უკვე საკმაოდ აქტიურად წარმოაჩენს თავს, როგორც მსოფლიო მოთამაშეს და აქვს პრეტენზია, იყოს კავკასიის ლიდერი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათი მადა იზრდება. ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა მოახერხა რეგიონში ურთიერთდაპირისპირებულ ძალებთან ბალანსი. ვგულისხმობ თურქეთსა და ისრაელს. ორივესთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა და, თუნდაც, ახლა, როდესაც თურქეთის დელეგაციამ დატოვა გაეროს სხდომა, როდესაც ისრაელის პრემიერი გამოდიოდა, აზერბაიჯანის დელეგაცია დარბაზში დარჩა და, როდესაც ამის გამო თურქეთმა საყვედური უთხრა, მათ მკაფიო პასუხი გასცეს: ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ და ამ საქმეში ნუ ჩაერევითო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მეშვეობით მოიგვარა აზერბაიჯანმა ბევრი პრობლემა, სწორედ თურქეთის ლობირებით გავიდა აზერბაიჯანი ძალიან დიდ ასპარეზზე, თურქეთს მაინც თავისი ადგილი მიუჩინა. მეორე მხრივ, რუსეთთანაც გარკვეულწილად მოაგვარა ურთიერთობა, მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციისა, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებით დაწყებული. ასევე, ირანისადმიც ზომიერ პოლიტიკას ატარებს და საომარი მოქმედებების დროსაც კი, როდესაც ირანი ამერიკის სამხედრო ბაზებს ბომბავდა, თუმცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო წარმომადგენლობებია, მას მაინც არ შეხებიან. ესეც ნათლად მეტყველებს, რომ აზერბაიჯანმა ამ მიმართულებითაც გამოიყენა თავისი რესურსი – ისლამური რესურსი, ანუ შიიტური განწყობები. სხვათა შორის, გასულ წელს თუ ამ წელს დაიწყო საუბარი ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნაზე. ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი დონის სამხედრო თანამშრომლობა ჰქონდათ, უხერხულობას არ უქმნიდა ფაქტი, რომ ისრაელში საელჩო არ ჰქონდათ.

– და ამიტომ ბაქოში იფიქრეს, რომ რატომაც არ უნდა მიიწერონ სრულიად კავკასიის ისტორია და კულტურა?

– ამ ძალიან ორგანიზებულად გადადგმული ნაბიჯებით მოვიდა აზერბაიჯანი დღევანდელ დონემდე და, როგორც გითხარით, ბუნებრივია, მადა გაეხსნა. ამ მადიდან გამომდინარე კი, მისი ტონალობაც შეიცვალა. არადა ჩემი გამოცდილებით მახსოვს, რომ, როდესაც დავით გარეჯის საკითხი იდგა, ქართული მხარე აქტიურობდა, როდესაც იქ პოლიგონი იყო განთავსებული, აზერბაიჯანელი არც კი გამოჩენილა და არც არავინ იღებდა იმ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ჩვენ გარდა. 1988 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო შეთანხმება, ჯერ ეროვნული მოძრაობის აქტიურობის შედეგად, შემდეგ კი ხელისუფლებაც ჩაერთო, ერთადერთი საკამათო საკითხი იყო ბერთუბანი, თორემ დანარჩენ ტერიტორიაზე აზერბაიჯანმა აღიარა საქართველოს იურისდიქცია, უხეშად რომ ვთქვათ. უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება, რომ ბერთუბნის ნაცვლად, რომელიც აზერბაიჯანის სიღრმეშია, სანაცვლო ტერიტორია გადაგვეცა. ანუ, ფაქტობრივად, პრობლემა მოგვარებული იყო, მაგრამ 2004-2005 წლიდან, როდესაც სააკაშვილისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის ძალიან დახურული მოლაპარაკებები დაიწყო, წინა პლანზე ეკონომიკური საკითხები წამოვიდა, რაღაც საერთო ფინანსური ინტერესები გაჩნდა, უკვე ნელ-ნელა აზერბაიჯანის საუბრის ტონალობა შეიცვალა. აქედან გამომდინარე, რატომღაც, ჩათვალეს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მზად არიან, აღიარონ აზერბაიჯანის ასეთი ქმედებები და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ჩვენს მესაზღვრეებს დავით გარეჯის კომპლექსის უფრო მეტსა და მეტ ტერიტორიებზე არ უშვებენ. ჩიჩხიტურიც კი საკამათო გახდა. იგივე პროცესი იყო ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებითაც: გასული საუკუნის 90-იანებში პრობლემა საერთოდ არ მდგარა, მაგრამ მერე ნელ-ნელა დაიწყო შეზღუდვები, ჯერ მხოლოდ გიორგობაზე დაუშვეს მასობრივი მლოცველები, დღეს კი პირდაპირ გამოაცხადა, რომ მისია.

– და ძალიან უცნაური იყო საქართველოს ეკლესიისადმი ასეთი უხეში დამოკიდებულების გამოვლენა.

– დიახ, ძალიან საშიში ფრაზა ითქვა, საქართველოს ეკლესია სომხეთის ეკლესიის გზას დაადგაო. ეს უკვე დაშინებასა და შანტაჟს ჰგავს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განგაშად უნდა ჩათვალოს და, შესაბამისად, გააანალიზოს. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეკლესია ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც 2004-ში, თუ არ ვცდები, აღადგინეს სოფლის, რომელშიც მცირე რაოდენობის ქრისტიანები ცხოვრობენ, ალბანეთის ზუსტი დასახელება და განაცხადეს, რომ იქაური ქრისტიანული ტაძრები ვითომ ამ ეკლესიის საკუთრებაა. ამის გამო საქართველოს ეკლესიამ განგაშის ზარები შემოკრა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მაშინდელმა და არც დღევანდელმა ხელისუფლებამ ამაზე არ გაამახვილა ყურადღება.

– გამოდის, გასდით და აკეთებენ.

– დიახ და ამ დროს აქ მთავარი პრობლემაა, ჩვენ როგორ ვუყურებთ ჩვენს სახელმწიფოს, როგორ წარმოგვიდგენია ამ საკითხის გადაწყვეტა. ეს არ არის არც ემოციით გადასაწყვეტი საკითხი და არც მიტინგებზე გადასაწყვეტი. ამას არ სჭირდება აჟიოტაჟი. ცალკე ხელისუფლებამ და ცალკე საზოგადოებამ, როგორც ილია ამბობდა, ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე ვაკეთოთ ჩვენი საქმეო. ერთიანი გეგმა, ერთიანი კონცეფცია უნდა დავისახოთ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. მოქმედების მექანიზმი – სახელმწიფო ინსტიტუციების მეშვეობით გადაწყვეტა და საზოგადოების აქტიურობა – მხოლოდ და მხოლოდ იმით უნდა გამოიხატებოდეს, რომ ხელისუფლებასთან ერთად გადაწყდეს პრობლემა. იმიტომ რომ ცალკე ხელისუფლებისა და ცალკე საზოგადოების მხრიდან აჟიოტაჟების ატეხვა საქმეს ვნებს. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილებები ამ ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ დროს მასის სათავეში ტვინგახურებული ადამიანები, ავანტიურისტები ან აგენტურა მოექცევიან ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე რადიკალურად ისინი იქნებიან და ეს არ მოიტანს დადებით შედეგს. ეკლესიამ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ უნდა ისაუბროს, მაგრამ უნდა ესაუბროს ხელისუფლებას და საზოგადოებამაც და ეკლესიამაც ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს, თქვი, რას აპირებ, ბოლოს და ბოლოს, არათუ ქურმუხის შესახებ, ასევე, არ ვიცით, რა ხდება დავით გარეჯში. 2003 წლამდე ეს ღია პროცესი იყო და ამ ღია პროცესში ჩვენ, ყველანი, ვიღებდით მონაწილეობას: ეროვნული მოძრაობა, პარლამენტი, სამინისტროები. ვიცოდით, ვინ ვის შეხვდა, რა გადაწყვეტილებები მიიღეს და ასე შემდეგ... ხელოვნურმა მტრობამ რეალობის განცდა დაგვაკარგვინა, რომ არსებობს სახელმწიფო საქართველო, რომელიც ჩვენი საზრუნავია. ამიტომ ძალიან შემაშფოთებელი სიტუაციაა. არ ვარ პესიმისტი, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ და სწორი ნაბიჯები გადავდგათ, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით, ძალიან დიდი გამოცდილებაა დაგროვილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი